კავკასიის ომები, სამხედრო მოქმედებათა წყება, რომელიც მეფის რუსეთმა ჩაატარა კავკასიის დასამორჩილებლად XVIII–XIX სსში. ერთი მხრივ, ეს ბრძოლები მიმართული იყო კავკასიაში ირანისა და ოსმ. ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც კავკ. ხალხების ინტერესებს ეხმაურებოდა, მეორე მხრივ, ეს იყო დამპყრობლური ბრძოლა, რ-იც რუს. ცარიზმმა 1817–64 ჩრდ. კავკ. მთიელთა წინააღმდეგ წარმართა და ამით მთელი კავკასიის შემოერთების პროცესი დაასრულა.
ჩრდ. კავკასიაში საომარი მოქმედებების დაწყების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ავტორთა ერთი ნაწილი 1714 ასახელებს, მეორე – 1763, მესამე – 1818, ხოლო მეოთხე – 1829. ზოგიერთი ისტორიკოსი კავკასიის ომის დასაწყისად შეიხ მანსურის (XVIII ს. 80-იანი წლები) აჯანყებას მიიჩნევს, ხოლო კავკასიის ომის დასრულების თარიღზე (1859 – აღმ. კავკასიაში და 1864 – დას. კავკასიაში) ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება.
XVI–XIX სს-ში რუსეთ-კავკასიის ურთიერთობები პირობითად ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს – მშვიდობიანი და არამშვიდობიანი (ძალდატანებითი). პირველი ეტაპი, ანუ მშვიდობიანი, მოიცავს XVI–XVIII სს. I ნახევარს. ამ ეტაპს სამხ.-სამოკავშირეო ხასიათი აქვს. მეორე ეტაპი, რ-იც იწყება XVIII ს. II ნახ-იდან და გრძელდება XIX ს-ში, სრულდება რუსეთის მიერ კავკასიის ხალხთა დაპყრობით.
1763 რუსეთის მიერ ყაბარდოს კუთვნილი ტერიტორიის მითვისებით, მოზდოკის (ამჟამად ჩრდ. ოსეთი – ალანია) დაარსებითა და ამავე დროს ყიზლარ-მოზდოკის სამხ. ხაზის მშენებლობით იწყება დაპირისპირება ყაბარდოსა და რუსეთს შორის, რაც მეცნიერთა დიდი ნაწილის მიერ (ვ. ა. პოტტო, რ. ტრახო, ყ. ძამიხოვი და სხვ.) როგორც ადრე, ისე ამჟამად კავკასიის ომის დასაწყისად არის მიჩნეული. 1769 ზემოაღნიშნულ მოვლენებს ყაბარდოში საპრისტავოს დაარსება დაემატა, რაც ხელსაყრელი იყო რუსეთის მთავარი დასაყრდენი ძალის – ფეოდალებისათვის. ამავე დროს, 1774 რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, ყაბარდო (1739 ბელგრადის ზავით დამოუკიდებელი იყო) რუსეთის შემადგენელ ნაწილად ცნეს. რა თქმა უნდა, ამან რუსეთი საბოლოოდ წააქეზა, უფრო ინტენსიურად გაეტარებინა დამპყრობლური პოლიტიკა ყაბარდოსა და კავკასიის ჩრდ.-დას. ნაწილში.
1774 რუსეთმა დაიწყო აზოვმოზდოკის სამხ. ხაზის მშენებლობა, რის შედეგადაც ყაბარდოელთა სახნავი მიწებისა და საძვალეთა დიდი ნაწილი გადაეცა ამ ხაზზე განლაგებულ ახალ სტანიცებს. ამ ფაქტმა 1778-იდან მხარეებს შორის ახალი შეიარაღებული შეტაკებები გამოიწვია. 1779 დიდი ყაბარდოსა და მცირე ყაბარდოს მმართველებმა რუსეთს მოსთხოვა ყველა საზღვრისპირა რუსული ციხესიმაგრის – პავლოვსკის, მარინსკის, ანდრეევსკის და ალექსანდროვსკის – ლიკვიდაცია. უარის მიღების შემდეგ დაიწყო სამხ. მოქმედებები. ყაბარდოელებთან ერთად იბრძოდნენ ყუბანს იქით მცხოვრები ჩერქეზები, ბესლანელები, თემირგოელები და სხვები.
