კავკასია, ტერიტორია შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის. ვრცელდება კუმა-მანიჩის ღრმულიდან (რუს. ფედერაცია) თურქეთისა და ირანის საზღვრებამდე. ფართ. დაახლ. 440 ათ. კმ².
ტოპონიმი „კავკასია“, „კავკაზუს“, პირველად მოხსენიებულია ბერძენი დრამატურგის ესქილეს (დაახლ. ძვ. წ. 525–456) ტრაგედიაში „მიჯაჭვული პრომეთე“.
კ-ს კავკასიონის მთავარი ქედი ყოფს ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასია) და სამხრეთ კავკასიად (ამიერკავკასია). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე დას. და აღმ. კ-ს, რ-თაგან პირველი მოიცავს აზოვისა და შავი ზღვის აუზს, მეორე – კასპიის ზღვის აუზს.
რელიეფი კ-ის ტერიტ. ნახევარზე მეტი უჭირავს მაღალ მთებსა და ზეგნებს. ძირითადი ოროგრ. ერთეულებია: ჩრდილოეთ კავკასიის ვაკე, კავკასიონი, სამხრეთ კავკასიის ბარი, მცირე კავკასიონი, თალიშის მთები, სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი.
ჩ რ დ ი ლ ო ე თ კ ა ვ კ ა ს ი ი ს ვ ა კ ე შ ი გამოიყოფა 3 ნაწილი: ყუბანისპირა დაბლობი, სტავროპოლის მაღლობი და თერგ-კუმის დაბლობი.
კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი გადაჭიმულია ტამანის ნ.-კ-იდან აფშერონის ნ.- კ-მდე. მასაც 3 ნაწილად ყოფენ: დას. კავკასიონი (იალბუზამდე), ცენტრ. კავკასიონი (იალბუზსა და მყინვარწვერს შორის) და აღმ. კავკასიონი (მყინვარწვერის აღმ-ით). კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი (5642 მ). კ-ის ოროგრ. ღერძია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რ-ის ჩრდ-ით და სამხრ-ით გადაჭიმულია გვერდითი, გასწვრივი და გარდიგარდმო ქედები.
ს ა მ ხ რ ე თ კ ა ვ კ ა ს ი ი ს ბ ა რ ი ვრცელდება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. მისი სიგანე დას. საქართველოში – 90 კმ, აზერბაიჯანში –160 კმ აღწევს. იგი შემდეგ ნაწილებად იყოფა: კოლხეთის დაბლობი ირგვლივ მდებარე გორაკ-ბორცვებით, იმერეთის მაღლობი (ძირულის მასივი), შიდა ქართლის ვაკე, იორ-აჯინოურის ზეგანი, ალაზან-აგრიჩაის ვაკე, მტკვარ-არაქსის დაბლობი და მისი მომიჯნავე გორაკ-ბორცვიანი რეგიონები.
მ ც ი რ ე კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი გადაჭიმულია შავი ზღვიდან არაქსის ხეობამდე. აღმ-ით მისი გაგრძელებაა თალიშის მთები. მცირე კავკასიონი იყოფა აჭარა-თრიალეთის, ლოქ-ყარაბაღისა და ჩრდ. სომხეთის მთათა სისტემებად. მცირე კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია მთა გამიში (3724 მ) მუროვდაღის ქედზე.
თ ა ლ ი შ ი ს მ თ ე ბ ი მდებარეობს აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე. უმაღლესი მწვერვალია მთა გომურგოი (2477 მ).
ს ა მ ხ რ ე თ კ ა ვ კ ა ს ი ი ს ვ უ ლ კ ა ნ უ რ ი მთიანეთი წარმოადგენს მაღალი ვულკ. პლატოების, ქვაბულების, მასივებისა და ქედების ერთობლიობას. უმაღლესი მწვერვალია არაგაწი (4090მ).
ლ. მარუაშვილი
გ ე ო ლ ო გ ი უ რ ი ა გ ე ბ უ ლ ე ბ ა.
კ. შედის ხმელთაშუა ზღვის კოლიზიურ ოროგენულ სარტყელში და მასში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ტექტონ. ერთეულები: ჩრდილოეთ კავკასიის (სკვითური) ფილაქანი, კავკასიონის ნაოჭა სისტემა, სამხრეთ კავკასიის მთათაშუა არე, მცირე კავკასიონის (ანტიკავკასიონის) ნაოჭა სისტემა და არაქსის მთათაშუა როფი.
ჩ რ დ ი ლ ო ე თ კ ა ვ კ ა ს ი ი ს ფ ი ლ ა ქ ნ ი ს სუბსტრატი აგებულია კამბრიულამდელი და პალეოზოური მეტამორფიზებული ქანებით, რ-ებიც გადაფარულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული მოლასური და მეზოზოურ-კაინოზოური მძლავრი დანალექი საფრით. მიოცენურის ბოლოს (სარმატულ საუკუნეში), სტავროპოლის მაღლობის წარმოშობის გამო, ეს ფილაქანი აზოვ-ყუბანისა და თერგ-კუმის დეპრესიებად გაიყო, რ-თა სამხრ. დაძირულ ნაწილში ჩამოყალიბდა ნეოგენური მოლასებით ამოვსებული დას. ყუბანის, თერგ-კასპიური და კუსარო-დივიჩის მთისწინა როფები. ჩრდ. კავკასიის ფილაქნის სამხრ. კიდეზე გამოიყოფა აგრეთვე კიდურა მასივი, რ-იც ნეოგენურ დროში ჩაერთო კავკასიონის აზევებაში. მის შემადგენლობაშია: წინა ქედის, ბეჩასინის, ლაბა-მალკის ზონები, ჩრდ. კავკასიის მონოკლინი და დაღესტნის კირქვიანი ზონა.
კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი ს ნ ა ო ჭ ა ს ი ს ტ ე მ ა ხასიათდება მკაფიოდ გამოხატული ასიმეტრიული სტრუქტურით: სამხრეთისკენ გადაბრუნებული იზოკლინური დანაოჭებით მის სამხრ. ფერდობზე და სუსტად დანაოჭებული ან მონოკლინური აგებულებით მის ჩრდ. ფერდობზე. კავკასიონის სამხრ. ფერდობის აღმ. ნაწილში განვითარებულია სამხრეთისკენ მიმართული მსხვილი ტექტონ. ზეწრები (შარიაჟები). კავკასიონის ნაოჭა სისტემის შემადგენლობაში გამოიყოფა კავკასიონის მთავარი ქედის ზონა. მის ცენტრ. ნაწილში შიშვლდება კამბრიულამდელი და პალეოზოური ასაკის კრისტალური სუბსტრატი, რ-იც გაკვეთილია სხვადასხვა ასაკის გრანიტოიდული ინტრუზივებით. მის სამხრით გამოიყოფა ჩხალთა-ლაჰილის, ყაზბეგ-თფანის, მესტია-დიბრარის, ნოვოროსიისკ-ლაზარევსკოეს და გაგრა-ჯავის ზონები. ეს ზონები აგებულია შუა- და ზედაპალეოზოური სუსტად მეტამორფიზებული ქანებით (ჩხალთა-ლაჰილის ზონა), ქვედა და შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, ბაიოსური ვულკანოგენურ-დანალექი სერიით და ზედაიურულ-პალეოგენური ასაკის ფლიშური ნალექებით.
ს ა მ ხ რ ე თ კ ა ვ კ ა ს ი ი ს მ თ ა თ ა შ უ ა ა რ ი ს ფარგლებში გამოიყოფა ნეოგენურ-მეოთხეული მოლასური ნალექებით ამოვსებული რიონის (კოლხეთის) და მტკვრის მთათაშუა როფები და მათი გამყოფი ცენტრ. აზევების ზონა, სადაც ძირულის კრისტალურ მასივში გაშიშვლებულია კამბრიულამდელი და პალეოზოური ასაკის კრისტალური სუბსტრატი, რ-იც გადაფარულია მეზოზოურკაინოზოური ასაკის ტერიგენული, ვულკანოგენურ-დანალექი და კარბონატული ნალექებით.
მ ც ი რ ე კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი ს (ა ნ ტ ი კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი ს) ნ ა ო ჭ ა ს ი ს ტ ე მ ა შედგება აჭარა-თრიალეთის, ართვინ-ბოლნისის, სომხით-ყარაბაღის, სევან-ჰაქერის, კაფანის, მისხან-ზანგეზურის და ერევანორდუბადის ზონებისგან. აქ ხრამის, ლოქის, ახუნის, ასრიქჩაის და ცახკუნიაცის მასივებში ზედაპირზე შიშვლდება კამბრიულამდელი და პალეოზოური ასაკის კრისტალური სუბსტრატი, რ-იც გადაფარულია მეზოზოურ-კაინოზოური ასაკის დანალექი და დანალექვულკანოგენური წარმოშობის ქანებით. სევან-ჰაქერის ზონაში გაშიშვლებულია იურულ-ცარცული ასაკის ოფიოლიტური ასოციაციის ქანები, რ-ებიც ხშირად სერპენტინიტულ მელანჟად არის გარდაქმნილი.
