კავკასიის მუზეუმი, კავკასიური მუზეუმი, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი კერა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კ. მ., როგორც კომპლ. სამხარეთმცოდნეო დაწესებულება, დაარსდა 1852 თბილისში რუს. გეოგრ. საზ-ბის კავკასიის განყ-ბასთან (რგსკგ) მწერალ ვ. სოლოგუბის ინიციატივით. მის შექმნაში მონაწილეობდნენ რუსი და ქართვ. მოღვაწეები (ა. ბერჟე, ი. ბარტოლომეი, ნ. ხანიკოვი, ა. ნიკოლაი, გ. ორბელიანი, დ. ყიფიანი, გ. ერისთავი, რ. ერისთავი და სხვ.). 1853 დამდეგს რგსკგ-მ აირჩია კ. მ-ის დირექცია (დირექციის თავ-რე – ა. ნიკოლაი, ერთ-ერთი დირექტორი – ვ. სოლოგუბი, ზედამხედველი – ა. ბერჟე). კ. მ-ს ჰქონდა 3 კაბინეტი: ეთნოგრ., ისტ. და საბუნებისმეტყველო. ეთნოგრ. კაბინეტის მოწყობაში დიდი წვლილი შეიტანა რ. ერისთავმა (მოაწესრიგა ეთნოგრ. მასალა, დაიწყო ეთნოგრ. კატალოგის შედგენა). კ. მ-თვის გამოყოფილი სახსრების სიმცირის გამო სამუზეუმო კოლექცია ივსებოდა უმთავრესად შეწირულებათა გზით. არსებობის პირველ წელს კ. მ-ს ჰქონდა მცირე კოლექცია (105 საგანი – ტანსაცმელი, ავეჯი, იარაღი, ჭურჭელი, სამკაული, მუს. საკრავები, ძვ. ფულები, მემორიალური ნივთები, ეგვიპტური მუმია, მინერალები და სხვ.). შეძენილ ექსპონატებს მეცნიერები სწავლობდნენ. 1855 სექტემბერში გაიხსნა პირველი გამოფენა. 1859 საბუნებისმეტყველო კაბინეტის კონსერვატორად (მცველად) მოიწვიეს ფ. ბაიერნი. მისი ხელმძღვანელობით მასალების შესაკრებად ეწყობოდა ექსპედიციები საქართვ. სხვადასხვა კუთხეში, რის შედეგადაც ფონდებს 28600 ექსპონატი შეემატა (მუზეუმის სივიწროვის გამო ბაიერნის კოლექციების დიდი ნაწილი ინახებოდა მის ბინაში). რგსკგ-ში სამუზეუმო საქმის საკითხებში იმხანად ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი თვალსაზრისი: ერთნი თვლიდნენ, რომ საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებისათვის ყველა პირობა არსებობდა (ამ თვალსაზრისს იცავდა რ. ერისთავი), სხვები მიიჩნევდნენ, რომ კ. მ. უნდა დახმარებოდა დასავლეთის მეცნიერებს კავკასიის გაცნობაში და ექსპონატებით შეევსო ევრ. მუზეუმების ფონდები. თანდათან გაიმარჯვა მე-2 თვალსაზრისმა (მისი მთავარი დამცველი იყო ი. ბარტოლომეი, რ-იც სოლოგუბის წასვლის შემდეგ, 1855-იდან, კ. მ-ის დირექტორად დაინიშნა). კ. მ-ის დირექცია ჯეროვანი ყურადღებით აღარ ეკიდებოდა ახ. ექსპონატების შეძენას. მაგ., 1857 მან უარი თქვა მ. ბარათაშვილის (ბარატაევის) ნუმიზმატიკური კოლექციის შეძენაზე, რ-იც შემდეგ ბერლინის მუზეუმში მოხვდა. რგსკგ-მ გააუქმა კ. მ-ის დირექცია და არსებითად, მუზეუმის ხელმძღვანელობა ი. ბარტოლომეის დაეკისრა. 1864 კ. მ. დაიხურა.
