კავკასიისათვის ბრძოლა 1842-43, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა II მსოფლიო ომის (1939–45) დროს. 1942 წ. 25 ივლისს გერმანელთა ჯარებმა შეცვალეს 28. ქე. ტ. IV კავ 434 მთავარი დარტყმის მიმართულება და დაიწყეს შეტევა სამხრ-ით, ვოლგისა და კავკასიის მხარეს (კოდური სახელწოდება – „ედელვაისი“). კავკასიის ოპერაცია გულისხმობდა როსტოვის სამხრ-ით განლაგებული წითელი არმიის სამხრ. ფრონტის ჯარების ალყაში მოქცევას და განადგურებას, ჩრდ. კავკასიის დაუფლების შემდეგ შავიზღვისპირეთისა და კასპიისპირეთის გასწვრივ შეტევას და კავკასიის მთავარი უღელტეხილის გავლით სამხრ. კავკასიის დაუფლებას – თბილისის, ქუთაისისა და სოხუმისაკენ გაჭრას. ვერმახტის პირველმა სატანკო არმიამ გაარღვია თავდაცვა სალსკი-მაიკოპის მიმართულებით ოსტროგოჟსკის რაიონში. საბჭოთა უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანებით, ჯარებმა უკან, დონისკენ დაიხიეს, 1942 ივლ. ბოლოს კი როსტოვი და სტავროპოლი დათმეს. 1942 გერმანელთა ტანკებმა გადალახეს ყუბანი და 10 აგვისტოს დაიპყრეს მაიკოპი, 25 აგვისტოს კი აიღეს მოზდოკი და თერგის ფორსირება მოახდინეს. ამავე თვეს გერმანელებმა ყაბარდო-ბალყარეთის ხუთი რაიონი დაიკავეს, მაგრამ ჩაჩნეთ-ინგუშეთის აღება ვერ შეძლეს.
შეუპოვარი ბრძოლები გაიმართა კავკასიონის უღელტეხილის ცენტრ. ნაწილებში. კავკასიის უკეთ დაცვის მიზნით სსრკ-ის უმაღლესმა მთავარსარდლობამ ჩრდ. კავკასიის ფრონტი გარდაქმნა (1 სექტემბრიდან) სამხრ. კავკასიის ფრონტის ჯარების შავი ზღვის ჯგუფად. სამხრ. კავკასიის ფრონტს დაევალა კავკასიის უღელტეხილებსა და მდ. თერგზე თავდაცვითი ხაზის მოწყობა. ჯარების საბრძოლო მოქმედების მოხერხებულად წარმართვისათვის შეიქმნა სამხრ. კავკასიის ფრონტის ჩრდ. ჯგუფი გენ.-ლ. ი. მასლენიკოვის სარდლობით (44-ე, მე-9, 58-ე, 37-ე არმიების შემადგენლობით). სექტ. ბოლოს და ოქტომბერში მოწინააღმდეგემ არაერთხელ სცადა შეტევა ტუაფსესა და გროზნოს მიმართულებით, მაგრამ სამხრ. კავკასიის ფრონტის (სარდალი, არმიის გენ. ი. ტიულენევი) ჯარებმა 5 თვის მძიმე თავდაცვითი ბრძოლებით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მოწინააღმდეგეს და აიძულეს უკან დახევა.
სამხრ. კავკასიის ფრონტის ჯარების შემადგენლობაში იბრძოდა კავკასიის ხალხებისგან შემდგარი ათეულობით საჯარისო შენაერთი, მ. შ. 242-ე, 276-ე, 392-ე, 394-ე და 414-ე ქართული მსროლელი დივიზიები.
მძიმე ბრძოლები გაიმართა უღელტეხილების დასაკავებლად კავკასიონის ჩრდ. მისადგომებთან, მთებში. 46-ე არმიამ (სარდალი – გენ. კ. ლესელიძე, სამხ. საბჭოს წევრები – ვ. ბაქრაძე და გ. სანაკოევი, შტაბის უფროსი – მ. მიქელაძე) 1942 წ. 27 აგვისტოდან ოქტომბრის დასაწყისამდე კავკასიონის მაღალმთიან რეგიონში პერმანენტული ბრძოლების შედეგად მტრის შემოტევა შეაჩერა, უფრო მეტიც, უღელტეხილების ზოგიერთ მონაკვეთზე იგი უკუაგდო. 1942 ნოემბრის დასაწყისში გერმანელები დამარცხდნენ ნალჩიკიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით შეტევისას. 1942–43 ზამთარში აქტიური სამხ. მოქმედებები შეწყდა. გერმანელი ეგერები აკონტროლებდნენ კლუხორის, მარუხის, უმპირისა და ხატიყ-თაუს უღელტეხილებს. მათ რეგიონი 1943 წ. 24 იანვ. დასაწყისში დაჩქარებული წესით დატოვეს, რადგან ჩრდ-იდან მათ ალყაში მოქცევა დაემუქრათ. იმავე წლის 13 და 17 თებერვალს ალპინისტურმა რაზმმა, რ-შიც შედიოდნენ ქართვ. მთამსვლელებიც (ბ. ხერგიანი, გ. ხერგიანი, გ. სულაქველიძე და სხვ.), იალბუზის ორივე მწვერვალიდან ჩამოხსნა გერმანული დროშები და საბჭ. დროშა აღმართა. მთაში გერმანელი ეგერების დანაკარგმა 5 ათასს გადააჭარბა. აქ მტრის შეჩერებამ მდგომარეობა შეუმსუბუქა სტალინგრადის დამცველებს.
გერმანელების გეგმა, დაეპყროთ კავკასია, ჩაიშალა. 1943 შემოდგომაზე დიდი დანაკარგების შედეგად, რ-იც გერმანელებმა იწვნიეს სტალინგრადისა და კავკასიის ბრძოლებში, ძალთა თანაფარდობა საბჭოთა მხარის სასარგებლოდ გადაიხარა. 1943 გათავისუფლდა ყაბარდო-ბალყარეთი, 1943 წ. 12 თებერვალს – კრასნოდარი, 14 თებერვალს – როსტოვი, რითაც დამთავრდა ფაშისტებისგან კავკასიის გათავისუფლებისათვის ბრძოლა. სამხრ. კავკასიის ფრონტის ჯარების 70 მეომარს საბჭ. კავშირის გმირის წოდება მიენიჭა, მ. შ. არიან ქართველები: ნ. გოგიჩაიშვილი, ვ. კანკავა, ვ. ლურსმანაშვილი, ა. პირმისაშვილი.
ლიტ.: კ ვ ი ც ი ა ნ ი ჯ., კავკასია და კავკასიელები, თბ., 2012; კ უ პ ა ტ ა ძ ე ე., 242-ე სამთო-მსროლელი დივიზიის საბრძოლო გზა დიდ სამამულო ომში, თბ., 1990; მ ი ს ი ვ ე, ქართული დივიზიების მონაწილეობა კავკასიისათვის ბრძოლებში, თბ., 2003; შ ა მ ა თ ა ვ ა პ., ქართველი მეომრები, თბ., 1960; История Дона и Северного Кавказа (1917– 2000), Ростов-на-Дону, Нальчик, 2004; Регионоведение, Ростов-на-Дону, 2003.
ჯ. კვიციანი
პ. შამათავა