სამხრ. კავკასიის ვულკანურ მთიანეთზე (ახალქალაქის პლატო, გეღამის, ვარდენისის ქედები და სხვ.) განვითარებულია ახალგაზრდა (მიოცენურ-პლიოცენური და მეოთხეული) ანდეზიტ-დაციტური, ბაზალტური და დოლერიტული ლავური ნაკადები.
ა რ ა ქ ს ი ს მ თ ა თ ა შ უ ა რ ო ფ ი სამხრ.-დას-იდან ესაზღვრება მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას. იგი წარმოიშვა ოროგენულ ეტაპზე და აგებულია ძირითადად მიოცენურ-პლიოცენური მოლასური ნალექებით, რ-ის ქვეშ ზოგან გაშიშვლებულია შუა და ზედაპალეოზოური, ტრიასული და იურული ქანები.
კ. მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. ტყვია-თუთიის საბადოებია ჩრდ. ოსეთსა და საქართველოში, სპილენძისა და მოლიბდენის – ყაბარდო-ბალყარეთსა კავ 426 და სომხეთში, რკინის – აზერბაიჯანში, მანგანუმისა და ქვანახშირის – საქართველოში, ნავთობაირისა – აზერბაიჯანში, ჩაჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებსა და აღმ. საქართველოში. კ. მდიდარია აგრეთვე მინერ. წყლებით, საშენი მასალებითა და სხვ.
ე. გამყრელიძე
ჰ ა ვ ა
კ. მდებარეობს ზომიერი და სუბტროპ. ჰავის სარტყლების საზღვარზე. კავკასიონი მნიშვნელოვანი კლიმატგამყოფია. იგი აბრკოლებს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების გავრცელებას სამხრეთისკენ, ხოლო სამხრეთის თბილი ჰაერისას – ჩრდილოეთისკენ და მკვეთრ კლიმ. კონტრასტს ქმნის ჩრდ. კავკასიასა და სამხრ. კავკასიას შორის. იანვრის საშ. ტემპ-რა ჩრდ. კავკასიაში –2, –5ºC; სამხრ. კავკასიის დას. ნაწილში (კოლხეთის დაბლობი) 4,5–6ºC; სამხრ. კავკასიის აღმ. ნაწილში (მტკვარ-არაქსისა და ლენქორანის დაბლობები) 1–3,3ºჩ. ზაფხულობით ტემპერატურული კონტრასტი ჩრდ. კავკასიასა და სამხრ. კავკასიას შორის მცირდება, დას. და აღმ. კავკასიას შორის კი უფრო შესამჩნევია. ივლ. საშ. ტემპ-რა კ-ის დას. ნაწილში 23–24ºC, აღმ. ნაწილში 25–29ºC, ჩრდ. კავკასიის დას. ნაწილში ჰავა ზომიერი კონტინენტურია (სტეპური), აღმ-ში კი – უფრო კონტინენტური და მშრალი (ნახევარუდაბნოსი). კოლხეთში ნოტიო სუბტროპ. ჰავაა, იცის რბილი ზამთარი და უხვი ნალექი (1200–1800 მმ და მეტი წელიწადში). ნოტიო სუბტროპ. ჰავაა ლენქორანის დაბლობზეც (ნალექები დაახლ. 1200 მმ-მდე წელიწადში), თუმცა ზაფხულის დასაწყისი აქ მშრალი იცის. მტკვარ-არაქსის დაბლობის ჰავა მშრალი სუბტროპიკულია (ნალექები 200–400 მმ წელიწადში, აღმ. ნაწილში – 200 მმ-ზე ნაკლებიც), ზამთარი რბილია, ზაფხული – ცხე- ლი. მსგავსი ჰავაა არაქსის შუა დინების ქვაბულსა და სამხრ. კავკასიის ვულკ. მთიანეთშიც.
მთიანი რელიეფის გამო კ-ს სიმაღლებრივი კლიმ. ზონალურობა ახასიათებს. ნალექები დიდი რაოდენობით (2500 მმ-მდე წელიწადში, ზოგან 4000 მმ-მდეც) მოდის დას. და ცენტრ. კავკასიონის სამხრ. და სამხრ.-დას. კალთებზე, მაქს. რაოდენობა (4520 მმ) კი – მთა მტირალაზე (მესხეთის ქედი). კავკასიონის კალთებზე 2000 მ სიმაღლეზე იანვ. საშ. ტემპ-რაა –8ºC, აგვ. 13ºC. უფრო მაღლა სუბალპ., ალპ. და ნივალური სარტყლებია. შავი ზღვის ჩრდ. სანაპიროზე (ნოვოროსიისკ-გელენჯიკის რ-ნში) ხმელთაშუა ზღვის ჰავაა, იცის ნოტიო ზამთარი და მშრალი ზაფხული.
მცირე კავკასიონის შიგა კალთების ჰავა ჰგავს კავკასიონის მოპირდაპირე სამხრ. კალთების შესაბამისი სარტყლების ჰავას. ტენიანობა აქაც დას-იდან აღმკენ კლებულობს. თალიშის ქედის კალთებზე ნოტიო ჰავაა. წელიწადში 1700 მმ ნალექი მოდის. სამხრ. კავკასიის ვულკ. მთიანეთის შიგა ნაწილში (სომხეთი) ჰავა უფრო კონტინენტურია, ვიდრე კავკასიონის ამავე სიმაღლის კალთებზე. აქ 2000 მ სიმაღლეზე იანვ. საშ. ტემპ-რაა –12 ºC, ივლ. 18ºC; თოვლის საფარი 4–5 თვეს დევს. ნალექები 450–550 მმ წელიწადში, ჩრდ. ნაწილში 600–700 მმ. 2200–2300 მ ზევით გაბატონებულია მაღალი მთის ნოტიო ჰავა გრილი ზაფხულით და ხანგრძლივი ცივი ზამთრით.
შიგა წყლები კ-ის მდინარეები ეკუთვნის შავი ზღვისა (მდ-ები: ყუბანი, ბზიფი, კოდორი, ცხენისწყალი, ენგური, რიონი, ჭოროხი და სხვ.) და კასპიის ზღვის (მდები: მტკვარი, არაქსი, ალაზანი, იორი, თერგი, არღუნი, სულაკი და სხვ.) აუზებს. მდ-ებს, რ-ებსაც მყინვარებში აქვთ სათავე, ახასიათებს ხანგრძლივი (დაახლ. 6 თვე) წყალდიდობა წლის თბილ პერიოდში; კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და სამხრ. კ-ის ვულკ. მთიანეთის არამყინვარულ მდ-ებს კი – უმთავრესად გაზაფხულზე. კავკასიონის სამხრ. კალთის მდებზეც ხშირია ზაფხულის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. ჩრდ. კ-ის არამყინვარული მდ-ების წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა (ზოგჯერ დაშრობაც კი) – ზაფხულში, იყინება ზამთარში. სტავროპოლის მაღლობს რწყავს მდ. ყუბანიდან გაყვანილი არხები. აღმ. კ-თვის ნიშანდობლივია ღვარცოფები. კ-ის კარსტულსა და ვულკ. რ-ნებში მდ-ები საზრდოობენ ძირითადად მიწისქვეშა წყლებით, ზედაპირული ჰიდროგრ. ქსელი სუსტადაა განვითარებული და მდინარეთა მეტი წილი მიწისქვეშ მიედინება. სანაოსნოა მდ-ების: მტკვრის, ყუბანისა და რიონის ქვემო დინებები. კ-ის მდინარეები მდიდარია ჰიდროენერგიით, მათზე აგებულია ჰესები და წყალსაცავები; მათ იყენებენ აგრეთვე სარწყავად და ხეტყის დასაცურებლად.
კ-ის ტბები გენეტიკურად მრავალგვარია. უდიდესი ტბაა სევანი, რ-იც ამუშავებს ჰესების კასკადს. აღმ. კ-ის ბარში არის მლაშე ტბები.
ლ. მარუაშვილი
მ ც ე ნ ა რ ე უ ლ ო ბ ა
კ-ის მცენარეული სამყაროს მრავალფეროვნებას განაპირობებს მისი ფიზ.- გეოგრ. ფაქტორთა სხვადასხვაგვარობა და გეოლ. წარსული. კ-ის მცენარეულობა თავისი შემადგენლობით ჰგავს ევრაზიისა და აფრიკის რეგიონთა მცენარეულობას. გვხვდება სხვადასხვა გეოლ. ასაკის მცენარეული ფორმაციაც, მ. შ. მესამეული ხანის რელიქტური ტყეების, უძველესი ხმელთაშუაზღვისპირეთის მთის ქსეროფიტებისა და სხვა მცენარეულობის ტიპები, რ-ებიც ზონალურად შემდეგნაირადაა განლაგებული: ჩრდ. კ-ის აღმ. ნაწილში, სამხრ. კ-ის აღმ. და სამხრ. ნაწილის დაბლობებსა და მთისწინეთში, ნაწილობრივ, 1000– 1400 მ სიმაღლის ქვესარტყელში უდაბნო და ნახევარუდაბნოა; სამხრ. კ-ის სამხრ. ნაწილში კი – თავისებური ღორღიანი უდაბნო (ე. წ. ჰამადა).