კ. მ. აღდგა 1865 გ. რადეს ინიციატივით. მუზეუმს გადაეცა ადრინდ. კ. მ-ის კოლექციები (173 ისტ.-ეთნ. და 3 ათასამდე გეოლ. და მინერალოგიური ექსპონატი). ამას შეემატა რადეს მიერ მოგზაურობის დროს (1864–66) მოპოვებული ექსპონატები. კ. მ-მა ურთიერთობა დაამყარა რუსეთისა და უცხოეთის მუზეუმებსა და სამეცნ. დაწესებულებებთან. 1867 წ. 2 იანვარს კ. მ. საზეიმოდ გაიხსნა. ჰქონდა 4 განყ-ბა: ეთნოგრ., ზოოლოგიის, ბოტანიკისა და გეოლოგიის, შემდეგ დაემატა მე-5 – ორნამენტებისა და სიძველეთა (მოგვიანებით არქეოლოგიის) განყ-ბა. 1865–67 შენაძენთა შორის აღსანიშნავია პასტორ რ. ფ. ჰოჰენაკერის კავკ. მცენარეთა დიდი ჰერბარიუმი, ბუნებისმეტყველ ქ. სტევენის ქართ. მუხების კოლექცია, მცხეთის მახლობლად ნაპოვნი თლილი ქვა რომის იმპ. ვესპასიანეს წარწერით. 1868 შეემატა ფ. ბაიერნის კოლექცია. 1869 მუზეუმის დირექციას დაექვემდებარა თბილ. საჯარო ბ-კა (ახლანდ. ეროვნული ბიბლიოთეკა). 1881 გაიხსნა ახ. გამოფენა, რ-ზეც წარმოდგენილი იყო საბუნებისმეტყველო და ეთნოგრ. ექსპონატები, ქართულ მასალასთან ერთად – კავკასიელ და სხვა მეზობელ ხალხთა მასალაც. გამოფენის გახსნა დაემთხვა თბილისში მოწვეულ მე-5 საერთაშ. არქეოლ. კონგრესს და კ. მ-ს გადაეცა 1879–81 არქეოლ. გათხრებით მოპოვებული მასალა; ხოლო 1889 თბილისში მოწყობილი სას.-სამ. და სამრეწვ. გამოფენის დახურვის შემდეგ – იქ გამოფენილი შინამრეწვ. საგნები. 80-იან წლებში შეიძინეს ფოტოგრაფ დ. ერმაკოვის კოლექციის ნაწილი. რამდენჯერმე დაიბეჭდა კ. მ-ის გზამკვლევი, გამოიცა კატალოგის `"Museum Caucasicum" 6 ტომი, პერიოდულად ქვეყნდებოდა მუზეუმის "მოამბე". XX ს. დამდეგის არქეოლ. შენაძენთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ახალგორის განძი და ურარტული ლურსმულწარწერიანი ქვების დიდი კოლექცია. 1911 კ. მ. დაიხურა შენობის ავარიული მდგომარეობის მიზეზით და იქვე დაიწყო ახალი შენობის აგება, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო მშენებლობა შეჩერდა. 1919 კ. მ-მ არსებობა შეწყვიტა.
1919 აგვისტოში დაარსდა საქართველოს მუზეუმი, რ-მაც მემკვიდრეობით მიიღო კ. მ-ის ფონდები და ქონება (იხ. აგრეთვე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი).
ლიტ.: ჟ ო რ დ ა ნ ი ა გ., კავკასიური მუზეუმის დაარსება, თბ., 1951; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი ოქტომბრის რევოლუციის 40 წლისთავზე, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 1957, t. 19А და 21В; Р а д д е Г. И. , Краткий очерк истории развития Кавказского музея в первые 25 лет существования. . . , Тфл., 1891.
გ. ჟორდანია