კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი, საიდუმლო-კონსპირაციული ორგანო. შეიქმნა 1926 წ. 15 ივლისს პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის, მარშალ იუზეფ პილსუდსკის მიერ დაფუძნებული პრომეთეისტული მოძრაობის ფარგლებში. კომიტეტის ფუნქციებში შედიოდა აღნიშნულ მოძრაობაში მონაწილე საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდ. კავკასიის ემიგრანტული ანტიბოლშევიკური ორგანიზაციების მოქმედების კოორდინაცია და ხელმძღვანელობა. კომიტეტის წესდების თანახმად, მისი მთავარი მიზანი იყო კავკასიის ხალხთა მომზადება: 1) ბოლშევიკური ოკუპაციისგან კავკასიის გასათავისუფლებლად ბრძოლისათვის; 2) საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდ. კავკასიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად; 3) ხსენებული ქვეყნების კავკასიის დამოუკიდებელ კონფედერაციაში გაერთიანებისათვის.
კომიტეტი შედგებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდ. კავკასიის ეროვნულ ცენტრთა მიერ მასში დელეგირებული ექვსი წევრისგან. მათ საკუთარი ცენტრებისგან მიღებული დირექტივების თანახმად უნდა ემოქმედათ. თავის მხრივ, ხსენებული წევრები ირჩევდნენ სამ თავ-რეს, რ-ებიც კომიტეტის საიდუმლო სხდომებს როტაციის წესის დაცვით თავმჯდომარეობდნენ. 1926 კომიტეტის თავ-რეებად აირჩიეს ნ. რამიშვილი (საქართველო), მამედ ემინ რასულ-ზადე (აზერბაიჯანი) და სეიდ-ბეი შამილი (ჩრდ. კავკასია).
კომიტეტის ოფიც. ბეჭდვითი ორგანო იყო პარიზში გამომავალი ფრანგულენოვანი ჟურნ. „პრომეთე“ – კავკასიის, უკრაინის და თურქესტანის ეროვნული თავდაცვის ორგანო (მთ. რედაქტორი – ეროვნულ-დემოკრატი გ. გვაზავა).
პოლონეთის მხრიდან კომიტეტის ორგანიზაციის საქმიანობაში მთავარი როლი ითამაშეს ი. პილსუდსკის თანამებრძოლებმა – თ. ჰოლოვკომ (1927–30 პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის განყ-ბის გამგე) და პოლკოვნიკმა თ. შეტცელმა (1924–26 თურქეთში პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე).
1926–28 კ. დ. კ-ის ადგილსამყოფელი იყო სტამბოლში, რ-იც როგორც კავკასიელთა, ისე პოლონელთა მიერ კავკასიასთან ამ ორგანოს საიდუმლო ურთიერთობაში ბუნებრივ ხიდად განიხილებოდა. ამ დროს კომიტეტის მიერ არაერთხელ გაიგზავნა საიდუმლო ექსპედიციები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩრდ. კავკასიაში როგორც სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, ისე იატაკქვეშა ანტიბოლშევიკური ეროვნ.-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დასამყარებლად. ამის გამო 1928- იდან ბოლშევიკებმა გააძლიერეს ზეწოლა თურქეთის მთავრობაზე, მათი ტერიტორიიდან კომიტეტის გაძევების მიზნით. იმავე წლის სექტემბერში ქემალისტურმა ხელისუფლებამ თურქეთიდან გააძევა კომიტეტის ქართული სექციის ხელმძღვანელი, სოც.-ფედერალისტი ს. მდივანი, რის გამოც ამ სექციის მუშაობა სტამბოლში შეუძლებელი გახდა, ხოლო აზერბაიჯანულ და ჩრდილოკავკასიურ სექციათა მოქმედება თურქეთის პოლიციის მიერ უკიდურესად შეიზღუდა. 1929 წ. აგვისტოში ქართულმა ეროვნულმა ცენტრმა კომიტეტის ადგილსამყოფელის პარიზში გადატანა მოითხოვა. აგრეთვე განაცხადა კომიტეტიდან ქართული სექციის გამოსვლის შესახებ, რასაც კომიტეტის მოქმედების დროებითი შეჩერება მოჰყვა. 1930 წ. 6–12 თებერვალს ვარშავაში გამართულ პრომეთეისტულ მოძრაობაში შემავალ კავკასიურ ორგანიზაციათა საგანგებო ყრილობაზე კ. დ. კ. აღდგა. მისი ადგილსამყოფელი ვარშავაში გადაიტანეს, ხოლო სტამბოლში, თურქეთის ტერიტორიიდან კავკასიაში სადაზვერვო ოპერაციების განხორციელების მიზნით, კომიტეტის საიდუმლო საგანგებო სექციის დატოვება გადაწყდა. კომიტეტის აღდგენის საქმეში დიდი როლი ითამაშა მისმა ერთ-ერთმა თავრემ ნ. რამიშვილმა.
კომიტეტი ყოველმხრივ უწყობდა ხელს კავკასიელ ემიგრანტთა პოლიტ. პარტიებსა და ორგანიზაციებს შორის საერთოკავკასიური სოლიდარობის ცნობიერების ზრდას, რაც 1934 წ. 14 ივლისს ვარშავაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდ. კავკასიის ეროვნულ ცენტრთა ხელმძღვანელების მიერ კავკასიის კონფედერაციის პაქტის ხელმოწერით დაგვირგვინდა. მიღებული დოკუმენტის თანახმად მხარეები პირობას დებდნენ, რომ კავკასიის ბოლშევიკური რუსეთის ოკუპაციისგან განთავისუფლებისთანავე შექმნიდნენ კავკასიის ერთიან კონფედერაციულ სახელმწიფოს. საქართველოს ეროვნ. ცენტრის სახელით კავკასიის კონფედერაციის პაქტს ხელი მოაწერეს მისმა თავ-რემ ნ. ჟორდანიამ და საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა დესპანმა ა. ჩხენკელმა.
1935 წ. 14–16 იანვარსა და 23 თებერვალს ბრიუსელში (ბელგია) ჩატარებულ კავკასიურ ორგანიზაციათა პრომეთეისტულ კონფერენციაზე საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტი კავკასიის კონფედერაციის საბჭოში გაერთიანდა, რ-საც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკების გაერთიანებული დევნილი მთავრობის ფუნქციები მიენიჭა.
გ. მამულია