კავალი (Cavalli) მარინო, XVI ს. ვენეციელი დიპლომატი. ელჩი „საღვთო რომის“ იმპერატორთან საფრანგეთში (1543), კონსტანტინოპოლში (1560), რომში (1566). იგი თავისი დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ვენეციის სენატში პერიოდულად წარადგენდა „რელაციებს“, რ-ებიც დღეს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ წყაროს წარმოადგენს. მან დაგვიტოვა საინტერესო ცნობა ოდიშის მთავარ ლევან I დადიანის კონსტანტინოპოლში მოგზაურობის შესახებ (დაახლ. 1557), რ-მაც სულთანს დახმარება სთხოვა იმერეთის მეფის გიორგისა და გიორგი გურიელის კოალიციის წინააღმდეგ. სულთანმა მას 9 ხომალდი აჩუქა, მისცა დამხმარე ჯარი და ისე გამოისტუმრა.
ლიტ.: მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში (ევროპული წყაროების მიხედვით), თბ., 1981.
ე. მამისთვალიშვილი