კავთისხევის აკლდამა, XVI– XVIII სს. სამარხი ნაგებობა, მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევში, მონასელიანთ უბანში, თამარ დედოფლის გორაზე. აღმოჩენილია მიწის სამუშაოების დროს (შეისწავლეს 1963, ხელმძღვ. გ. ლომთათიძე). აკლდამა შედგება საკნისა და დრომოსისაგან (აკლდამაში განლაგებული საფლავისკენ მიმავალი გადახურული დერეფანი), რ-თა კედლები ნაგებია კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით. დრომოსის სიგრძეა 1,5 მ, სიგანე – 0,9–1,1მ, სიმაღლე – 1,0 მ. აღმ-იდან დრომოსი საკანთან დაკავშირებულია ისრულთაღიანი შესასვლელით და ოთხსაფეხურიანი კიბით. საკანი ოთხკუთხაა (2,8 მ × 2,3 მ × 3,0 მ), მრგვალგუმბათოვანი გადახურვით. კუთხეებში, 1,4 მ სიმაღლეზე, გადაყვანილია ისრული ტრომპები; აქედან იწყება აგურის წრიულგუმბათოვანი გადახურვა, რ-საც ზემოდან ადევს ფილაქვები, შემდეგ – ქვის გროვა და მიწაყრილი. საკნისა და დრომოსის კედლები დუღაბითაა ამოყვანილი. კედლები და იატაკი კირითაა შელესილი. საკნის სამხრ. და დას. კედლების ზედა ნაწილში დაყოლებულია შიდა მხარეს დაქანებული თიხის მილები. მათი გარე ნაწილი ყრუდაა დახშული, დანიშნულება გაურკვეველია. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება აღნიშნული პერიოდის ქართლ-კახეთის უმრავლესი ნაგებობისთვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები. ამ ნიშნების გათვალისწინებით კ. ა. იმავე პერიოდით თარიღდება.
ლიტ.: ჯ ი ნ ჯ ი ხ ა შ ვ ი ლ ი გ., კავთისხევის აკლდამა, წგ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.
რ. რუსიშვილი