კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი, დაარსდა თბილისში 1917 წლის 1 ივლისს. ეს იყო პირველი ინ-ტი რუსეთის მეცნ. აკად. სისტემაში. დაარსების ინიციატორი და ოფიც. ხელმძღვანელი იყო ნ. მარი. ინ-ტის ძირითად მიზანს შეადგენდა კავკ. მოსახლეობის და მისი მონათესავე ხალხთა ენებისა და ისტ. შესწავლა, კავკასიისმცოდნეობასთან დაკავშირებული სამეცნ. დისციპლინების განვითარება, ყოფ. კავკ. სამეფისნაცვლოს ფარგლებში არსებული მატერ. და სულიერი კულტურის ძეგლების რეგისტრაცია-დაცვა. 1931 ინ-ტს დაემატა საბუნებისმეტყველო მეცნ. განყ-ბა და ეწოდა სსრკ მეცნ. აკად. კავკასიისმცოდნეობის ინ-ტი, რ-ის ბაზაზეც 1932 შეიქმნა სსრკ მეცნ. აკად. ამიერკავკ. ფილიალი. 1933 ამიერკავკ. ფილიალის ბაზაზე ჩამოყალიბდა სსრკ მეცნ. აკადემიის ამიერკავკ. ფილიალის საქართველოს განყ-ბა. 1935 მოხდა სსრკ მეცნ. აკად. ამიერკავკ. ფილიალის რეორგანიზაცია: ჩამოყალიბდა 3 დამოუკიდებელი ფილიალი – აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის. 1941 თებერვალში საქართვ. ფილიალის ბაზაზე ჩამოყალიბდა საქ. სსრ მეცნ. აკადემია. 1936 კავკასიისმცოდნეობის ინ-ტს ეწოდა აკად. ნ. მარის სახ. ამიერკავკ. ხალხთა ისტორიის, მატერ. კულტურის, ენისა და ლიტრის ინ-ტი, 1936 ივლისიდან კი – აკად. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი („ენიმკი"). ინ-ტი აწყობდა სამეცნ. ექსპედიციებს, ლექცია-მოხსენებებს. მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ამიერკავკ. და ჩრდ. კავკ. სამეცნ. წრეებთან. ჰქონდა აგრეთვე პერიოდული ორგანო – „კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის მოამბე".
ლიტ.: ჯ ა ნ ა შ ი ა ს., მოკლე ანგარიში ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის და მისი სამეცნიერო საბჭოს მუშაობისა 1936–1944 წწ., «ენიმკის მოამბე», 1944, ტ. 14; Д ж о р б е н а д з е С. М., Учреждения АН СССР и Тбилисский университет (Документы и факты), Тб., 1974.
ქ. თოფურიძე