ველი (სტეპი) გავრცელებულია ჩრდ. კ-ის ბარში, კავკასიონზე, სამხრ. კ-ის აღმ. ნაწილის მთისწინეთსა და მცირე კავკასიონზე 2600 მ სიმაღლემდე. ჩრდ. კ-ის მთისწინეთში, სტეპისა და ფოთლოვანი ტყის სასაზღვრო ზოლში ლანდშაფტურად გამოსახულია ტყესტეპი. შედარებით უფრო ტენიან პირობებში ვითარდება ნაირბალახოვანი სტეპი – მდელოსტეპი. ზოგან (3000 მ სიმაღლემდე) ზონალურად მთის სტეპებთან შეთავსებულია მთის ქსეროფილური მცენარეულობა. ამავე სარტყელშია ქსეროფილური მეჩხერი ტყეები (ნათელი ტყეები, არიდული მეჩხერი ტყეები). კ-ის დიდი ნაწილი (მთიანეთი) ტყიანია; ტყეები გავრცელებულია დაბლობიდან 2700 მ სიმაღლემდე. დაბლობის ტყეების მთავარი მასივები გვხვდება კოლხეთში. მდინარისპირა ტყეები ინტრაზონალურად მოქცეულია სამხრ. კ-ის უდაბნოს სარტყელში. კ-ისთვის უნიკალურია სამხრ. კ-ის აღმოსავლური ჭადრის ჭალის ტყე. ჭალის ტყეებს თან ახლავს ლიანები. სამხრ. კ-ის დას. მთის ქვესარტყელში, ნაწილობრივ მთისწინეთსა და შუა სარტყელში, 200– 1200 მ სიმაღლემდე გავრცელებულია რელიქტური კოლხური ტყე – მრავალდომინანტური შერეულფოთლოვანი ტყე, რ-ის თავისებურებაა აგრეთვე მარადმწვანე ქვეტყე. ასეთივე რელიქტური შერეულფოთლოვანი ჰირკანული ტყეებია თალიშის მთების ქვესარტყელშიც, 600 მ სიმაღლემდე. შუა სარტყელში, 1300 მ სიმაღლემდე, გაბატონებულია მუხნარები, რ-საც სარტყლის ზედა ზოლში განსხვავებული ექსპოზიციის ფერდობებზე ენაცვლება წიფლნარები, უფრო მაღლა – ქართული მუხის მუხნარები. სამხრ. კ-ის აღმ. ნაწილში და კავკასიონის ჩრდ. კალთებზე ქვედა, ზოგან კი შუა სარტყელშიც (400–1600 მ) ფიტოლანდშაფტი შერეულია. სამხრ. კ-ის დას. ნაწილში ხშირია წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყით, ხოლო კ-ის სხვა ნაწილში – ბალახოვანი და მკვდარი საფრით. მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარი და სოჭნარი ხშირად წიფლის თანადომინანტობით, მარადმწვანე ქვეტყითა და ბალახოვანი საფრით გავრცელებულია სამხრ. კ-ის დას. ნაწილში, კავკასიონის ჩრდ.-დას. ნაწილში და აღმ. საქართვ. დას. რაიონებში 100–2100 მ-მდე. სამხრ. კ-ის აღმ. და სამხრ. ნაწილში ეს სარტყელი შენაცვლებულია მუხნარებით და წიფლნარებით. ფიჭვნარებს ქმნის 5 სახეობის ფიჭვი. ტყის სარტყელში, ხეობებში შერეულფოთლოვანი ტყეებია. მთის ტყის სარტყლის ზემოთ (1700–2300 მ სიმაღლეზე) სუბალპური მცენარეულობაა: ტანბრეცილი და მეჩხერი ტყეები, ბუჩქნარები, მაღალბალახეულობა და მდელოები. კ-ის დას. ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული სუბალპური მაღალბალახეულობა, რ-იც აღმოსავლეთსა და სამხრეთში მცირდება და ღარიბდება ფლორისტიკულად. ალპური მცენარეულობა გვხვდება 2200–3100 მ სიმაღლეზე. დიდი ფართობი უკავია გაძოვების შედეგად წარმოქმნილ მეორეულ ხალებს. სუბნივალურ სარტყელში (3100–3600 მ-ზე) შეკრული მცენარეული საფარი აღარ არის, მას ეკარგება ლანდშაფტური მნიშვნელობა, თუმცა გვხვდება ზედა ალპური მცენარეულობის ფრაგმენტები; მცენარეთა განლაგება აქ მეჩხერ-ჯგუფურია; მთელი რიგი მიკროფიტოცენოზებისა შექმნილია ენდემური გვარებით. ნივალურ სარტყელში (4000 მ-ზე მაღლა), სადაც შიშველი კლდეების, მარადი თოვლისა და მყინვარების ლანდშაფტია, იზრდება ყვავილოვანი მცენარეების 15–20 სახეობა. მცენარეული ტიპების მთელი რიგი ინტრაზონალური ხასიათისაა. კასპიისზღვისპირეთის კავ 428 დიუნების მცენარეულობა შუა აზიის ქვიშიანი უდაბნოების მცენარეულობის მსგავსია. მისგან განსხვავებულია შავი ზღვის რიყის – ქვიან-ქვიშიანი პლაჟის (ლიტორალის) მცენარეულობა.
მ. სახოკია
ც ხ ო ვ ე ლ თ ა ს ა მ ყ ა რ ო
კ-ში ცხოველთა სამყარო ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია ორი სახეობის ჯიხვი (დას. კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრ. კ-ის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპურ მდელოებზე – ნიამორი და არჩვი. აღმ. კ-ის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდ.-აღმ. კ-ში – საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კ-ის სამხრ. ნაწილში ალაგ-ალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში – მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავლადაა წყლის მემინდვრია, კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა; მწერიჭამიებიდან – თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვ.; ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი.
ფრინველებიდან ენდემურია კავკასიური და კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო, კოლხური ხოხობი, შავთავა ჩხიკვი. ბევრგანაა კაკაბი, გნოლი, იშვიათად გვხვდება დურაჯი. აღმ. კ-ის ველებზე გამოსაზამთრებლად მოფრინავს სავათი და სარსარაკი. მაღალმთაზე ბინადრობს მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, მაღრანი, ალპური მთიულა და სხვ.
ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხმელეთისა და წყლის კუ, გეკონები, ჯოჯო, ხვლიკები, ველის მახრჩობელა, მცურავები, ანკარები, გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ენდემური კავკასიური გველგესლა და სხვ. ამფიბიებიდან – ენდემური კავკასიური ბაყაყი, კავკასიური ჯვრიანა, კავკასიური სალამანდრა (ეკუთვნის ენდემურ გვარს) და სხვ.; წყალსატევებში დიდი რაოდენობითაა კალმახი, მურწა, წერი, შამაია, ხრამული, კობრი, ზოგან ზუთხი, ორაგული და სხვ., უხერხემლო ცხოველთაგან ბევრია ენდემური სახეობა. კავკასიაში ობობის ათასზე მეტი სახეობა ბინადრობს.
დროთა განმავლობაში კ-ის ფაუნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. მრავალი სახეობა მოისპო, მაგ., ათი საუკუნის წინ – ლომი და კულანი (გარეული ვირი), XVII ს-ში – ავაზა, XVIII ს-ში – თახვი და ცხენ-ირემი, ხოლო XX ს. დასაწყისში – კავკასიური დომბა და თურანული ვეფხვი.
კ-ში აკლიმატიზებულია ნუტრია და ენოტისებრი ძაღლი, ალთაური ციყვი (ჩრდ. კ-ში), ტელეუტური ციყვი, ამერიკული წაულა (საქართველო, აზერბაიჯანი), ენოტი (აზერბაიჯანი) და სხვ.
ა. ჯანაშვილი
ლ ა ნ დ შ ა ფ ტ ე ბ ი
კ-ის ლანდშაფტი მრავალფეროვანია. ჩრდ. კ-ის ვაკის ლანდშაფტები მიეკუთვნება ზომიერ სარტყელს, სამხრ. კ-ისა – სუბტროპიკულსა და კონტინენტურს. ჩრდ. კ-ის დას. და შუა ნაწილში გაბატონებულია სტეპური ლანდშაფტი, რ-ებიც სტავროპოლის მაღლობზე, კავკ. მინერ. წყლების რ-ნში, სუნჯის ქედის დას. ნაწილსა და კავკასიონის მთისპირა ვაკეებზე ტყესტეპურ ლანდშაფტში გადადის. კარბონატული და გამოტუტული ნოყიერი შავმიწანიადაგიანი სტეპი თითქმის მთლიანად ათვისებულია. ტყესტეპში და კავკ. მინერ. წყლების რ-ნის მთის კალთებზე ფართოფოთლოვანი ტყეებია (წიფელი, რცხილა, მუხა, იფანი). ჩრდ. კ-ის აღმ. ნაწილში აბზინდიანი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია ღია წაბლა ნიადაგით. თერგისა და სულაკის დელტაში – ლელიანების, ჭაობისა და მდელოს ლანდშაფტებია.
