კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება, შეიქმნა 1881 წ. 28 ნოემბერს თბილისში. მასში გაერთიანდნენ კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების წევრები. მისი დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ისტორიკოსი დ. ბაქრაძე, რ-იც კ. ი. და ა. ს-ს 1886-მდე ხელმძღვანელობდა. საზ-ბის წესდების მიხედვით გაფართოვდა მისი მოღვაწეობის არე. მას უნდა შეესწავლა კავკასიის ისტორია, უპირატესად მისი ისტორიის წერილობითი და ნივთიერი წყაროები; შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაეცვა ეს ისტ. ძეგლები განადგურებისაგან; გათხრების შედეგად მოპოვებული ან მოსახლეობისაგან შესყიდული ძვ. ნივთები ბარდებოდა კავკასიის მუზეუმს (ამჟამად საქართ. ეროვნ. მუზეუმი), ხოლო ძველი ხელნაწერები – თბილ. საჯარო ბ-კას (ახლანდ. ეროვნული ბიბლიოთეკა).
1881–85 მოხერხდა ნაშრომების ორი ტომის გამოცემა. აქ გამოქვეყნებული ძეგლებიდან არქეოლ. თვალსაზრისით საინტერესოა პუნქტები, სადაც მოიპოვეს ზედაპირული არქეოლ. მასალა. ესენია: ახალციხე, ახალქალაქი, სოხუმი, ახალი ათონი, ხუცუბანი, ანაკოფია და სხვ. საინტერესოა კ. ი. და ა. ს-ს შრომებში დაბეჭდილი პოლკ. ნ. წილოსანის ინფორმაცია დილიჟანთან (ამჟამად სომხეთის ტერიტ.) ჩატარებული გათხრების შესახებ. მისი აზრით, აქ აღმოჩენილი სამარხები თავიანთი აღნაგობითა და ინვენტარით ჰგავს მცხეთის სამთავროს სამარხებს. საზოგადოების შრომების მეორე კრებულის გამოსვლის შემდეგ კ. ი. და ა. ს., მისი წინამორბედი კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების მსგავსად, უსახსრობის გამო დაიშალა. კ. ი. და ა. ს-ს არქეოლოგიური გათხრები არ უწარმოებია.