კადენეცი ვასილ ივანეს ძე (დ. 3. I. 1938 სოფ. მერხეული, გულრიფშის მუნიციპალიტეტი), საზოგადო მოღვაწე. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.
საშ. სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართვ. სუბტროპიკული მეურნეობის ინ-ტის აგრონომიულ ფაკ-ტზე (დაუსწრებლად).
მუშაობდა სხვადასხვა პარტ. თანამდებობაზე: იყო საქართვ. კომპარტიის სოხუმის რაიონული კომიტეტის მდივანი (1976–77), საქართვ. ალკკ ცკ მდივანი (1977– 80), საქართვ. კომპარტიის სოხუმის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი (1980–91), აფხ. ასსრის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1980–91). 1993–99 კ. მუშაობდა საქართვ. საბაჟო სტრუქტურაში. მინიჭებული აქვს საბაჟო სამსახურის სახელმწ. მრჩევლის წოდება (1996).
1993 დააარსა საზ. ორგანიზაცია „საქართველოს კაზაკთა კავშირი“. არის მისი უმაღლესი ატამანი. დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.