კავკასიონის ანთროპოლოგიური ტიპი, კავკასიონის ქედზე მცხოვრებ მოსახლეობაში არსებული ანთროპოლოგიური ტიპი. კ. ა. ტ. ხევსურების შესწავლის საფუძველზე პირველად 1953 წელს იქნა გამოყოფილი ა. ნათიშვილისა და მ. აბდუშელიშვილის მიერ. საქართველოს მაღალი მთიანეთის ეთნოგრ. ჯგუფები გამოირჩევა განსხვავებულ ნიშანთა კომპლექსით. მათ ახასიათებთ: მაღალი ფართო სახე, განიერი ქვედა ყბა, დიდი თავის ქალას მაჩვენებელი, ფართო შუბლი, ოდნავ დაშვებული ცხვირის წვეტი, ღია ფერის თვალების საშუალო პროცენტი, მაღალი ტანი, მაღალი ცხვირი, მედიალურ სიბრტყეში ოდნავ დაქანებული თვალის ჭრილი და საშუალო ან მაღალი ცხვირის უნაგირი. ქართული ჯგუფებიდან ნიშანთა ასეთი კომპლექსი ახასიათებთ ფშაველებს, თუშებს, მოხევეებს, ხევსურებს, მთიულებს, გუდამაყრელებს, მთის რაჭველებს, სვანებს, თიანეთის რაიონის კახელებს. აღწერილი ტიპი ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან რეგიონებსა და კავკასიონის ქედზე მცხოვრებ მოსახლეობაში, ამიტომაც მას კავკასიონის ტიპი უწოდეს. მასში, გარდა ქართველებისა, გაერთიანებულია დაღესტნის მაღალმთიანეთის მთელი რიგი ჯგუფი. კავკასიონის ტიპი მეტად თავისებურია. მ. აბდუშელიშვილის აზრით (1957), მსგავსი ფორმები არ გვხვდება არამცთუ კავკასიის, არამედ უფრო ფართო არეალზეც კი. მისივე აზრით, ის ფაქტი, რომ მის შემადგენლობაში შედის სულ სხვადასხვა ეთნ. წარმომავლობის ჯგუფები, მეტყველებს იმაზე, რომ კავკასიონის ტიპის ჩამოყალიბება წინ უსწრებდა ამ ეთნ. ჯგუფების ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, ამ ვარიანტის არქაულობის მაჩვენებელია (1971). გ. დებეცმაც მას კავკასიურ ვარიანტთა შორის „ყველაზე უფრო კავკასიური'' უწოდა (1956).
კ. ა. ტ-ის გამოყოფისთანავე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება მის გენეზისთან დაკავშირებით. გ. დებეცის აზრით (1956), კავკასიონის ტიპის მქონე მოსახლეობის უფრო ღია პიგმენტაცია და სახის სიგანე პარალელებს პოულობს კავკასიის ჩრდ-ით ბრინჯაოს ხანის პროტოევროპეოიდულ მოსახლეობაში. ნ. მიკლაშევსკაია თვლიდა, რომ კავკასიონის ტიპის გენეზისი დაკავშირებულია სარმატთა ბრაქიკრანულ ტომებთან, ხოლო ვ. ალექსეევის მიხედვით, ამ ტიპის წარმომავლობა იზოლაციისა და კონსერვაციის შედეგია. მისი აზრით, კავკასია არ შედიოდა გრაცილიზაციის მოქმედების არეალში და ამდენად კავკასიონის ტიპი ჩამოყალიბდა იმავე ტერიტორიაზე, რ-იც მას ამჟამადაც უკავია უძველესი მოსახლეობის ანთროპოლ. თავისებურებების შენარჩუნებით. იგი, შესაძლოა, აღმოცენებულია ნეოლითის ან ზემოპალეოლითის ევროპეოიდული რასის პალეოევროპეოიდული ტიპისაგან. მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობის იზოლაციამ ხელი შეუწყო ამ თავისებურებების კონსერვაციას. მოგვიანებით ვ. ალექსეევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კავკასიის მოსახლეობის ტიპების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპეოიდულმა ტიპმა – მასიურმა და ფართოსახიანმა, რ-იც შეიცავდა პროტომორფული ნიშნების საგრძნობ რაოდენობას, და ვიწროსახიანმა, რ-იც მიეკუთვნებოდა სამხრეთევროპეოიდულ რასას. ეს მასიური და ფართოსახიანი მოსახლეობა ძირითადად კავკასიონის ქედზე იყო გავრცელებული და იზოლაციისა და კონსერვაციის პირობებში იგი დღემდე შემორჩა.
ქართველი ანთროპოლოგების აზრით, კავკასიონის ტიპის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ადგილ. ანთროპოლოგიურ ტიპებთან, რებმაც განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილება სამხრეთევროპეოიდული ტიპების ეპოქალური ტრანსფორმაციის შედეგად, რაც გაძლიერებული იყო მაღალმთიან გეოგრაფიულ გარემოში იზოლაციის ფაქტორით. კავკასიონის ტიპის გენეზისის შესწავლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ტიპის ჩამოყალიბების დროის განსაზღვრას. სიონის კრანიოლოგიური სერიის შესწავლამ ნათლად აჩვენა, რომ კავკასიონის ტიპისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშნის ჩამოყალიბება აღინიშნება ახ. წ. VII ს-იდან. ეპოქალური ტრანსფორმაციის პროცესი კავკასიის მთასა და ბარში იდენტურად მიმდინარეობდა ერთი განსხვავებით – მთაში დამატებითი ფაქტორი მოქმედებდა, რაც გეოგრ. გარემოსთან და გენეტიკურ-ავტომატურ პროცესებთანაა დაკავშირებული.
ლიტ.: ა ბ დ უ შ ე ლ ი შ ვ ი ლ ი მ., ოსები (ანთროპოლოგიური ნარკვევი), «საქართვ. მეცნ. აკადემიის ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის შრომები», ტ. 6, თბ., 1957; მ ი ს ი ვ ე, კრანიოლოგიური სერია ხევსურეთიდან, «მასალები კავკასიის ანთროპოლოგიისათვის», II, თბ., 1971; მ ი ს ი ვ ე, , Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; А л е к с е е в В. П., Антропологические данные к проблеме происхождения населения предгорий Кавказского хребта, «Труды Института этнографии», т.82 – Антропологический сборник, IV, М., 1963; მ ი ს ი ვ ე, Происхождение народов Кавказа, М., 1974; Д е б е ц Г.Ф., Антропологические исследования в Дагестане, «Труды Ин-та этнографии». Новая серия, т. 33, М., 1956; Д ж а в а х и ш в и л и Э. Н., Сионская краниологическая серия, წგ.: А б д у ш е л и ш в и л и М. Г., Краниология древнего и современного населения Кавказа, Тб., 1966; М и к л а ш е в с к а я Н. Н., Антропологический состав населения Дагестана в алано-хазарское время, «Краткие сообщения Ин-та этнографии АН СССР», 1960, т. 16; Н а т и ш в и л и А. Н., А б д у ш е л и ш в и л и М. Г., Об антропологическом составе современного населения Грузии, Тезисы докладов ХI научной сессии Отд. биол. и мед. наук, Тб., 1953.
ლ. ბითაძე