კავთისხევის კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. დგას სოფ. კავთისხევის (კასპის მუნიციპალიტეტი) მონასელიანთ უბანში. თარიღდება VII–IX სს-ით. ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (10,8მ × 7,65მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: გვერდის ნავები თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული, სამხრ. ნავის კედლები აქა-იქ მხოლოდ მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი, ძნელი გასარჩევია ჩრდ. ნავის გეგმა. შედარებით კარგადაა შემონახული შუა ნავი, მაგრამ აქაც კედლების ზედა ნაწილები დაზიანებულია, სახურავი – ჩანგრეული. შესასვლელი სამხრ-ითაა. მეორე, უფრო ვიწრო კარი, ჩრდ. ნავში გადის. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდ-ით – ერთი ნიში. ეკლესიაში კიდევ ორი სწორკუთხა სარკმელია. აფსიდის კონქიცა და დარბაზის ნახევარწრიული კამარაც წვრილი ქვითაა ამოყვანილი. ინტერიერში, განსაკუთრებით აფსიდში, ყურადღებას იპყრობს წყობაში ცერად ჩასმული მოზრდილი ქვების მწკრივები, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობად აღიქმება. ეკლესია მოგვიანებით შეულესავთ. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის წინ იდგა VII ს. კატაულას სტელა (ინახება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.
მ. მგალობლიშვილი