გლობულარია (Globularia) გლობულარიასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 25-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია მწვანე კონცხის კ-ებიდან დას. აზიამდე.
საქართველოში ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა იზრდება – ბეწვყვავილა გ. (G. trichosantha). მისი 10–30 სმ სიმაღლის ღერო (ერთი ან მრავალი) მოფენილია დაკნინებული ფოთლებით. ფოთლების უმეტესობა ღეროს ძირშია როზეტად თავმოყრილი. აქვს ცისფერი ყვავილი.
გვხვდება იშვიათად შიგა ქართლში, კახეთსა და ქიზიყში, აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, აღმ. ევროპასა და მცირე აზიაში. იზრდება ტყისპირა ჩამონაზვავზე, ნატყევარ მშრალ ფერდობზე დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე.