კავკასიური აპოლონი (Parnassius apollo caucasicus), პეპელა აფროსნების (Papilionidae) ოჯახიდან. რელიქტური ფაუნის სიცივისმოყვარული წარმომადგენელი. ფრთების შლილი 64–86 მმ-ია. საერთო ფონი რძისფერი თეთრია, გარეთა კიდეები ბოლოვდება გამჭვირვალე, ბრტყელი, რუხი არშიით. წინა ფრთებზე რამდენიმე შავი ლაქაა, უკანაზე კი – ორი ალისფერი შავარშიიანი თვალაკი; ფრთების ძირი და სხეული შავია. მთის ევროპულ-ციმბირულ-კავკასიური სახეობაა. საქართველოში გვხვდება ყველგან – მაღალმთიანეთში. ტიპური ბიოტოპია სუბალპური ტყე, მაღალბალახეული ან ალპური მდელოების მშრალი, ქვიანი ან კლდოვანი კალთები. წელიწადში იძლევა ერთ თაობას. დაფრინავს დღისით, ივნის-აგვისტოში. კვერცხდება და მატლის კვება მიმდინარეობს კლდისდუმასა და კლდისვაშლაზე. იზამთრებს მატლის ფაზაში.
შემცირებადი სახეობაა. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".
ე. დიდმანიძე