კავკასიის ანთროპოლოგიური ტიპები, კავკასიის მოსახლეობაში გავრცელებული ანთროპოლოგიური ტიპები. კავკასიის მოსახლეობა გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ევროპეოიდული რასის ნიშნებით და ძირითადად ხასიათდება მუქი თმით, მუქი ან შერეული თვალის ფერით, წინ მკვეთრად წაზიდული, გამოდრეკილი ცხვირის ზურგით და ოდნავ დაშვებული ცხვირის ფუძით, მძლავრად განვითარებული მესამეული თმოვანი საფარველით.
მონღოლოიდური ნიშნები კავკასიაში აღენიშნებათ მხოლოდ ნოღაელებს და თურქმენებს.
კავკასიელები ყველა ანთროპოლ. კლასიფიკაციის მიხედვით ევროპეოიდების სამხრეთულ შტოს, ანუ ინდოხმელთაშუაზღვისპირულ დიდ რასას მიეკუთვნებიან, თუმცა დღემდე არ არსებობს კავკასიის ხალხთა ერთიანი კლასიფიკაცია. განსხვავება უკვე დიდი სამხრეთევროპეოიდული რასის დასახელებიდან იწყება. ნ. ჩებოქსაროვი და მ. აბდუშელიშვილი სამხრეთევროპეოიდულ დიდ რასას ინდოხმელთაშუაზღვისპირულს უწოდებენ, ხოლო ვ. როგინსკი და მ. ლევინი მას უფრო დაბალ კატეგორიად, ანუ მცირე რასად განიხილავდნენ.
შემდეგი განსხვავება უკვე სამხრეთული შტოს მცირე რასებად დაყოფისას ვლინდება. ვ. ბუნაკი სამხრეთული შტოს შემადგენლობაში ხმელთაშუაზღვისპირულ და პამირულ-ალპურ რასებს განიხილავს; მ. აბდუშელიშვილის თანახმად, კავკასიის მოსახლეობა წინააზიური, ხმელთაშუაზღვისპირულ-ბალკანური, ინდოპამირული რასის კავკასიური ნაირსახეობით არის წარმოდგენილი; ნ. ჩებოქსაროვის მიხედვით კი ინდო-პამირული, წინააზიური, ხმელთაშუაზღვისპირული და ორი კონტაქტური–ატლანტურ-შავიზღვისპირული და სამხრეთინდური მცირე რასებია გავრცელებული. რაც შეეხება კავკასიაში გავრცელებულ ანთროპოლ. ტიპებს, მ. აბდუშელიშვილის თანახმად ესენია: კოლხური, იბერიული, კავკასიონის, ადიღური, კასპიური, წინააზიური (ასირიოიდული და არმენოიდული).
435 ამ რასებს შორის განსხვავება აღინიშნება სხეულის სიმაღლის, თმოვანი საფარველის განვითარების, ცხვირის ზურგის გამოდრეკილი ფორმების პროცენტის მიხედვით, რ-ებიც უფრო მეტად – ინდოხმელთაშუაზღვისპირელ დიდ რასას, მცირედ – წინააზიური რასის წარმომადგენლებს ახასიათებთ.
ლიტ.: А б д у ш е л и ш в и л и М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; Р о г и н с к и й Я.Я., Л е в и н М.Г., Антропология, М., 1978; Ч е б о к с а р о в Н.Н., Основные принципы антропологических классификаций, წგ.: Происхождение человека и древнее расселение человечества, М., 1951.
ლ. ბითაძე