კავკასიის განყოფილება რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოებისა, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების პირველი რეგიონალური ორგანიზაცია. იდეა მისი დაარსების შესახებ გაჩნდა 1848 ბოლოს. პროექტი-დებულება აღნიშნული განყ-ბის შექმნის შესახებ დაამტკიცა რუს. იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა 1850 წ. 27 ივლისს. პირველი საზეიმო დამფუძნებელი სხდომა შედგა 1851 წ. 10 მარტს თბილისში, მეფისნაცვლის სასახლეში (ახლანდ. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლე), თავმჯდომარეობდა მ. ვორონცოვი, რ-მაც დიდი წვლილი შეიტანა აღნიშნული განყ-ბის შექმნაში და თვითონაც მისი ნამდვილი წევრი გახდა. განყოფილება ფაქტობრივად წარმოადგენდა დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რ-იც ეყრდნობოდა კავკასიის, კერძოდ, თბილისის ინტელიგენციის მოწინავე ნაწილს. დამფუძნებლებს შორის იყვნენ ი. მ. ანდრონიკაშვილი, გ. მუხრანბატონი (ბაგრატიონ-მუხრანსკი), ვ. ბებუთოვი (ბებუთაშვილი), დავით დადიანი, კ. თარხან-მოურავი, პ. იოსელიანი, დ. ყიფიანი, რ. ანდრონიკაშვილი და სხვ.
განყ-ბა მიზნად ისახავდა კავკასიის გამოკვლევას გეოგრ., გეოლ., ეთნოგრ., სტატისტ. თვალსაზრისით, მისი ფლორისა და ფაუნის შესწავლას, კავკასიის შესახებ გამოცემული, თუ სხვადასხვა არქივსა და კერძო პირთა განკარგულებაში არსებული მასალების გამოვლენას. განყ-ბას ხელმძღვანელობდა განმკარგულებელი კომიტეტი. მისი წევრები აწყობდნენ სამეცნ. ექსპედიციებს, ამასთანავე იგი სამეცნ.-საექსპედიციო მუშაობაში ხელს უწყობდა რუს. და საზღვარგარეთის სამეცნ. ცენტრებიდან კავკასიაში ჩამოსულ მეცნიერებს. განყ-ბას ჰქონდა სამეცნ. ბ-კა, არქივი, მუზეუმი. მისი პერიოდული გამოცემები იყო: „ზაპისკი კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვა“ და „იზვესტია კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვა“. მათში ძირითადად იბეჭდებოდა განყ-ბის ადმ.-ორგანიზაციული საქმიანობის ანგარიში და მისი წევრების მიერ ჩატარებული სამეცნ.-კვლ. მუშაობის შედეგები. განყ-ბის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ გ. ორბელიანი, გ. და დ. ჯამბაკურ-ორბელიანები, ვ. სარაჯიშვილი, რ. ერისთავი, მ. გერსევანოვი (გარსევანიშვილი), დ. ბაქრაძე, გ. ყაზბეგი, მ. ჯანაშვილი, გ. წულუკიძე, ა. ხახანაშვილი, ე. თაყაიშვილი და სხვ.; უცხოელებიდან – საქართველოს ეგზარქოსები ისიდორე (ნიკოლსკი) და ევსევი (ილინსკი), რუსი გეოდეზისტი, გენ.-ლეიტენანტი ი. ხოძკო, ინგლ. ალპინისტი დ. ფრეშფილდი (შემდგომში საქართვ. გეოგრ. საზ-ბის საპატიო წევრი) და სხვ. 1917-იდან განყ-ბის საქმიანობა შემოიფარგლა მხოლოდ სამეცნ. სხდომებით. 1924 საქართვ. გეოგრაფიული საზოგადოების დაარსებასთან დაკავშირებით განყბამ შეწყვიტა არსებობა.
ლიტ.: თბილისი. ენციკლოპედია, თბ., 2002; Знаменательная дата истории географического общества Грузии, გაზ. «Свободная Грузия», 2000, 27. VII.
გ. გიგინეიშვილი