კავკასიის დიდი კედელი, საინგილოს გრძელი გ ა ლ ა ვ ა ნ ი, თავდაცვითი დანიშნულების ნაგებობა. მდებარეობს ისტ. ჰერეთის ტერიტ-ზე (ამჟამად აზერბაიჯანის რესპ., ბელაქნისა და ზაქათალის რ-ნები), სოფ. კატეხისა და სოფ. მაწეხის მახლობლად, ლაგოდეხ–ზაქათალის მაგისტრალური გზის მარცხენა მხარეს. აგებულია რიყის ქვითა და კაჭარით. ზოგიერთ ადგილას კედლის სისქე 150 სმ აღემატება, სიმაღლე – 250 სმ. კედლის სისტემაში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა იყო ჩართული – კოშკები, სამლოცველოები, საცხოვრებლები და სხვ. ძეგლის ნაშთები საკმაოდ შორ მანძილზე ვრცელდებოდა (სიგრძე დაახლ. 150 კმ), თუმცა თანამედროვე მშენებლობაში მისმა მასალად გამოყენებამ ბევრგან კედლის კვალი წაშალა.
კ. დ. კ-ს იხსენიებენ არაბი (იბნ ალ-ფაკიჰი, X ს.), სომეხი (მოვსეს კალანკატვაცი, X ს.) ავტორები, თუმცა დათარიღების შესახებ პირდაპირი მითითება არ არსებობს. ხალხური გადმოცემით კედელი აგებულია XII ს-ში, თამარ მეფის დროს.
1936 კ. დ. კ-ის მიდამოებში გათხრები ჩაატარა ა. პახომოვმა. მისი აზრით, კედელი აგებული უნდა იყოს V–VII სს. სასანიდების მიერ. ი. ადამიას მოსაზრებით, კ. დ. კ. ქვეყნის თავდაცვის მიზნით აშენებული უნდა იყოს ადგილ. მოსახლეობის, სახელდობრ „26 ენაზე მოლაპარაკე ტომების“ მიერ, ჯერ კიდევ ადრინდ. ფეოდალურ ხანაში, დაახლ. V–VI სს. მიჯნაზე.
საქართველოს ტერიტ-ზე სხვა მსგავსი ძეგლია კელასურის კედელი.
ლიტ.: ა დ ა მ ი ა ი., ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1969, №19; მ ი ს ი ვ ე, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წგ. 3 – საინგილო, თბ., 1979.
მ. ზალდასტანიშვილი