კაბალა - (არაბ. – ვალდებულება, ხელწერილი)
1. ძვ. საქართველოში – იჯარა, სხვისი ქონებით სარგებლობის საზღაური. გვხვდება ნიკორწმინდის XI ს. სიგელში (მიწის „საკაბალოდ მიცემაჲ" და სახლსა „ზედა კაბალისა დადებაჲ"), დიდ სჯულისკანონსა (დაბის, სოფლის "მიკაბალებაჲ") და ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში (აქ საკაბალოდ გადაცემულად დასახელებულია ხარი);
2. ძვ. რუსეთში – პირადი დამოკიდებულების მძიმე ფორმა (ჩვეულებრივ, სესხთან დაკავშირებული), აგრეთვე სავალო ვალდებულების გამფორმებელი იურიდ. აქტი. ტერმინი ჩნდება XIV–XV სს. მიჯნაზე;
3. უკიდურესად მძიმე, მონური დამოკიდებულება ვინმეზე;
4. მოძღვრება იუდაიზმში.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., ტერმინ „კაბალაჲს" მნიშვნელობისათვის, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1978, [ტ.] 5; გ უ გ უ შ ვ ილ ი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ. 2, თბ., 1956; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929.
ი. ფუტკარაძე