რუსეთის პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცა 1783 ყირიმის სახანოს გაუქმებამ და რუსეთთან მიერთებამ. ამის შემდეგ რუსეთის იმპერიისა და დას. ჩერქეზეთის საზღვარმა მდ. ყუბანზე გადაინაცვლა. ამავე წელს გეორგიევსკში რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ (1783) ყაბარდოსა და მთლიანად ჩრდ. კავკასიის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
1785 წ. 9 მაისს, კავკასიის გუბერნიის შექმნის შემდეგ (ცენტრი ქ. ეკატერინოგრადი) ყაბარდოსა და ჩაჩნეთში რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ სახალხო მოძრაობა დაიწყო, რ-მაც მეზობელ რ-ნებშიც გადაინაცვლა და საკმაოდ დიდი მასშტაბი მიიღო. მუსლიმების ზედა ფენამ ეს მოძრაობა რელიგ. სამოსელში გაახვია და ღაზავათის დროშით წარმართა. მოძრაობას სათავეში შეიხი მანსური ჩაუდგა (1785–91). დაღესტნის ფეოდალების ნაწილმა მანსურს მხარი არ დაუჭირა და რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, რამაც გააადვილა მისი დამარცხება ჩაჩნეთსა და ყაბარდოში. მანსურმა ჩრდ. კავკასიის დას. ნაწილში გადაინაცვლა და იქ გააჩაღა ბრძოლა. 1791 ადიღეელთა მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, მანსურმა თურქულ ციხესიმაგრეს, სუნჯუყ-ყალეს (ანაპა), შეაფარა თავი, საიდანაც რუსებმა ტყვედ აიყვანეს.
XIX ს. დასაწყისში ყაბარდოელებმა, ჩაჩნებთან და დას. ჩერქეზებთან ერთად, გაილაშქრეს ცალკეულ რუსულ ციხესიმაგრეებზე – კამენობროდსკოეზე (1809), პრიბლიჟნაიასა და პროხლადნაიაზე (1810).
უნდა აღინიშნოს, რომ განმათავისუფლებელ ბრძოლაში ყაბარდოელები დიპლომატიასაც მიმართავდნენ: 1809 დეკემბერში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ყაბარდო ფორმალურად ირანის ქვეშევრდომობაში შევიდა. ყაბარდოელი თავადების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს რუსეთთან მიერთებას, რასაც ისინი ღიად აცხადებდნენ ალექსანდრე ბატონიშვილთან და ირანის კართან მიმოწერაში.
1804 ირანის ხელისუფლებამ რუსეთს სამხრ. კავკასიიდან და დაღესტნიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვა, უარის მიღება მათ შორის ომის დაწყების (1804–13) საბაბად იქცა.
აჯანყებებმა (1804, 1809, 1810) და შავი ჭირის ეპიდემიამ (1804, 1807, 1810) დაასუსტა ყაბარდოს ეროვნ. ანტიკოლონ. მოძრაობა. ყაბარდოელთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საბოლოო ფაზაში შესვლა გენ.-ლ. ა. ერმოლოვის კავკასიის მთავარსარდლად დანიშვნას (1816) უკავშირდება. მას უკავშირებენ აგრეთვე კავკასიის ომის დაწყებას, თუმცა ომი გაცილებით ადრე დაიწყო.
ა. ერმოლოვმა ჩრდ. კავკასიაში საბრძოლო მოქმედებები სამ ნაწილად დაყო: ჩაჩნეთ-დაღესტანში, ყაბარდოსა და დას. ჩერქეზეთში. მთავარსარდლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვა მათი შეკავშირება.
1825 აჯანყების ჩახშობით ყაბარდოს დაპყრობის საბოლოო ეტაპი დამთავრდა, რ-იც 1763- იდან დაიწყო.
ა. ერმოლოვის მიერ ყაბარდოში დასრულებულმა სამხ. ლაშქრობებმა დაღესტნისა და ჩაჩნეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
XIX ს. 20-იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგ. მიმდინარეობა მიურიდიზმი. 1824 ამ იდეოლოგიის მამამთავარი მაგომედ იარაგული თავის ე. წ. პროგრამაში მიურიდებს მოუწოდებდა: უარი ეთქვათ ყოველგვარ მიწიერ სიკეთეზე… სახლი, მეუღლე, ბავშვები დაეტოვებინათ და მიჰყოლოდნენ მოწოდებას ბრძოლისკენ.
ამ მიზნით XIX საუკუნის 20– 30-იან წლებში დაღესტანსა და ჩაჩნეთში შეიქმნა სახელმწიფო – იმამატი. პირველი იმამი ყაზიმუჰამადი (ყაზიმოლა) იყო. მან სცადა ჩრდ. კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს გაერთიანება. მის წინააღმდეგ კავკასიის ჯარების სარდლობამ გამოყო დიდი სადამსჯელო ექსპედიციები და ყაზი-მუჰამადის რაზმები დაამარცხა. მომხრეთა მცირე ნაწილით ყაზი-მუჰამადმა მშობლიურ აულს – გიმრის შეაფარა თავი. 1832 წლის 17 ოქტომბერს, რუსეთის ჯარის მიერ გიმრის იერიშით აღების დროს, ყაზი-მუჰამადი დაიღუპა.
