კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, დაარსდა თბილისში 1850. მან შეცვალა 1833– 49 არსებული „სოფლისა და მანუფაქტურული მრეწველობის და ვაჭრობის საზოგადოება". კ. ს. მ. ს-ს როგორც მთავრობის, ისე „განათლებულ კერძო პირთა და მემამულეთა" დახმარებით ხელი უნდა შეეწყო სოფ. მეურნ. განვითარებისათვის. იგი მიზნად ისახავდა მარცვლეულის წარმოების, მებაღეობის, მებოსტნეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის დარგების გაუმჯობესებას, ახ. იარაღ-მანქანების გავრცელებას, მორწყვის სისტემის სრულყოფას, უცხო ქვეყნების მიღწევათა დანერგვას, სპეციალისტების მოწვევას, სპეც. და ტექ. კულტურების – მეთამბაქოეობის, მებამბეობის და სხვ. გავრცელება-განვითარებას; მემცენარეობისა და მეცხოველეობის საუკეთესო ჯიშების, თესლების, ნერგების შემოტანასა და გავრცელებას; სოფ. მეურნ. პროდუქციისა და იარაღების გამოფენათა ორგანიზაციას, მემამულურ-სავაჭრო მიწათმოქმედების წახალისებას, სოფ. მეურნ. პროდუქციის ტექ. გადამუშავების, საოჯახო მრეწვ. და ხელოსნობის გაუმჯობესებას. კ. ს. მ. ს-ს თავდაპირველად სახელმწ. მოხელეები მეთაურობდნენ, რ-ებიც ნაკლებად იცნობდნენ ადგილ. პირობებს და სოფ. მოსახლ. ძირითადი მასის ინტერესებს. ამიტომაც დასავლეთის რაციონალური მეურნეობის მიღწევების გადმონერგვის ცდები მეტწილად არაეფექტური გამოდგა. ბატონყმობის გაუქმების (1964) შემდეგ კ. ს. მ. ს-ს ერთგვარი გამოცოცხლება დაეტყო. იგი ცდილობდა განევითარებინა სავაჭრო მიწათმოქმედება, რათა ცენტრ. სამრეწვ. გუბერნიები მოემარაგებინა „სამხრეთის კლიმატის“ სპეც. ტექ. კულტურათა იაფი პროდუქტებით, კავკასიაში დაბანაკებული ჯარის ნაწილები – სურსათ-სანოვაგით და სხვ.
კ. ს. მ. ს-ს სოფ. მეურნ. გაუმჯობესების მიზნით გაშენებული ჰქონდა სააკლიმატიზაციო ბაღი, მეთესლეობის დეპო, საცდელ-საჩვენებელი მინდვრები, ფერმები; ამზადებდა პრაქტიკოს მებაღეებს, ქმნიდა ადგილ. და უცხ. მცენარეების კოლექციას, ცდილობდა მათ დანერგვასა და გავრცელებას, მიწათმოქმედებას ამარაგებდა გაუმჯობესებული მანქანა-იარაღებით და სხვ.
კ. ს. მ. ს-ის საქმიანობა თანდათან გასცდა თბილისის გუბერნიის ფარგლებს; 1884 ქუთაისში გახსნა თავისი პირველი განყ-ბა, XX ს-იდან კი განყ-ბები გახსნა ამიერკავკ. სოფ. მეურნ. ყველა მნიშვნელოვან ცენტრში, სადაც აგრონ. და სხვა სახის დახმარებას უწევდა უპირატესად მსხვილ მემამულეებს. გლეხობას არ გააჩნდა არც ნივთიერი შესაძლებლობა და არც სათანადო ცოდნა, ამიტომ კ. ს. მ. ს-ის მიერ შეთავაზებულ დახმარებას ვერ იყენებდა.
კ. ს. მ. ს-ის (1850–1918) მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კავკასიაში სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას. საზ-ბამ იარსება 1921-მდე.
ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს. მონოგრაფიები, ტ. 3–4, თბ., 1959–65; მ ი ს ი ვ ე , Сельское хозяйство и аграрные отношения (Соц.-экон. история Грузии и Закавказья. Источники), т. 1–4, Тб., 1937–55; И о с е л и а н и И., Обзор деятельности Императорского Кавказского общества сельского хозяйства за пятьдесят лет. 1850–1900, в. 1, Тфл., 1901.
პ. გუგუშვილი