კავკასიის სოციალ-რევოლუციური საზოგადოება, ქართველ და სხვა კავკასიელ ახალგაზრდათა ფარული რევოლუციურ-ხალხოსნური ორგანიზაცია. ჩამოყალიბდა 1873–74. ფართო რევ. მუშაობა გაშალა 1875–76. საზ-ბის ბირთვი გახდა გორის წრე, რ-იც 1872–73 შეიქმნა. 1874–78 მასში გაერთიანდნენ თბილისის, ქუთაისის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, ვლადიკავკაზის წრეები, კავკ. სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ხალხოსანთა ჯგუფები და ცალკეული ხალხოსნები. ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული და ემორჩილებოდნენ საერთო ხელმძღვანელობას. საზ-ბას საქმიანი კავშირ-ურთიერთობა ჰქონდა სრულიად რუსეთის სოც.-რევ. ორგანიზაციასთან, რ-საც კავკ. ახალგაზრდები ხელმძღვანელობდნენ. საზ-ბის ადმინისტრაციაში შედიოდნენ ი. ქიქოძე, ე. იოსელიანი, მ. ყიფიანი. მათ ერთმანეთთან სისტემ. მიმოწერა ჰქონდათ საიდუმლო შრიფტით. პერიოდულად აწყობდნენ თათბირებს, რ-ებსაც ადგილ. ხალხოსნური წრეების აქტ. წევრებიც ესწრებოდნენ.
1876 მაისში მ. ყიფიანის თავრეობით ქუთაისში ჩატარდა საზბის გაფართოებული თათბირი, რ-მაც ვ. გაბიჩვაძეს დაავალა საზბის პროგრამის პროექტის შედგენა. მას ჰქონდა წესდება, რ-ის ფრაგმენტმაც "ჯამის წესდების" სახით ჩვენამდე მოაღწია. წესდების მიხედვით, იგი მტკიცედ დარაზმული, დისციპლინებული, კონსპირაციული, ცენტრალიზებული ორგანიზაცია იყო. მისი წევრები რევ. პროპაგანდას ეწეოდნენ გლეხობასა და მოსწავლე ახალგაზრდობაში, რისთვისაც იყენებდნენ როგორც რუსულიდან თარგმნილ აკრძალულ წიგნებს, ისე თავიანთ წერილებსა და პროკლამაციებს. საპროპაგანდო მასალას ბეჭდავდნენ სოფ. ტყვიავის არალეგალურ სტამბაში, რ-საც ხელმძღვანელობდა ხალხოსანი ვ. სამადაშვილი. საზ-ბა გურიაშიც აპირებდა სტამბის გამართვას. ამისათვის საზღვარგარეთიდან გამოიწერეს და ბათუმში ჩამოიტანეს სასტამბო მოწყობილობა, მაგრამ დაწყებული რეპრესიების გამო ეს ვერ განხორციელდა. ორგანიზაცია გასცა მოღალატემ. 1876 წ. 6 ოქტ. მთელ კავკასიაში დაიწყო რევოლუციონერთა დაპატიმრება, რაც 1878-მდე გაგრძელდა. დააპატიმრეს 80-ზე მეტი კაცი, მ. შ. არაერთი ქალი. მათგან 38 კაცი გამოძიების პერიოდშივე გაათავისუფლეს, 32 კაცი ადმ. წესით დასაჯეს, ხელმძღვანელებს – ე. იოსელიანსა და მ. ყიფიანს ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.
წყარო: გიორგაძე გ., თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში (1870–1902), წგ. 1, ტფ., 1929.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. მეორე ნახ.), თბ., 1967; შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., ამიერკავკასიელები „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციურ ორგანიზაციაში“ (1874–1876 წწ.), თბ., 1974; მ ი ს ი ვ ე, ნარკვევები ამიერკავკასიის ხალხთა რევოლუციურ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან, თბ., 1971; მ ი ს ი ვ ე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960; ხ უ ნ დ ა ძ ე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2, ტფ., 1927.
ზ. შველიძე