კავკასიის სამუსიკო საზოგადოება, დაარსდა თბილისში 1871. საზ-ბის დაარსების ინიციატორები იყვნენ რუსი კომპოზიტორი მ. ბალაკირევი და წარმოშობით გერმანელი ვ. კიუნერი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ა. მიზანდარი, ე. ეფშტაინი. კ. ს. ს. მიზნად ისახავდა მუს. განათლების გავრცელებას და მუს. გემოვნების განვითარებას მოსახლეობაში. მის წევრთა შორის მრავლად იყვნენ ქართვ. თავადაზნაურობის წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები, მაღალი რანგის ოფიცრები, დიდი მოხელეები, მსხვილი ვაჭრები და კომერსანტები. მათი შემოწირულობებისა და საწევრო გადასახადების მეშვეობით შესაძლებელი გახდა სამუსიკო სკოლის, სიმფონიური ორკესტრის, სპეც. ბიბლიოთეკის შექმნა. მაგრამ ინტერესი საზ-ბის წამოწყებებისადმი თანდათან ნელდებოდა და 1876 საზ-ბამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.
მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, კ. ს. ს-მ გარკვეული როლი ითამაშა თბილ. მუს. ცხოვრებაში. მან პირველმა შეძლო ქალაქში გაბნეული მუსიკოსების თავმოყრა და მხატვრულ კოლექტივებში (გუნდი, ორკესტრი) გაერთიანება, რითაც საფუძველი ჩაუყარა საკონცერტო ტრადიციებს. პირველმა დაუდო სათავე პროფ. სამუსიკო განათლებას საქართველოში.
ლიტ.: მ შ ვ ე ლ ი ძ ე ა., სამუსიკო განათლება საქართველოში, თბ., 1976.