კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, დაარსდა თბილისში 1864 წ. 5 აპრილს. საზ-ბის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გამოჩენილ საზ. მოღვაწეებს: გ. ორბელიანს, ზ. ზუბალაშვილს, ს. ალექსი-მესხიშვილს, პ. სობოლშჩიკოვს, ი. პრიბილს, ი. მინკევიჩს და სხვ.
კ. ს. ს-ის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა „ექიმთა სამეცნ. დახელოვნების, მედიცინის ყველა პროფილის განვითარების ხელშეწყობა და მოსახლეობაში სამედ. ცოდნის ფართო გავრცელება". სამეცნ.-კვლ. მიზნების გარდა კ. ს. ს. დაინტერესებული იყო მოსახლეობის სამედ. მომსახურების უზრუნველყოფის, სამედ. განათლების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სამედ. პერსონალის შრომითი პირობების საკითხებით. დებულებასთან ერთად კ. ს. ს-ს განსაზღვრული ჰქონდა საზ-ბის წევრობის სხვადასხვა ფორმა: ა) ნამდვილი წევრები (ამ ჯგუფში შედიოდნენ ექიმები); ბ) თანამშრომელი წევრები (ამ ჯგუფში ძირითადად შედიოდნენ ექიმივეტერინარები, ფარმაცევტები და ყველა ის პირი, რ-ებიც მზად იყვნენ „საკუთარი ცოდნა გამოეყენებინათ საზოგადოებრივი მიზნებისათვის"); გ) წევრები, რ-ებსაც შეეძლოთ ერთჯერადად საზოგადოებისათვის მსხვილი თანხის გადაცემა ან ყოველწლიური შენატანის გადახდა; დ) წევრ-კორესპონდენტები, რ-თა შერჩევა უცხოეთის მოქალაქეებიდან ხდებოდა; ე) საპატიო წევრები (გამოჩენილი მეცნიერები ან სამედ. მეცნიერების მხარდამჭერები).
წლების განმავლობაში კ. ს. ს-ის საპატიო წევრები იყვნენ ლ. პასტერი, რ. კოხი, ჯ. ლისტერი, რ. ვირხოვი, ნ. პიროგოვი, ი. პავლოვი, ი. სეჩენოვი, დ. მენდელეევი, ი. მეჩნიკოვი, ს. ბოტკინი, ვ. ბეხტერევი, ი. თარხნიშვილი და სხვ.
კ. ს. ს-ის წევრები სწავლობდნენ სამკურნ. და პროფილაქტიკური მედიცინის საკითხებს, მოსახლეობის სანიტარიულ მდგომარეობას, საქართვ. კლიმატის თავისებურებებს და საკურორტო ადგილებს, მოსახლეობის სამედ. მომსახურების უზრუნველყოფის საკითხებს, საქართვ. უძველეს სამედ. ტრადიციებს, ატარებდნენ ეპიდსაწინააღმდეგო და საგანმან. საქმიანობას.
კ. ს. ს-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კავკასიაში ეპიდემიების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში. მისი წევრების მოთხოვნის საფუძველზე 1892 ნ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სპეც. კომისია, რ-საც დაევალა საექიმო-სანიტ. დაწესებულების პროექტის შედგენა. კომისიის წინადადებით 1893 თბილისში შეიქმნა მუდმივმოქმედი სანიტარიული ორგანიზაცია, რ-საც დაევალა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება და მოსახლეობის ინფორმირება.
კ. ს. ს. გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანაში შეესწავლათ სიკვდილიანობის სტატისტიკა, მოსახლეობის სანიტ. მდგომარეობა, მისი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, აგრეთვე წყლის ხარისხი.
კ. ს. ს-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა მოსახლეობის სამედ. მომსახურების გაუმჯობესება. არსებობის პირველივე წელს საზ-ბამ წამოაყენა სამკურნ. დაწესებულებების დაფუძნების საკითხი. მათივე ძალისხმევით 1867 ამოქმედდა ამბულატორია აფთიაქთან ერთად, სადაც 20 წლის განმავლობაში საზ-ბის წევრები უსასყიდლოდ ღებულობდნენ პაციენტებს და უფასოდ გადასცემდნენ მათ საჭირო მედიკამენტებს.
კ. ს. ს-ის წევრები დეტალურად აკონტროლებდნენ სამკურნ. დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს, რის საფუძველზეც დაწესებულების ხელმძღვანელობას აძლევდნენ სათანადო რეკომენდაციებს მოსახლეობის სამედ. მომსახურების გასაუმჯობესებლად. საზ-ბის წევრებმა შეაგროვეს და შეისწავლეს საქართვ. მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის სამკურნ. საშუალებები, რ-ებსაც სახალხო მკურნალები ფართოდ იყენებდნენ. 1872 მოსკოვში გამართულ გამოფენაზე საზ-ბამ წარადგინა სახალხო მკურნალების მიერ გამოყენებული სამკურნ. საშუალებების კოლექცია, რ-მაც II ხარისხის ჯილდო დაიმსახურა, ხოლო 1873 ვენის მსოფლიო გამოფენაზე იმავე კოლექციამ მიიღო მედალი „დამსახურებისათვის ჯანდაცვაში".
კ. ს. ს-ის ინიციატივით პერიოდულად ტარდებოდა ექიმთა ყრილობები, რ-ებზეც განიხილებოდა ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებებთან და მათ მკურნალობასთან დაკავშირებული აქტ. საკითხები. მისი წევრები ამზადებდნენ საჯარო მოხსენებებს მკურნალობის ახალი მეთოდების, აპარატურისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შესახებ.
კ. ს. ს-ის დამსახურებას წარმოადგენს სამეცნ.-სამედ. ლიტ-რის შექმნა საქართველოში. საზ-ბამ 1864–1907 წლებში გამოსცა „კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ოქმების" 30 და „სამედიცინო კრებულის" 70 ტომი. 1908–17 წლებში პუბლიკაციები გამოდიოდა სახელწოდებით „კავკასიის სამედიცინო საზოგადოების შრომები და ოქმები". 1929 ამ სახით საზ-ბამ ფუნქციონირება შეწყვიტა.
რ. შენგელია
ნ. ჩიხლაძე