კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება, დაარსდა 1873 თბილისში. მიზანი იყო სიძველეთა გადარჩენა განადგურებისაგან, მათი შეძენა მოსახლეობისაგან, მეცნიერულად შესწავლა და შესწავლილი მასალის გამოქვეყნება. კ. ა. მ. ს-ს კავშირი უნდა ჰქონოდა რუსეთისა და ევროპის სამეცნ. საზ-ბებთან. წესდებით განსაზღვრული იყო ექსპედიციების მოწყობა და არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. 1875 გამოიცა კ. ა. მ. ს-ს პირველი წიგნი, რ-ის რედაქტორებიც იყვნენ ა. ბერჟე და დ. ბაქრაძე. მათ აგრეთვე ჰყავდათ კორესპონდენტები სხვადასხვა რეგიონებიდან. საზ-ბის წევრთა რიცხვი არ იყო განსაზღვრული, არ იზღუდებოდა არც ერთი სქესისა და ეროვნების წარმომადგენელი. საზ-ბა არსებობდა საწევრო გადასახადებით და საქველმოქმედო შემოწირულობებით, თუმცა არასაკმარისი სახსრების გამო ვერ შეძლო საქმიანობის ფართოდ გაშლა. არქეოლ. გათხრები თითქმის არ ჩაუტარებია, გამოიცა მხოლოდ კ. ა. მ. ს-ის შრომების ორი ტომი.
კ. ა. მ. ს. დ. ბაქრაძის აქტიური მონაწილებით აღნუსხავდა და უყურადღებოდ არ ტოვებდა კავკასიის ტერიტ-ზე არქეოლოგიურ აღმოჩენათა არც ერთ ფაქტს, მ. შ. აღსანიშნავია სოფ. ნინოწმინდაში შემთხვევით აღმოჩენილი სპილენძის მახვილი, არტანუჯის ციხესთან მოპოვებული ბრინჯაოს ზარი ასომთავრული წარწერით. კ. ა. მ. ს. იყო თბილისში არქეოლოგთა მეხუთე ყრილობის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
1881 კ. ა. მ. ს. უსახსრობის გამო დაიშალა და მისი წევრები გაერთიანდნენ კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოებაში.
ლიტ.: საქართველოს არქეოლოგია, ტ. 1, თბ., 1991.
ა. ნადირაშვილი