მტკვარ-არაქსის დაბლობზე და აფშერონის ნ.-კ-ზე გავრცელებულია აბზინდიანი, ჭანგიანი და ეფემერული სუბტროპ. ტიპის ნახევარუდაბნოს ლანდშაფტები. აქ მდელოს რუხ და რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე მოჰყავთ ბამბა და სხვა კულტურები; უხნავი მიწები საზამთრო საძოვრებადაა გამოყენებული. კოლხეთისა და ლენქორანის დაბლობებზე ნოტიო სუბტროპიკების ლანდშაფტებია. აქ ვაკის ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია და ადგილი გამოყენებულია სხვადასხვა სუბტროპ. კულტურის პლანტაციებისა (კოლხეთში) და ბრინჯის (ლენქორანში) ნათესებისათვის. შემორჩენილია მურყნის დაჭაობებული ტყეების ფრაგმენტები, ჭაობის სუბტროპ. ლანდშაფტები. ჭაობების დიდი ნაწილი ათვისებულია.
კ-ის მთიან ლანდშაფტებში შემდეგი სიმაღლებრივი ტიპებია: კავკასიონზე – მთა-ტყის, მთამდელოსი და გლაციალურ-ნივალური; მცირე კავკასიონზე – მთატყისა და მთა-მდელოსი; სამხრ. კ-ის ვულკ. მთიანეთზე – ვულკ. მთა-სტეპისა და მთა-მდელოსი; თალიშის მთებში – მთა-ტყისა და მთა-სტეპის. სუბტროპ. ტყიანი ლანდშაფტები გავრცელებულია 500–600 მ სიმაღლემდე კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და თალიშის მთების ძირას; სამხრ. კ-ის დას. ნაწილში, განსაკუთრებით აჭარა-გურიაში, ტიპობრივი სუბტროპ. ტყეებია მრავალრიცხოვანი რელიქტებით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით, ქვეტყითა და ლეშამბოთი. სამხრ. კ-ის აღმ. ნაწილში, მთის ყავისფერ ნიადაგზე, ქსეროფილური სუბტროპ. ტყეებია. კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთებში გაბატონებულია მთა-ტყის ლანდშაფტები. სამხრ. კ-ში სუბტროპ. ტყეების ზევით, მთა-ტყის ქვედა სარტყელში (თალიშში შუა სარტყელშიც) მუხნარი და რცხილნარია, უფრო მაღლა – წიფლნარ-რცხილნარი. კავკასიონისა და მცირე კავკასიონის დას. ნაწილში გავრცელებულია მუქწიწვოვანი ტყეები, კავკ. ნაძვი და კავკ. სოჭი („მთის ტაიგა“), ხოლო ცენტრ. კავკასიონის ჩრდ. კალთასა და აღმ. კავკასიონზე – ფიჭვნარი, ხშირად არყნარით. კ-ის მთის ტყეებში ჭარბობს მთის ტყის ყომრალი ნიადაგები. მთის ტყეები იძლევა ძვირფას მერქანს, იცავს ნიადაგს ეროზიისგან და აწესრიგებს მდინარეთა ჩამონადენის რეჟიმს. მთის შავმიწებზე განვითარებული მთასტეპის ლანდშაფტი ფართოდაა გავრცელებული აღმ. კავკასიონის ჩრდ. კალთაზე (დაღესტანი), აგრეთვე სამხრ. კ-ის ვულკ. მთიანეთის მაღალ ვაკეებზე, პლატოებსა და სერებზე. კავკასიონის, მცირე კავკასიონისა და სამხრ. კ-ის ვულკ. მთიანეთის მაღალ მთებში მთის მდელოს (სუბალპ. და ალპ.) ლანდშაფტებია. ყველაზე უფრო კონტინენტურ რეგიონებში მთამდელოს ცვლის მდელოსტეპი. სუბალპ. სარტყლის ლიხს (მაღალბალახოვანი მდელო) იყენებენ სათიბებად და საძოვრებად, ხოლო მთის მდელოთა ტორფიან ნიადაგებზე განვითარებულ ალპ. სარტყლის დაბალბალახიან მდელოებსა კავ 429 და ალპ. ხალებს – საზაფხულო საძოვრებად. ალპ. სარტყლის ზედა, სუბნივალურ ქვესარტყელში ნიადაგ-მცენარეული საფარი წყვეტილია, ალაგ-ალაგ კლდეები და ლოდნარი გაშიშვლებულია. კავკასიონის თხემურ ზოლში, მცირე კავკასიონისა და სამხრ. კავკასიის მთიანეთის უმაღლეს მთებზე გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტია (მყინვარები, ფირნის ველები და ჭიუხები).
კ-ში გვხვდება ლანდშაფტის აზონალური ტიპებიც: კარსტული (კავკასიონის ჩრდ. კალთა, სამხრ. კალთის დას. ნაწილი), ვულკანური (იალბუზი, ხევ-მთიულეთის კავკასიონი, სამხრ. კავკასიის ვულკ. მთიანეთი), ტალახიანი ვულკანებისა (აფშერონისა და ტამანის ნ.-კ-ები) და სხვ.
ბუნებრივი ლანდშაფტები დაცულია იმერეთის მღვიმეების, ვაშლოვნის, თუშეთის, ბაწარაბაბანეურის, კინტრიშისა და მტირალას, ლაგოდეხის, რიწის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, ბიჭვინთა-მიუსერის, დილიჯანის, ზაქათალის, თებერდის, ლიახვის, მარიამჯვრის, ფსხუ-გუმისთის, ყიზილაღაჯის ნაკრძალებში, კოლხეთის, ბორჯომ-ხარაგაულის, თბილისის, ალგეთის, ყაზბეგის ეროვნულ პარკებში, აჯამეთის, ქციატაბაწყურის, ჭაჭუნის აღკვეთილებში.
კ. მნიშვნელოვანი საკურორტო რ-ნია, ტურიზმისა და ალპინიზმის ერთ-ერთი ცენტრი ევროპაში, რაც უპირატესად განაპირობა მისმა უნიკალურმა ბუნებრივმა ლანდშაფტებმა, მრავალფეროვანმა საკურორტო-რეკრეაციულმა რესურსებმა, ისტ.-კულტ. ძეგლების სიუხვემ და სხვ.
ლიტ.: მ ა რ უ ა შ ვ ი ლ ი ლ., კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 1–3, თბ., 1975–86; საქართველოს ბუნება – ჩვენი ფასეულობები, თბ., 2013; ქსე, ტ. 5, თბ., 1980.
ლ. მარუაშვილი
მ ო ს ა ხ ლ ე ო ბ ა
ა ნ თ რ ო პ ო ლ ო გ ი უ რ ი შ ე მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა
კ. მრავალეროვანი ხალხების სამშობლოა, ამავდროულად ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიზნებით და შემდეგ აქ სამუდამოდ დარჩენილ მრავალრიცხოვან მოსულთა თავშესაფარიც.
უახლესი ისტორიის თანამედროვე ეტაპზე კ-ის რეგიონი თავისი ეკონ., კულტ. თუ მრავალეროვანი კონფლიქტების პრობლემატიკით მსოფლიოს აქტუალური და ურთულესი რეგიონია.
კ-ის ანთროპოლ. შესწავლა დაახლ. 150 წლის წინ დაიწყო. კ-ის უძველეს მოსახლეობაში ძირითადად ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ტიპი გამოიყოფა: ხმელთაშუაზღვისპირული, რ-იც წარმოდგენილია პონტოური და კასპიისპირული ტიპებით და ე. წ. წინააზიურით. მათ შიგნით კიდევ მრავალი ერთმანეთისაგან განსხვავებული ლოკალური ვარიანტი არსებობს. ასევე თავისებურებით გამოირჩევა ნოღაელთა ანთროპოლ. ტიპი, რ-ებიც მონღოლური რასის წარმომადგენლები არიან ჩრდ. კ-ში. ხმელთაშუაზღვისპირული რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ ჩრდ. კ-სა და წინა კ-ის ზოგიერთ დაბლობ ტერიტორიებზე, მაგ., ყუბანისპირეთში. მათ ახასიათებთ ვიწრო და გრძელი თავის ქალა, ვიწრო, მაღალი და მკვეთრად პროფილირებული სახე, დახვეწილი ყვრიმალი, ვიწრო და მკვეთრად გამოხატული ცხვირი და ა. შ. ჩრდ. კ-ის დაბლობ ადგილებში აგრეთვე გავრცელებული იყო მისგან მკვეთრად განსხვავებული ტიპი, ზომიერი სიგრძისა და სიგანის თავით, ფართო და ნაკლებად პროფილირებული სახით, ზომიერად გამოხატული ყვრიმალით.
