კავთისხევის ლომისის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. თარიღდება ადრინდ. ფეოდ. ხანით. მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. კავთისხევის თხინვალაანთ უბანში. ეკლესია დარბაზულია სამხრ-ის მინაშენით (8,8მ × 8,7 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. ერთადერთი შესასვლელი სამხრ-ის კედელშია გაჭრილი და არქიტრავის ქვითაა გადახურული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო, თაღოვანი სარკმელია, ჩრდ-ით – ოთხკუთხა ნიში. სარკმლის ქვეშ მიდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის სამხრ. კედელში ძლიერ ვიწრო სარკმელია. ერთი სარკმელი დას. კედელშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რ-ის საბჯენი თაღი ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებს პროფილირებული კაპიტელები აქვს. მოგვიანებით დარბაზის კედლები შეულესავთ. სამხრ. მინაშენი, რ-ის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, წინა მხრიდან გახსნილია ორი ნახევარწრიული თაღით, რ-ებიც შეერთების ადგილზე მრგვალ, მასიურ ბურჯს ეყრდნობა. ბურჯის კაპიტელი მარტივი ფორმისაა, კუთხეები გამობურცული აქვს. ფასადის აღმ. ნაწილში ორი დიდი ქვის ლოდი თითქმის კედლის ნახევარს ავსებს. 2006–07 მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენითი სამუშაოები (არქიტ. ლ. მენთეშაშვილი).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.
თ. გერსამია