კავი, მიწის სახვნელი ძველი იარაღი (აჩაჩა). ამზადებენ ხისგან. შედგება მხარის, კბილის, ერქვნისა და სახნისისაგან. ცნობილი იყო ხევსურული, თუშური, კახური, ქართლური, მოხეური, მეგრული, იმერული, სვანური და სხვ. კ-ები. საქართვ. მთის ზოლში გავრცელებული იყო კ-ის ერთ-ერთი სახეობა ე. წ. კ ა ვ წ ე რ ა, რ-ის საშუალებითაც კაწრავდნენ სახნავ ფენას, რაც შემდეგ აადვილებდა ხვნის პროცესს.
კ-ს მიწათმოქმედებაში ენეოლითის ხანიდან იყენებდნენ. შუმერსა და ბაბილონში ძვ. წ. IV ათასწლეულში კ-ის რამდენიმე სახეობა იყო ცნობილი.
ლიტ.: ჩ ი ტ ა ი ა გ., შრომები, ტ. 1, თბ., 1997; ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960; მ ი ს ი ვ ე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1990; Ч и т а я Г. С., Земледельческие системы и пахотные орудия Грузии, კრ.: Вопросы этнографии Кавказа, Тб., 1952.
გ. ჯალაბაძე