კ-ის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლ. შემადგენლობაში გამოიყოფა სამი დიდი რასობრივი ტიპი: 1. ადიღური (კ-ის ჩრდ.-დას. ნაწილი); 2. დასავლურ-კასპიური (კ-ის კასპიისპირეთი), რ-იც ადიღურისაგან გასხვავდება მუქი პიგმენტაციით და ზოგიერთი სხვა ნიშნით. იგი გვხვდება აზერბაიჯანელებსა და დაღესტნელებშიც. ამ ტიპის მსგავსი ფორმები შეინიშნება ჩრდ. ინდოეთის, ავღანეთისა და შუა აზიის ევროპეოიდურ მოსახლეობაში. სამეცნ. ლიტერატურაში ხშირად მათ აღსანიშნად იყენებენ ტერმინს – ინდოხმელთაშუაზღვისპირული რასის ინდოპამირული განშტოება. 3. ცენტრალურ კ-ში ცხოვრობს წინააზიური ტიპი, რ-საც ახასიათებს საკმაოდ ფართო, მაგრამ მკვეთრად პროფილირებული სახე, ვიწრო, მაღალი და მკვეთრად გამოხატული ცხვირი, განვითარებული თმის საფარი და სხვ. ეს ტიპი გავრცელებულია თანამედროვე ქართველების ნაწილში, სომხებში, დას. აზერბაიჯანელებსა და დაღესტნელებში, ჩრდ. კავკასიელ მთიელთა ზოგიერთ ჯგუფში და სხვ. ამ ტიპის ანალოგიები წინააზიის თანამედროვე მოსახლეობაშიც გვხვდება.
ამავე დროს კ-ის თანამედროვე მოსახლეობაში ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული ლოკალური ქვეტიპების არსებობაა დაფიქსირებული.
ე თ ნ ი კ უ რ ი შ ე მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა
საუკუნეების მანძილზე კ-ში შემოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ სხვადასხვა ეთნოსები. ამ ფაქტორებმა გამოიწვია როგორც კ-ის მოსახლეობის რაოდენობრივი გაზრდა, ისე ეთნიკური შემადგენლობის გამრავალფეროვნება.
XXI ს. 10-იანი წლებისათვის კ-ში ცხოვრობდა 50-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების ხალხი. თანამედროვე კ-ის მოსახლეობის ერთ მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენს ადგილობრივი – ავტოქთონური მოსახლეობა, რ-საც სამეცნ. ლიტ-რაში ქართველურ-კავკასიურ ერთობად, ენათმეცნიერებაში კი იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახად მოიხსენიებენ. იბერიულკავკასიურ ენათა ოჯახის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია ქართველები. ამ ოჯახში აგრეთვე შედის აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნური ენათა ჯგუფები. ქართველები ცხოვრობენ კავკასიონის შუა ნაწილის სამხრ. ფერდობზე. ამ ენათა ოჯახის ენებზე მოლაპარაკე ყველა ხალხი, აფხაზების გარდა, კავკასიონის ჩრდ. ფერდობზეა განსახლებული. აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში შედიან ერთმანეთის მონათესავე ადიღეელები (ადიღესა და კრასნოდარის მხარის მეზობელი რ-ნები), ჩერქეზები (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) და ყაბარდოელები (ყაბარდობალყარეთის დაბლობი ტერიტორია და ჩრდ. ოსეთის მოზდოკის რ-ნი). ამ ჯგუფში შედიან ასევე აფხაზები და აბაზები (ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის ჩრდ. ნაწილში), ასევე დღეისათვის გამქრალი უბიხები. იბერიულკავკასიურ ენათა ოჯახის მესამე ჯგუფია ნახური ენების ჯგუფი, რ-შიც შედიან ჩაჩნები (ჩაჩნეთისა და ინგუშეთის აღმ. და ცენტრ. რ-ნები და დაღესტნის ხასავიურთის რ-ნი) და ინგუშები. ჩაჩნები და ინგუშები ახლო მონათესავე ენებზე ლაპარაკობენ და ამიტომ ზოგჯერ მათ აერთიანებენ ერთ ეთნიკურ ერთეულად – „ნახი“, „ვეინახი“. ინგუშები ძირითადად ცხოვრობენ ჩაჩნეთის და ინგუშეთის დას. რ-ნებსა და მის მომიჯკავ 430 ნავე ჩრდ. ოსეთის ზოგიერთ რნში. ენობრივად ჯგუფში შედიან ბაცბები, იგივე წოვა-თუშები, რ-ებიც საქართველოში, კერძოდ, ახმეტის რ-ნში ცხოვრობენ. ჩრდ. კ-ში იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ოჯახის ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს დაღესტნური ჯგუფი წარმოადგენს. დაღესტნურ ენათა ჯგუფი თავის მხრივ იყოფა 4 ქვეჯგუფად: ხუნძური, დარგუული, ლაკური და ლეზგიური. ხუნძურ ქვეჯგუფში გაერთიანებული არიან მთიანი დაღესტნისა და აზერბაიჯანის ჩრდ.-დას. რნის მოსახლეობა, ასევე ხუნძებთან თითქმის შერწყმული მცირერიცხოვანი ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები – ანდიელები, ბოთლიხელები, ღოღობერიელები, ჭამალელები, კვანდელები, ტინდიელები, ყარადაღელები, ახვახელები, ცეზები, ჰინუხები, ხვარშიელები, ბეჟიტელები, ჰუნზიბელები, არჩიბელები. დარგუულ ქვეჯგუფში შედიან შუა დაღესტნის მთიანი და მთისპირა ტერიტორიების დარგუელები, ხაიდაყელები და კუბაჩელები. მესამე ქვეჯგუფის ლაკური მოსახლეობა ცენტრ. დაღესტნის მთებში ცხოვრობს, მეოთხე ლეზგიურ ქვეჯგუფში შედიან დაღესტნის აღმ. და აზერბაიჯანის ჩრდ. რ-ნების ლეზგები, დაღესტნის სამხრ.-აღმით მცხოვრები თაბასარანელები, დაღესტნის სამხრ-აღმ-ის მაღალმთიან ზონაში მცხოვრები აღულები, სამხრ. დაღესტანსა და მდ. სამურის ზემო წელზე მოსახლე რუთულელები, მათ დას-ით მცხოვრები წახები, ასევე ჩრდ. აზერბაიჯანის მცირერიცხოვანი ხალხები – უდიები, ბუდუხები, კრიწები და ხინალუღები.
არსებობს მოსაზრება, რომ იბერიულ-კავკასიურ ოჯახში შემავალი ხალხები და მათი ენები გენეტიკურად ენათესავებიან ქართველებს და ქართველურ ენებს, რ-ებიც იბერიულ-კავკასიური ენობრივი ოჯახის სამხრეთ, ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მეცნიერი არ თვლის დამტკიცებულად დებულებას იბერიულკავკასიური ოჯახის ყველა – ოთხივე ჯგუფის გენეტიკური ნათესაობის შესახებ.
კ-ის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წარმოადგენს ინდოევროპულ ენათა ოჯახში შემავალი ხალხები. მათგან ზოგიერთი დიდი ხნის წინ დასახლდა ჩრდ. კ-ში.
ინდოევროპული ოჯახის ირანულენოვან ჯგუფს მიეკუთვნებიან ჩრდ. კ-ში დასახლებული ოსები, რ-თა ნაწილი გვიანი საუკუნეების რთული მიგრაციული პროცესების შედეგად საქართველოს ტერიტ-ზე აღმოჩნდნენ. ირანულენოვან ჯგუფში შედიან აზერბაიჯანის ჩრდ.-აღმ-ით და დაღესტნის სამხრ. ტერიტ-ებზე მცხოვრები მცირერიცხოვანი თათები, რ-თაც იუდეური რწმენის გამო ხშირად „მთის ებრაელებსაც“ უწოდებენ. ამ ჯგუფში არიან საქართველოში, სომხეთსა, და აზერბაიჯანში მცხოვრები ქურთები და აზერბაიჯანის სამხრ.-აღმ. ნაწილში განსახლებული თალიშები. ინდოევროპულ ენათა ოჯახის ცალკე ჯგუფს წარმოადგენს სომხური ენა. სომხები სომხეთის სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ. ისინი ცხოვრობენ საქართველოშიც, კერძოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, აგრეთვე მთიან ყარაბაღსა და კ-ის ქალაქებში.
