კავკაზაგი (ნამდვ. გვარი – კ ა ჩ მ ა ზ ო ვ ი) ილია თადეოზის ძე (16. V. 1910, სოფ. ყევსელთა, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი, –18. II. 1994, თბილისი), ოსი პოეტი, მთარგმნელი. წერდა ოსურ და ქართ. ენებზე. ადრე დაობლებული მოხვდა კოჯრის, შემდეგ თბილ. საბავშვო სახლში.
1934 დაამთავრა ლენინგრ. სასცენო ხელოვნების ინ-ტი, 1937 – რუსთაველის სახ. თეატრთან არსებული სტუდია. იყო ოსური სახელმწ. თეატრის რეჟისორი, დრამატურგი, მსახიობი, მწერალთა სამხრ. ოსეთის განყ-ბის მდივანი, ჟურნ. „ფიდუაგის“ პ/მგ მდივანი და სხვ. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1925. გამოსცა ლექსებისა და პოემების კრებულები: „მზე“ (1940, ოსურ ენაზე), „ოქროს მთები“ (1955, ქართ. ენაზე), „ჩემი თბილისი“ (1960, ქართ. ენაზე), „საქართველოს საგალობელი“ (1968, კოლექტ. კრებ. „მზის სიმღერა“). ავტორია პიესების [„უკანასკნელი ხარკი“ (1939), „ისაყ ხარებათი“ (1944; იდგმებოდა ოსური თეატრის სცენაზე)], კინოსცენარებისა და მოთხრობებისა. ოსურად თარგმნა გ. ლეონიძის და სხვა ქართვ. პოეტების ლექსები. გამოსცა „ოსური ანდაზები“ (1955).
მ. შონია