მეორე იმამი ჰოცატლელი ბეგი ჰამზატი გახდა. მან ავარიის სახანოს დამორჩილება სცადა, 1834 ხუნძახი აიღო და ხანის ოჯახი ამოწყვიტა, მაგრამ შემდგომ ავარიის ხანის ნათესავებმა, ოსმანმა და ჰაჯი-მურატმა, იგი მოკლეს (1834 წ. 13 სექტ.).
მესამე იმამი ხუნძი შამილი იყო. მან შეძლო დაღესტნისა და ჩაჩნეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული მთიელთა სახელმწიფოს – იმამატის შექმნა, რ-მაც 1834-იდან 1859-მდე იარსება.
შამილის ხელმძღვანელობით ანტიკოლონ. მოძრაობამ ჩაჩნეთსა და დაღესტანში განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო. 1834 წ. 18 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო აულები – ძველი და ახალი ჰოცატლი. შამილი იძულებული გახდა ავარიიდან წასულიყო. რუსთა ჯარების სარდლობამ მიიჩნია, რომ შამილი დაასუსტა და ორი წლის განმავლობაში შეტევითი ბრძოლა შეწყვიტა. შამილმა ისარგებლა ამ შესვენებით და ძალა მოიკრიბა. 1837 შამილს მთელი ავარია და ჩაჩნეთი ემორჩილებოდა.
1833–41 გენ. გ. ზასის მეთაურობით გაანადგურეს ნათხვაჯების, შაფსუღების, უბიხების და აბაძეხების უამრავი აული. ადამიანთა განუკითხავი კვლა და ძარცვა ადიღეში შეუპოვარი წინააღმდეგობის მიზეზი ხდებოდა და მთის საზოგადოების კონსოლიდაციასა და საერთაშ. აქტივობას იწვევდა. კავკასიაში რუსეთისგან მთიელების „დაცვის" საბაბით XIX ს. 30–50-იან წლებში წარმოიშვა „დამოუკიდებელი ჩერქეზეთის" შექმნის იდეა დას. ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი) დახმარებით.
1835 მიიღეს „ჩერქეზეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია." ჩერქეზების დიდი მეჯლისის ისტ. ცნობაში ნათქვამია, რომ XIX ს. 30-იან წლებში შემოღებული დროშა 12 ვარსკვლავით და 3 გადაჯვარედინებული ისრით ჩერქეზების ერთობის სიმბოლო გახდა. 1848 მდ. ადაგუმის ველზე შემდგარმა კრებამ გადაწყვეტილება მიიღო მართვის ერთიანი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, რ-შიც ერთიანდებოდნენ ადიღეელები და უბიხები. ამ დროიდან ჩერქეზეთი ხდებოდა პატარა რესპუბლიკების ფედერაცია.
ჩრდ. კავკასიაში, კერძოდ, ადიღეში განვითარებული მოვლენები იმამ შამილის დიდ ყურადღებას იპყრობდა. შამილმა, ადიღეელთა თხოვნით, იქ ნაიბები გაგზავნა. ერთ-ერთი მათგანი, მუჰამედ ამინი, აბაძეხების ნაიბი გახდა. იგი აქ 1848–59 მოღვაწეობდა.
მუჰამედ ამინმა შეძლო შამილის დავალების შესრულება – მიურიდიზმის გავრცელება და ადიღეს მოსახლეობის ნაწილში შარიათის რელიგ.-ეთნიკური და სამართლებრივი ნორმების დამყარება, მაგრამ ნაიბის მცდელობა, დას. ჩერქეზეთში ჩამოეყალიბებინა შამილის იმამატის მსგავსი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, უშედეგო აღმოჩნდა.
XIX ს. 40-იანი წლების მოვლენები ცნობილია როგორც "შამილის ბრწყინვალების ეპოქა". 1841–43 შამილმა შეძლო რამდენიმე გამარჯვების მოპოვება, კვლავ დაიკავა ხუნძახი და დაღესტნის მთელი რიგი რაიონები.
1844 რუსთა ჯარმა შამილის დასაყრდენი აული – დარგო იერიშით აიღო და დაანგრია; მთიელებმა ბრძოლით დაიხიეს უკან და მთებში მიუვალ ადგილებს შეაფარეს თავი.