ენათა ამ ოჯახის კიდევ ერთი ჯგუფის მატარებლები არიან კ-ში მცხოვრები რუსები და უკრაინელები. მათი პირველი დასახლებები წინა კ-ში საკმაოდ ადრე წარმოიშვა, რაც რუსეთის სახელმწიფოში დაწყებულ სოც. ბრძოლასა და ასევე უკვე XVI ს-იდან სამხრ-ის მიმართულებით რუსეთის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებასთან იყო დაკავშირებული. რუსული მოსახლეობის ზრდას კ-ში არათანაბარი ტემპები ახასიათებდა. განსაკუთრებით ფართო და ინტენსიური მასშტაბი ამ პროცესმა XVIII–XIX სს. მიიღო, როდესაც რუსეთმა კ-ის დაუფლებისათვის ბრძოლაში ტრადიციულ მეტოქეებზე – თურქეთსა და ირანზე საბოლოო გამარჯვებას მიაღწია. დღეს კ-ში რუსები სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში ცხოვრობენ, ასევე ნაწილობრივ სამხრ. კ-ის სამივე სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციის ჩრდ. კავკასიურ სუბიექტებში, უკრაინელები – ძირითადად კრასნოდარის მხარეში. ჩრდ. კ-ის რუსი და უკრაინელი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თერგისა და ყუბანის კაზაკები შეადგენენ.
კ-ში მცხოვრები ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ენებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანის აზერბაიჯანელები, აგრეთვე საქართველოს, სომხეთის, დაღესტნის მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობა, ასევე ყუმუხები (კუმიკები), რ-ებიც ძირითადად დაღესტანში ცხოვრობენ. ამ ოჯახის ყივჩაღურ ქვეჯგუფს მიაკუთვნებენ მონათესავე ყარაჩაელებს და ბალყარებს, რებიც ამჟამად ყარაჩაი-ჩერქეზეთის სამხრ. მთიან რაიონებში და ყაბარდო-ბალყარეთის სამხრ. და სამხრ.-დას. რაიონებში, კერძოდ იალბუზის ჩრდ. კალთებზე (მდ. ჩეგემის, ბაქსანისა და ჩერეკის ხეობებში) და მდ. ყუბანის სათავეში ცხოვრობენ. მართალია, მათ წარმოშობას და ეთნოგენეზს სხვადასხვა მკვლევრები სხვადასხვაგვარად წარმოადგენენ, მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ყარაჩაელები და ბალყარები შედარებით გვიან, XIV–XV სს. ჩამოყალიბდნენ კ-ში მოსული სხვადასხვა ტომებისა და ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების შერწყმის საფუძველზე. ალთაურ ჯგუფში შედიან ნოღაელები, რებიც დაღესტანში მცხოვრები „ყარა-ნოღაელებისგან“ და ყუბანის სათავეებში მცხოვრები „აკნოღაელებისგან“ შედგებიან. ამავე ენათა ჯგუფს მიეკუთვნებიან თათრები, რ-ებიც ძირითადად აზერბაიჯანის ქალაქებში ცხოვრობენ და კავკასიის თურქმენები, რ-ებიც ძირითადად სტავროპოლის მხარის აღმ. და ჩრდ. რ-ნებში არიან განსახლებულნი.
მკვიდრი მოსახლეობის გარდა, როგორც სამხრ. ისე ჩრდ. კ-ში სხვა, შედარებით გვიან მოსულ ხალხთა წარმომადგენლებიც ცხოვრობენ, მ. შ. როგორც აღნიშნული იყო, არიან რუსები, უკრაინელები, შედარებით მცირე რაოდენობით ბერძნები, ასურელები, მოლდაველები, ესტონელები და სხვ.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კ-ში მიმდინარე რთული და მძიმე ეკონ., პოლიტ., სამხედრო, რელიგიური თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულმა სერიოზულმა კრიზისებმა გარკვეული გავლენა მოახდინა ცალკეული ხალხებისა და ჯგუფების რიცხობრივ შემადგენლობაზე. ქვემოთ მოცემულ მასალაში დღევანდელ რეალობასთან მაქსიმალურად შესატყვისი რიცხვებია მოტანილი, თუმცა უმნიშვნელო განსხვავება არ არის გამორიცხული.
კ ა ვ კ ა ს ი უ რ ი ო ჯ ა ხ ი ს ხ ა ლ ხ ე ბ ი
ქართველური ენების ჯგუფის წარმომადგენლები არიან ამ ჯგუფის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი – ქართველები. საქაკავ 431 რთველოში დაახლოებით 3,3 მლნ. ქართველი ცხოვრობს.
აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში შედიან აფხაზები – 95 ათ., აბაზიხები – 31 ათ., ყაბარდოელები – 304 ათ., ჩერქეზები – 50 ათ., ადიღეელები – 115 ათ. ნახური ჯგუფი წარმოდგენილია ჩაჩნებით – 840 ათ., ინგუშებით – 200 ათ.
დაღესტნური ჯგუფი: ავარიელები – 540 ათ., ლეკები – 430 ათ., ლაკები – 110 ათ., დარგუელები – 32 ათ., ტაბასარანელები – დაახლ. 100 ათ.
ალთაური ოჯახის ხალხები: თურქული ჯგუფი: აზერბაიჯანელები – 9 მლნ. [14 მლნ-მდე ირანის აზერბაიჯანში (2014 მონაცემები)], ყუმუხები – 255 ათ., ყარაჩაელები – 140 ათ., ბალყარელები – 69 ათ. მონღოლური ჯგუფი: ყალმუხები – 218 ათ.
ინდოევროპული ოჯახის ხალხები: სლავური ჯგუფი: რუსები – 8,1 მლნ., უკრაინელები – 350 ათ.
ბერძნული ჯგუფი: ბერძნები – 120 ათ.
ირანული ჯგუფი: ოსები – 570 ათ., ქურთები – 230 ათ.
სომხური ჯგუფი: სომხები – 3,2 მლნ. (2014 მონაცემები).
რ ე ლ ი გ ი ა
სამხრ. და ჩრდ. კ-ის მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში რელიგიური კუთვნილების ნიშნითაც იყოფოდა. დღევანდელი კ-ის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანობასა და მუსლიმანობას აღიარებს. გარკვეულ პერიოდში მოხდა რელიგიისა და ეთნიკურობის დაკავშირება და ქრისტიანული თუ მუსლიმანური აღმსარებლობა ეროვნულობის განმსაზღვრელად ჩაითვალა. ისლამი, ფაქტობრივად, მთელ ჩრდ. კ-სა და აზერბაიჯანშია გავრცელებული. აზერბაიჯანში და ლეკების მცირე ნაწილში შიიტური ისლამი დომინირებს (მოსახლეობის დაახლ. 30% სუნიტია), ჩრდ. კ-ში ძირითადად სუნიტური ისლამი და სუფისტური მიმდინარეობებია გავრცელებული. დაღესტანში მუსლიმანობა არაბთა შემოსევების დროიდან (დაახლ. VIII ს.) იწყებს გავრცელებას და საკმაოდ წარმატებითაც. ჩრდ. კ-ს სხვა რეგიონებში ქრისტიანობისა და სხვა ტრადიციული რელიგიის ფორმების განდევნის შემდეგ ისლამმა საბოლოოდ XVIII ს-ში დაიმკვიდრა ადგილი.
ქრისტიანობას აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – რუსები, უკრაინელები, ოსების ძირითადი ნაწილი, აფხაზების უმრავლესობა, მოზდოკელი ყაბარდოელები. მონოფიზიტები არიან სომხები. კ-ის მოსახლეობის მცირე ნაწილი კათოლიციზმის და ზოგიერთი პროტესტანტული განშტოების მიმდევარია.
კ-ის მოსახლეობის ნაწილში გავრცელებულია მესამე წიგნიერი რელიგია – იუდაიზმი. ძვ. წ. VI ს-ში აქ მოსულ ებრაელებს შორის ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა – „მთის ებრაელები“ და ქართველი ებრაელები. ქართველმა ებრაელებმა ქართული ენა გადაიღეს და კულტურული თვალსაზრისით მოხდა მათი ასიმილაცია, „მთის ებრაელები“ ირანული ჯგუფის თათურ ენაზე საუბრობენ.
ი სტ ო რ ი უ ლ ი ც ნ ო ბ ა
კ. ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი საცხოვრებელი რეგიონია. საქართველოში დმანისის არქეოლოგიური მასალა ყველაზე მკაცრი ექსპერტიზით მინიმუმ 1 800 000 წლის წინანდელია. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამ ეპოქიდან დაწყებული, კ-ის რეგიონში უძვ. ადამიანების – პირველი ევროპელების და თუნდაც პირველი აზიელების სამეურნეო და კულტ. საქმიანობა არ შეწყვეტილა. კ. ოდითგანვე არა მარტო დამპყრობლებს, რ-ებსაც აქ გაბატონება ორი კონტინენტის გასაღებს აძლევდა, არამედ მოგზაურებს, პოეტებს, გეოგრაფებს, მეცნიერებს იზიდავდა. თითქმის ყველა მათგანი აღფრთოვანებულ სტრიქონებს უძღვნიდა `მთების ქვეყანას~.
