კავკასიელთა წრე

კავკასიელთა წრე, რევოლუციურ-ხალხოსნური ორგანიზაცია საქართველოში (1871-74). წრის ხელმძღვანელები იყვნენ ე. იოსელიანი და ო. კანონოვა. წრეში ირიცხებოდა 59 ახალგაზრდა. კ. წ-ის წევრებს შორის იყვნენ ქართველები (მ. ყიფიანი, ი. ქიქოძე და სხვ.), სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, პოლონელები, რუსები და კავკ. სხვა ეროვნების წარმომადგენლები. თავიანთი შეხედულებით კ. წ-ის წევრები მ. ბაკუნინის (ანარქის ხალხოსანი) მიმდევრები იყვნენ. 1874 გაზაფხულზე ესენი მასობრივად გავიდნენ ხალხში და დაშალეს პროპაგანდა გლეხთა ასაჯანყებლად. კ. წ-ის წევრები თანაუგრძნობდნენ ეროვნ. თავისუფლების იდეას. ისინი რევ. გამარჯვებაში ხედავდნენ ჩაგრული ერების განთავისუფლების გარანტიას, ამიტომ თავიანთი პროპაგანდის არეში მოაქციეს მალოროსია და კავკასია. რუსეთში რევ. გამარჯვებისათვის დიდ იმედს ამყარებდნენ განაპირა მხარეების ხალხთა აჯანყებაზე. 1874 წ. 28 მარტს შეკრებაზე კ. წ-ის წევრებმა საგანგებოდ იმსჯელეს პოლონეთსა და მალოროსიაში მოსალოდნელ აჯანყებაზე და მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინაში თავიანთი პროპაგანდისტების გაგზავნის შესახებ.

როგორც „ხალხში გასვლა“, ისე ამ წრის პროპაგანდაც მარცხით დამთავრდა. ჟანდარმერიამ კ. წ-ის წევრებიც დააპატიმრა. კვლევაძიება 2 წელიწადს მიმდინარეობდა. 1876 წ. 19 თებერვალს კ. წ-ის წევრები ადმ. წესით დასაჯეს. დაპატიმრებას გადარჩენილებმა რევ. საქმიანობა „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციურ ორგანიზაციაში“ განაგრძეს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970; შ ვ ე ლ ი ძ ე  ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.

ზ. შველიძე