კაბერი

კაბერი, ნასოფლარი კასპის მუნიციპალიტეტში. მის მახლობლად, ძვ. სასაფლაოზე დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ეკლესია (X–XI სს.). ასომთავრული სამშ. წარწერის თანახმად იგი აგებულია 1014–27. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია არათანაბარი ზომის უხეში ქვით. ინტერიერის კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, ხოლო კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით და შელესილია.

შესასვლელი სამხრ. კედლის დას. ნაწილშია. ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე – სწორკუთხა ნიშები. კამარა ეყრდნობოდა საბჯენ თაღებს. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აღმ. ფასადის კედელს განსაკუთრებულ მხატვრულ ელფერს ანიჭებს მოსაპირკეთებელი ქვების წყობა. აქ სარკმლის სათაურზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი. დას. ფასადის ცენტრში ჩადგმულია ღია ყვითელი ფერის ოთხკუთხა ქვა. ქვაზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული სამშ. წარწერაა.

ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდ-ით – სამკვეთლო, სამხრ-ით – ეკვდერი. ეს უკანასკნელი, ეკლესიის სამხრ. კედლის მთელ სიგრძეზე, მოგვიანებით მიაშენეს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990; М е п и с а ш в и л и  Р. С., Памятники архитектуры X–XI веков в сел. Кабери и Гостибе, «ქართული ხელოვნება », 1979, ტ. 8 (სერია A).