კ-ს იცნობდა „ისტორიის მამა“ ჰეროდოტეც, რ-იც აღნიშნავდა, რომ ძალზე ბევრი ტომი ცხოვრობს კ-შიო. აღმატებულ ხარისხში წერდნენ კ-ისა და კავკასიელების შესახებ ცნობილი ევროპელი მეცნიერებიც: ი. ბლუმენბახმა სამეცნიერო ბრუნვაში თავის დროზე არცთუ წარუმატებლად სცადა ტერმინის „კავკასიური რასა“ დამკვიდრება, ასევე გერმანელმა მეცნიერმა კ. რიტერმა კ-ს „კაცობრიობის აკვანი“ უწოდა, ხოლო რუსმა დ. ანუჩინმა კ-ის მოსახლეობას „თეთრი რასა“ შეარქვა. კ-ის ბუნებისა და კავკასიელების თავისთავადობითა და სილამაზით აღფრთოვანებულები იყვნენ ი. კანტი, ფ. ჰეგელი, ა. დიუმა, მ. ლერმონტოვი, ლ. ტოლსტოი, გერმანელი არქეოლოგი ი. ვინკელმანი, ე. სპენსერი და მრავალი სხვ.
კ-მ მრავალგზის განიცადა მომთაბარე კიმერიელების, სკვითების, სარმატების, ჰუნების, ხაზარების, ყივჩაღების დამარბეველი ლაშქრობები. იგი ასწლეულების მანძილზე აქემენიდური და სასანური ირანის, რომის, პონტოს, პართიის, აგრესიისა და პერიოდული ანექსიის ობიექტი იყო.
ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ-ში. სამხრ. კ-ში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო – ურარტუ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით წარმოიშვა კოლხეთის (ძვ. წ. VI ს.), აირარატისა (ძვ. წ. IV ს.) და იბერიის (ძვ. წ. IV–III სს.) სამეფოები. ძვ. წ. II ს. ბოლოს ახლანდ. აზერბაიჯანის, საქართველოსა და დაღესტნის ტერიტ-ზე ჩამოყალიბდა კ-ის ალბანეთის სამეფო. ძვ. წ. II ს-ში წარმოიქმნა დიდი სომხეთის სახელმწიფოც.
ახ. წ. დასაწყისში კ. ჯერ ბიზანტიასა და ირანს შორის ხანგრძლივი ომის ასპარეზი გახდა, ხოლო VII–VIII სს. არაბების მიერ სამხრ. კ-ის დაპყრობის შემდეგ ბრძოლა ბიზანტიასთან და ახლად გამოჩენილ თურქ-სელჩუკებთან გაგრძელდა. ამ ხანგრძლივ ბრძოლაში, გამუდმებული თავდაცვითი ომების პირობებში სამხრ. კ-ში ორი მსხვილი სახელმწიფო – საქართველო და სომხეთი ჩამოყალიბდა. X ს-იდან დაწინაურდა საქართველო, რ-მაც XII–XIII სს. მთელ კ-ში სრულ ჰეგემონობას მიაღწია. XI ს. სომხეთის სახელმწიფო ამ ბრძოლებში დასუსტდა და განადგურდა (XX ს-მდე სომხეთმა ვეღარ შეძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა). XIII ს-ში კ. დაიპყრეს და ააოხრეს მონღოლებმა. XIV–XV სს-ში კ-ს გამუდმებით ესხმოდნენ თავს უცხოელი დამპყრობლები, რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა თემურლენგის შემოსევები. XVI ს-იდან კ. ირანოსმალეთის ომების ასპარეზად გადაიქცა. XVI ს. II ნახ-ში ჩრდ. კ-ში გაჩნდა რუსული ახალშენები და ციხესიმაგრეები (თერგი, სუნჯა და სხვ.). XVIII ს. I ნახში რუსეთი შესამჩნევად გააქტიურდა (იხ. სპარსეთის ლაშქრობა 1722–23), მაგრამ კ-ში ფეხი მან მტკიცედ მხოლოდ XVIII ს. II ნახ-ში მოიკიდა. ქართლ-კახეთის სამეფოსთან დაიდო მფარველობის ხელშეკრულება (იხ. გეორგიევსკის კავ 432 ტრაქტატი 1783). დაიწყო საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობა. 1801 რუსეთმა აღმ. საქართველო (ქართლ-კახეთის სამეფო) შეიერთა. XIX ს-ში რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად რუსეთმა შეიერთა სამხრ. კ-ში არსებული სახანოები, ასევე ჩრდ. კ-ში � დერბენდის სახანო და დას. საქართველო. სამხრ. კ-ში შეიქმნა საქართველოს გუბერნია (1801) და იმერეთის ოლქი (1811), რ-ებიც 1840 გაერთიანდნენ საქართველო-იმერეთის გუბერნიად (1846 გაიყო თბილ. და ქუთ. გუბერნიებად), სომხეთის ოლქი (1828, 1849 – ერევნის გუბერნია). 1844 შეიქმნა კ-ის სამეფისნაცვლო (ცენტრი – თბილისი), რ-ის სათავეში მეფისნაცვალი (наместник) იდგა. იმპერატორსა და მეფისნაცვალს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდა კავკასიის კომიტეტი.
როგორც საგუბერნიო და საოლქო სამმართველოები, ასევე თვით მეფისნაცვალს უშუალოდ დაქვემდებარებული დარგობრივი დაწესებულებები, მტკიცედ ატარებდნენ ცარიზმის დამპყრობლურ კოლონ. პოლიტიკას, რაც ავტოქთონური მოსახლეობის ეროვნულ და ტომობრივ თავისებურებათა, მ. შ. ენის, ზნე-ჩვეულებათა და, საერთოდ თვითმყოფადი კულტურის თანდათანობით მივიწყებას გულისხმობდა. ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა კავკასიის ომები. მიმდინარეობდა ბუნებრივი სიმდიდრის ძარცვა და მოსახლეობის ძირითადი მასების კოლონ. ექსპლუატაცია. ამას ცარიზმი კაპიტალ. მეწარმეობის – მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა განვითარების, დიფერენცირებული საგადასახადო, სააქციო, სატარიფო სისტემებისა და სხვა გზით აღწევდა. თუმცა ამ მოვლენებს ჰქონდა მეორე მხარეც. კარჩაკეტილ ფეოდ. ურთიერთობათა რღვევით ნატურალური მეურნეობის ადგილს იკავებდა სასაქონლო წარმოება, ვითარდებოდა კაპიტალ. მეწარმეობა. ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებამ გამოიწვია სოფლის მეურნეობისა და საერთოდ, კ-ის კულტ.-ეკონ. ცხოვრების გარდაქმნა.
ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით XIX ს. 80–90- იანი წლებიდან, რუსეთის კაპიტალიზმმა კ. ჩაითრია მსოფლიო სასაქონლო მიმოქცევაში. უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ფოთი– თბილისისა (1872) და ბათუმი– თბილისი–ბაქოს (1883) რკინიგზების გაყვანა და შემდეგ ამ მაგისტრალის რუსეთის რკინიგზის ქსელში ჩართვა; ბაქოს ნავთობის (1901 – მსოფლიო მოპოვების 50%) და ჭიათურის მანგანუმის (1900 – მსოფლიო მოპოვების 46% და ექსპორტის 47%) მრეწველობის განვითარება; ბაქო–ბათუმის ნავთობსადენის გაყვანა, ბათუმის ნავთობის გადამუშავებისა და საექსპორტო ოპერაციების აღმავლობა.
1914–18 მსოფლიო ომში კ. საომარი მოქმედების ასპარეზი იყო. 1917 თბილისში შეიქმნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი – დროებითი მთავრობის სამხარეო ორგანო. 1917 ოქტ. გადატრიალების შემდეგ ეს კომიტეტი გადაიქცა ამიერკავკასიის კომისარიატად, რ-მაც ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1918 წ. 22 თებ. ამიერკავკასიის სეიმმა ჩამოაყალიბა ფედერ. რესპუბლიკა, რ-იც უკვე მაისში დაიშალა სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკებად, ჩრდ. კ-ში საბჭ. ხელისუფლება დამყარდა 1918 დასაწყისში. შეიქმნა საბჭ. რესპუბლიკები (ყუბან-შავი ზღვის, თერგის, სტავროპოლის), რ-ებიც 1918 ივლისში ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში გაერთიანდნენ და შევიდნენ რსფსრ-ის შემადგენლობაში.
