კავკასიის სასწავლო ოლქი, დაარსდა 1848, კავკასიის მეფისნაცვლის, მ. ვორონცოვის ინიციატივით. სათავეში ედგა სასწავლო ოლქის მზრუნველი. კ. ს. ო. თავდაპირველად შედგებოდა 4 დირექციისაგან: თბილისის, ქუთაისის, სტავროპოლისა და შავიზღვისპირეთის. 1860 მეფისნაცვალმა ა. ბარიატინსკიმ კ. ს. ო. გააუქმა და სკოლების მმართველობა გუბერნიებს გადასცა. ამ ღონისძიებამ არ გაამართლა და 1864 დააარსეს კავკ. სასწ. დაწესებულებების ინსპექცია, ხოლო 1868 კ. ს. ო. აღადგინეს და დააწესეს 6 დირექცია: თბილისის, ქუთაისის, ბაქოს, ერევნის, სტავროპოლისა და ყუბანის.
ელიზავეტოპოლის (განჯის) გუბერნიის სკოლები ემორჩილებოდა თბილ. სასწავლებელთა მმართველობას. 1872, კავკ. სასწავლებელთა მართვის ახ. დებულებით, კ. ს. ო-ის კონტროლს დაექვემდებარა არა მარტო ოფიც., არამედ საზ. და კერძო სკოლებიც, შეიქმნა სამზრუნველო საბჭო. დაწესდა 2 ინსპექტორის შტატი, დამატებით შეიქმნა ელიზავეტოპოლის გუბ. სკოლების დირექცია. ადგილ. სასწ. სისტემა მთლიანად გაუთანაბრდა რუს. იმპერიაში მოქმედ სისტემას. ყველა სასწ. ოლქი, მ. შ., კ. ს. ო. გაუქმდა 1918.
ნ. პაპავა