კაბენი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს მდ. ასურეთისწყლის ხეობაში, სოფ. კიკეთის მახლობლად (ამჟამად თბილისის შემადგენლობაში, მთაწმინდის რ-ნი).
კომპლექსში შედიოდა:
ღვთისმშობლის მიძინების დიდი გუმბათოვანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქელ მთავარანგელოზის მცირე დარბაზული ეკლესიები. შემორჩენილი ნახატებისა და ფოტოსურათების მიხედვით კ-ის ტაძარი XIII ს. I ნახ. ქართ. ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი იყო. იგი მცირე ცვლილებებით იმეორებდა ბეთანიის გუმბათოვანი ტაძრის გეგმას (შიგა სივრცის საკითხიც იმდაგვარადვე იყო გადაწყვეტილი), მაგრამ, ამავე დროს, არსებითად განსხვავდებოდა მისგან ფასადების მორთულობის სისტემით, რ-იც სამთავის-იკორთის ტაძართა დეკორ. სისტემას იმეორებდა. მონასტრის ზღუდის გარეთ, ჩრდ.-აღმ-ით, ნატეხი ქვით ნაგები მომცრო დარბაზული ეკლესია დგას. ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ქვის კარგად გათლილი კვადრებით. მორთულობა შესრულებულია XII–XIII სს-ში შემუშავებული დეკორ. სისტემის მიხედვით. აღმ. ფასადის წარწერიდან ირკვევა, რომ ვინმე გიორგის ვაჟებს – „კ-ეს (კვირიკე?), ნიკოლოზს, ვასილს, ოქროპირსა და გრიგოლს" – თამარ მეფის დროს (XII ს. დასასრ. – XIII ს. დასაწყ.) დაუმთავრებიათ ადრე დაწყებული ეკლესიის მშენებლობა.
ლიტ.: Ш м е р л и н г Р. О., Д о л и д з е В. О., Б а р н а в е л и Т. В., Окрестности Тбилиси. Архитектурный путеводитель, Тб., 1960.
შ. საღარაძე