1920 აპრ. წითელი არმია შეიჭრა აზერბაიჯანში. 28 მაისს გამოცხადდა აზერბაიჯანის საბჭ. სოციალ. რესპუბლიკა. 1920 ნოემბ. სომეხმა ბოლშევიკებმა წითელი არმიის დახმარებით დაამხეს დაშნაკთა ძალაუფლება და 29 ნოემბ. გამოაცხადეს სომხეთის საბჭ. სოციალ. რესპუბლიკა. 1921 თებ. საბჭ. რუსეთის არმია თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და მოახდინა მისი ანექსია. 25 თებ. შეიქმნა საქართველოს საბჭ. სოციალ. რესპუბლიკა, რ-შიც შევიდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, აგრეთვე ბათუმის ოლქის ნაწილი. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე 1921 ივლ. შეიქმნა აჭარის ავტონ. საბჭ. სოციალ. რესპუბლიკა. 1921 მარტში სოხუმის ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა აფხაზეთის საბჭ. სოციალ. რესპუბლიკა, რ-იც დეკემბერში შევიდა საქ. სსრ შემადგენლობაში, შემდეგ 1931 თებ. გარდაიქმნა აფხაზეთის ავტონ. საბჭ. სოციალ. რესპუბლიკად. 1922 აპრ. ბოლშევიკებმა საქართველოს ეროვნ. ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მათთვის გაწეული დახმარების სამაგიეროდ ხელოვნურად შექმნეს სამხრ. ოსეთის აო.
1922 წ. 12 მარტს შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაცია (იხ. ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა), რ-იც იმავე წლის 30 დეკ. შევიდა სსრკ-ში. 1936 ამიერკავკ. ფედერაციამ შეწყვიტა არსებობა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მოკავშირე რესპუბლიკების უფლებით უშუალოდ შევიდნენ სსრკ-ის შემადგენლობაში. 1921 რსფსრ შემადგენლობაში ჩამოყალიბდა მთიელთა ავტონ. სსრ და დაღესტნის ავტონ. სსრ. 1922 ყუბან-შავი ზღვის ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა ადიღეს აო, მთიელთა ასსრ-ს (გაუქმდა 1924) გამოეყო ყაბარდოს აო (1921; 1922 დაერქვა ყაბარდო-ბალყარეთის აო), ყარაჩაი-ჩერქეზეთის აო (1922; 1926 დაიყო ყარაჩაის აო-ად და ჩერქეზეთის ნაციონალურ ოკრუგად; 1928 – ჩერქეზეთის აო), ჩაჩნეთის აო (1922) და ინგუშეთის აო (1924; 1934 გაერთიანდნენ ჩაჩნეთ-ინგუშეთის აო-ად); შეიქმნა ჩრდ. ოსეთის აო (1924).
1924 ჩრდ. კ., დაღესტნის ასსრის გარდა, შევიდა რსფსრ სამხრ.- აღმ. ოლქში, რ-საც იმავე წელს ეწოდა ჩრდ. კ-ის მხარე. მისი ტერიტ. (7 აო-ის გარდა) დაიყო 14 ოკრუგად (მ. შ. 10 შევიდა ჩრდ. კ-ში: არმავირის, ყუბანის, მაიკოპის, სალსკის, სტავროპოლის, სუნჯის, თერგის, შავი ზღვის; ქები – გროზნო და ვლადიკავკაზი – ოკრუგების უფლებით; დანარჩენი – დონისპირეთში). 1930 ოკრუგები გაუქმდა. 1934 ჩრდ. კ-ის მხარეს გამოეყო აზოვისა და შავი ზღვის მხარე, რ-იც 1937 დაიყო კრასნოდარის მხარედ და როსტოვის ოლქად. სსრკ 1936 კონსტიტუციის მიხედვით, 3 აო – ყაბარდობალყარეთის, ჩრდ.-ოსეთის და ჩაჩნეთ-ინგუშეთის – გარდაიქმნა ასსრ-ებად, 1937 ჩრდ. კ-ის მხარეს ეწოდა ორჯონიკიძის, ხოლო 1943 – სტავროპოლის მხარე.
II მსოფლიო (1939–45) ომის პერიოდში კ-ში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მასშტაბური ბრძოლები (იხ. კავკასიისათვის ბრძოლა 1942–43). 1944 ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ გარდაიქმნა ყაბარდოს ასსრ-ად. გაუქმეკავ 433 ბული ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ნაცვლად წარმოიქმნა გროზნოს ოლქი, ყარაჩაელთა აო-ის ნაწილი შეუერთდა ჩერქეზთა აო-ს, მეორე ნაწილი კი – აფხ. ასსრ-ს. 1957 კვლავ შეიქმნა ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრები, ხოლო ჩერქეზთა აო გარდაიქმნა ყარაჩაი-ჩერქეზეთის აო-ად.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ (1991 დეკ.) სამხრ. კ-ში საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიშვა, ხოლო ჩრდ. კ-ის ტერიტორიაზე კი მოქმედებს შემდეგი რესპუბლიკები: დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩაჩნეთის, ჩრდ. ოსეთის (ალანია), რებიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დარჩნენ.
ქალაქები კ-ში დაახლოებით 30 მლნ. ადამიანი ცხოვრობს. ამათგან დაახლოებით ნახევარი კი – ქალაქებში. ქალაქის მოსახლეობის ყველაზე მაღალი პროცენტია ჩრდ. ოსეთში – 68% და სომხეთში – 66%, ყველაზე დაბალია დაღესტანში – 39%. სამხრ. კ-ის სამ ქალაქში 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს: ბაქოში – 2 მლნ-მდე, თბილისში – დაახლ. 1,5 მლნ., ერევანში – დაახლ. 1,2 მლნ. 10 ქალაქში მოსახლეობა 200 ათ-ზე მეტია. 8 ქალაქში – 100 ათ. სჭარბობს. კ-ის დიდი ქალაქებია: ბაქო, თბილისი, ერევანი, კრასნოდარი, გროზნო, სოჭი, ვლადიკავკაზი, სტავროპოლი, მაჰაჭყალა, განჯა, ნალჩიკი, გიუმრი, ქუთაისი. ამ ქალაქების მოსახლეობა 200 ათ-ზე მეტია.
სამხრ. კ-ის ქალაქების ნაწილი ჩვენს წელთაღრიცხვამდეა დაარსებული (ქუთაისი – აია, ერევანი – ერებუნი, ვანი – სურიემი, სოხუმი – დიოსკურია, ფოთი – ფაზისი, ბარდა კ-ის ალბანეთის ადმ. ცენტრი და სხვ.) ჩრდ. კ-ის ქალაქები ძირითადად XVII–XVIII სს. წარმოიშვა, გარდა შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ქალაქებისა.
ე კ ო ნ ო მ ი კ ა
კ. მდიდარია მინერალური რესურსებით. აქ მოიპოვებენ ნავთობს (ბაქო, გროზნო, მაიკოპი), გაზს (კრასნოდარი, სტავროპოლი), მანგანუმს (ჭიათურა). აგრეთვე განთქმულია მინერალური წყლებით.
აშენდა დიდი ეკონ. მნიშვნელობის ნავთობსადენები და გაზსადენები. კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში განვითარებულია სოფლის მეურნეობის დარგები, მოჰყავთ ხორბრეულისა და ბოსტნეულის მოსავალი. საქართველოსა და აზერბაიჯანის სუბტროპიკული ზონები ყურძნის, ჩაისა და ციტრუსების კულტურების მოყვანაზეა სპეციალიზებული. კ-ში შეიქმნა მეტალურგიული მრეწველობის ცენტრები (რუსთავი, სუმგაიტი). სომხეთში განვითარდა საშენი მასალების წარმოება. მთის რაიონების მოსახლეობა მესაქონლეობას (მეცხვარეობა და მსხვილფეხარქოსანი საქონელი) მისდევს.
კ-ის შავი ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი პორტებია ფოთი, ბათუმი, ნოვოროსიისკი, საიდანაც სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობები წარმოებს უცხოეთის სახელმწიფოებთან. მშენებლობის პროცესშია ღრმაწყლოვანი უნიკალური ანაკლიის პორტი.
ლიტ.: გ ა ს ვ ი ა ნ ი გ., გ ა ს ვ ი ა ნ ი თ., ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები უძველესი დროიდან XX საუკუნემდე, თბ., 2006; დ ი უ მ ა ალ., მოგზაურობის შტაბეჭდილებანი (თარგმანი ფრანგულიდან თ. ქიქოძისა, შესავალი წერილი, რედ. და შენიშვნები ა. გაწერელიასი), თბ., 1964; კ ვ ი ც ი ა ნ ი ჯ., კავკასია და კავკასიელები, თბ., 2012;Абдушелишвили М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; А л е к с е е в В. П., Происхождение народов Кавказа, М., 1974; Б у н а к о в В. В., Антропологический состав населения Кавказа, „ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1947, ტ. 13; Государственные и титульные языки России, М., 2002; Г у л и с а ш в и л и В. З., Природные зоны и естественно-исторические области Кавказа, М., 1964; История народов Северного Кавказа с древнейших времён до конца XVIII в., (отв. Ред. Б. Б. Пиотровский), М., 1988; Народы Дагестана, М., 2002; Народы Кавказа, т. 1-2, М., 1960, 1962.
ე. კოპალიანი