კავკასიის უნივერსიტეტი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძო სამართლის იურიდიული პირი (შპს). კ. უ-ის ისტორია იწყება 1998-იდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის (დაარსდა 2004) შექმნით, რ-იც დაფუძნდა სხვადასხვა უნ-ტების (თსუ, სტუ, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტი) ბაზაზე შექმნილი კონსორციუმის მიერ, ჯორჯიის სახელმწ. უნ-ტთან (ატლანტა, აშშ) ურთიერთთანამშრომლობით.
კ. უ. შედგება ბიზნესის; სამართლის; მედიის; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა; ტექნოლოგიების; სახელმწიფო მართვის; ტურიზმის; ეკონომიკისა და ჯანდაცვის და ახალი კინოს სკოლებისგან. უნ-ტს აქვს უფლება, კურსდამთავრებულებს მიანიჭოს სპეციალისტის კვალიფიკაცია, ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. უნტში მოქმედებს მრავალფეროვანი სასერტიფიკატო პროგრამები. კ. უ-ს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნ-ტებთან; სტუდენტები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში; ამავდროულად, კ. უ-ში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
კავკასიის ბიზნესის სკოლა დაარსდა 2005 აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს [Eurasia Foundation and US Information Agency (USIA)] მიერ გამოყოფილი გრანტით, 2004 გახდა კერძო იურიდიული პირი და მის ბაზაზე შეიქმნა კ. უ., რ-ის შემადგენლობაშიც ერთერთი სკოლის (ფაკ-ტის) სახით დარჩა. მის ბაზაზე შეიქმნა კავკასიის ტურიზმისა და კავკასიის ჯანდაცვის სკოლები. ტურიზმის (ბაკალავრიატში) და ჯანდაცვის ადმინისტრირების (სამაგისტრო) პროგრამა თავდაპირველად ცალკე პროგრამების სახით არსებობდა. მოგვიანებით კი მათთვის დაარსდა სკოლები. 2004-ის შემდეგ იგი წარმოადგენს გრენობლის ბიზნესსკოლის (Grenoble Graduate School of Business) საერთაშ. კამპუსს და სტუდენტებს სთავაზობს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას. კავკასიის ბიზნესის სკოლის აკადემიურ პროგრამებს 2005–10 წლებში მინიჭებული ჰქონდა ცენტრ. და აღმ. ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.
სკოლაში ფუნქციონირებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სასერტიფიკატო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (სპეციალობები: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა), ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა საერთაშ. ბიზნესის მენეჯმენტში, ბიზნესის ადმინისტრირების ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა მარკეტინგში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია), მენეჯმენტში (აშშ, დიდი ბრიტანეთი), ფინანსებში (აშშ, დიდი ბრიტანეთი); სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA); მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა (MSc).
კავკასიის სამართლის სკოლამ (CSL) ფუნქციონირება 2005 წლის სექტემბრიდან დაიწყო. აქ ხორციელდება სამსაფეხურიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლება. სკოლაში ფუნქციონირებს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში მოქმედებს ქართულ-ევროპული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა. კავკასიის სამართლის სკოლაში სამართლის სამაგისტრო პროგრამა ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში.
2015 სამართლის სკოლაში შეიქმნა „შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამა, რ-ის მიზანია ქართ. და უცხო ქვეყნების სამოქალაქო სამართლის სისტემის შესწავლა. სკოლას აქვს იურიდიული კლინიკა. სტუდენტის კლინიკური სწავლება ხორციელდება სასამართლო ორგანოებში, იურიდიულ (საადვოკატო) ბიუროებში, საჯარო დაწესებულებებში, აგრეთვე სამართლებრივი პროფილის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.
კავკასიის მედიის სკოლაში (დაარსდა 2007) მოქმედებს საბაკალავრო [ჟურნალისტიკა/ მასობრივი კომუნიკაცია, პიარი (PR – საზოგადოებასთან ურთიერთობა), მედიახელოვნება და რეჟისურა – აუდიოვიზუალური ხელოვნება] და სამაგისტრო (ჟურნალისტიკა/ მასობრივი კომუნიკაცია, სტრატეგიული კომუნიკაცია) პროგრამები. სტუდენტებისთვის მუშაობს IREX-ის განათლების მულტიმედია ცენტრი.
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოც. მეცნიერებათა სკოლაში (დაარსდა 2008) მოქმედებს საბაკალავრო (ევროპისმცოდნეობა, ინგლისური ფილოლოგია, ისტორია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია) და სამაგისტრო (ევროპისმცოდნეობა; მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია; კლინიკური ფსიქოლოგია) პროგრამები.
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (დაარსდა 2008) სამი საბაკალავრო პროგრამაა: კომპიუტერული ტექნოლოგიები (ინფორმატიკა), ტელეკომუნიკაცია და არქიტექტურა. ასევე მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში. სკოლა სტუდენტებს სთავაზობს დამატებით სპეციალობას – პროგრამირებას (Minor).
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (დაარსდა 2008) ხორციელდება საბაკალავრო (საჯარო მართვა, საერთაშ. ურთიერთობები და პოლიტიკა მეცნიერებაში) და სამაგისტრო პროგრამები (დიპლომატია და საერთაშ. ურთიერთობები, საჯარო მმართველობა). სახელმწ. მართვის სკოლაში 2016 ფუნქციონირება დაიწყო მშვიდობის კვლევის ინ-ტმა (Institute of Peace Studies). ამ განხრით კ. უ. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნ-ტებთან: ირლანდიის ტრინიტის კოლეჯთან (Trinity College University), ქ. დუბლინისა (Dublin City University) და ინსბრუკის (ავსტრია) (The University of Innsbruck) უნ-ტებთან.
კავკასიის ტურიზმის სკოლა (დაარსდა 2009; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები) ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში.
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა (დაარსდა 2012). 2013 დეკემბრიდან, მისი გაფართოებისა და პროგრამების დამატების შემდეგ, სკოლამ შეიცვალა სახელი და ეწოდა კავკასიის ჯანდაცვის სკოლა. აქ მოქმედებს საბაკალავრო (ჯანდაცვის მენეჯმენტი, ეკონომიკა), სამაგისტრო (ჯანდაცვის მენეჯმენტი, ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები) და სადოქტორო (ეკონომიკა) პროგრამები.
კავკასიის ახალი კინოს სკოლაში (დაარსდა 2014) მოქმედებს კინორეჟისურისა და კინოდრამატურგიის საბაკალავრო პროგრამები.
თ. ალიბეგაშვილი