მთიელთა ბრძოლა შამილის მეთაურობით უმაღლეს ფაზაში შევიდა ყირიმის ომის (1853–56) დროს. შამილმა თავისი მიზნების განხორციელება რუსეთის წინააღმდეგ ოსმალეთისა და ინგლისის ბრძოლას დაუკავშირა. იგი ოსმალეთს წინასწარ მოელაპარაკა. 1853 აგვ. 15-ათასიანი ჯარით შამილმა ზაქათალასთან მოიერიშეთა ხაზის გარღვევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამავე დროს ადიღეელებმა სცადეს სიმაგრეთა ხაზების გარღვევა. ამ დროს ყირიმის ომიც დაიწყო, ფრონტი კავკასიაშიც გაიხსნა.
1854 ზაფხულში შამილის რაზმები საქართველოშიც (კახეთი) შემოიჭრნენ ახალციხესთან დაბანაკებულ ოსმალეთის არმიასთან შესაერთებლად. მართალია მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ გაძარცვეს კახეთის სოფლები, მძევლად აიყვანეს გავლენიან ქართველ თავადთა ოჯახები და გამოსასყიდი მოსთხოვეს. შამილს ამით სურდა რუსეთის არმიის ტყვეობიდან თავისი შვილის განთავისუფლება, რაც შეისრულა კიდეც.
1856 დანიშნულმა მთავარსარდალმა ა. ბარიატინსკიმ ახალი ძალით შეუტია იმამატს. 1859 თითქმის მთელი ჩაჩნეთი და მთიანი დაღესტანი რუსთა ჯარებმა დაიკავეს. იმავე წლის გაზაფხულზე შამილის ჯარს ალყა შემოარტყეს აულ ვედენოში. მან შეძლო მცირე რაზმით დაღესტნის აულ ღუნიბში გამაგრება, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა 1859 წ. 25 აგვ. რუსთა ჯარს დანებებოდა.
ადიღეელები კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1861 წ. 13 ივნისს ადიღეელთა და უბიხთა წარმომადგენლებმა საყოველთაო კრებაზე, მდ. სოტის ნაპირზე აირჩიეს მეჯლისი – ჩერქეზეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უბიხთა ლიდერის, ხაჯი გერანდუყ ბერზექის მეთაურობით; ჩერქეზთა სახელმწიფოს შექმნის შესახებ აუწყეს მეფის რუსეთს, თურქეთს, ინგლისსა და საფრანგეთს.
მეჯლისის თხოვნით ხელმძღვანელობამ 1861 ივნისიდან დაიწყო დიპლ. გზებით საკითხის მოგვარება და მიმართა ზემოაღნიშნულ ქვეყნებს ჩერქეზთა დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. მათი დელეგაცია ინგლისშიც კი იმყოფებოდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
1860 ადიღეელთა სუბეთნიკური გაერთიანების – ნათხვაჯების, ხოლო 1862–64 აბაძეხების, შაფსუღებისა და უბიხების წინააღმდეგობაც გატეხეს. 1864 წ. 21 მაისს რუსეთის ჯარებმა მდ. მზიმთის სათავეში მთიელთა ბრძოლის უკანასკნელი კერა – კბაადა (ახლანდ. კრასნაია პოლიანა) დაიკავეს. ეს თარიღი კავკასიური ომების დასასრულად ითვლება.
წყარო: Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 1–12; Тфл., 1866–1904; Движение горцев Сев.- Вост. Кавказа в 20–50 гг. XIX в. Сб. документов, Махачкала, 1959; Кавказ. Сб., т. 1–3, 6–32, Тфл., 1876–1912; Народноосвободительная борьба Дагестана и Чечни под руководством Имама Шамиля. Сборник документов, Махачкала, 2005.
ლიტ.: ბ უ რ ჭ უ ლ ა ძ ე ე., ყირიმის ომი და საქართველო, თბ., 1960; კვიციანი ჯ., კავკასია და კავკასიელები, თბ., 2012; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4–5, თბ., 1970–73; ხ ო რ ა ვ ა ბ., აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, თბ., 2004; Д а д а е в Ю. У., Наибы и Мудиры Шамиля, Махачкала, 2009; Д у б р о в и н Н. Ф., История войны и владычества русских на Кавказе, т. 1–6, СПб., 1871–88; П о л о в и н к и н а Т., Черкесия – дочь моя и надежда, Нальчик, 2014; С м и р н о в Н. А., Мюридизм на Кавказе, М., 1963.
ჯ. კვიციანი