კავალერიძე ივანე პეტრეს ძე (14. IV. 1887, სოფ. ნოვოპეტროვკა, უკრაინა, – 3. XII. 1978, კიევი), მოქანდაკე, მხატვარი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი. უკრაინის სახ. არტისტი (1969).
სწავლობდა კიევის სამხატვრო სასწავლებელში (1907– 09), პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1909–10), პარიზში, მოქანდაკე ნ. არონსონის სახელოსნოში (1911).
როგორც მოქანდაკე და მხატვარი 1911–15 მუშაობდა ფირმა „ტიმანი და რეინგარდტის“ მოსკოვის განყ-ბაში ი. პროტაზანოვისა და ვ. გარდინის „რუსული ოქროს სერიის“ ფილმების მხატვარ-დეკორატორად. იყო უკრაინის დრამის თეატრის რეჟისორი (1918–21), ხარკოვის ქანდაკების სახელოსნოს სამხატვრო ხელმძღვანელი (1924–28). საკუთარი სცენარებით გადაიღო კინოფილმები: „ღვარცოფი“ (1929), „პერეკოპი“ (1930), „შტურმის ღამეები“ (1931), „კოლიივშჩინა“ (1933), „პრომეთე“ (1935), რ-ებიც კინოს ისტორიაში მიჩნეულია ავანგარდულ ექსპერიმენტად („ანტიისტორიზმის“ ბრალდებით ეს ფილმები დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო).
კ-მ დიდი წვლილი შეიტანა უკრაინული დრამატული და საოპერო კლასიკის ეკრანიზაციის საქმეში [ფილმი-ოპერები: „ნატალკა პოლტავკა“ (1936), „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“ (1937) და სხვ.]. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მსახიობის გამოსახულებაზე პროფესიონალი საოპერო მომღერლის ხმის დადების ხერხი, რ-იც შემდეგ ფართოდ გავრცელდა მსოფლიო კინოხელოვნებაში. იყო მრავალი მონუმენტური ძეგლისა და სკულპტურული კომპოზიციის ავტორი. 1987 იუნესკოს ეგიდით აღინიშნა კ-ის დაბადების 100 წლის იუბილე.
მ. კერესელიძე