კავკასიური ბელადონა, შმაგა (Atropa caucasica), მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. შეუბუსავი, ლეგა ნაფიფქით დაფარული ღერო და დიდი, მოიისფრო-მოწითალო ყვავილები აქვს. გავრცელებულია კავკასიაში, აგრეთვე თურქეთისა და ირანის მომიჯნავე რაიონებში, საქართველოში – კოლხეთში, ქართლსა და შიდა კახეთში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყეში (განსაკუთრებით წიფლნარში), მეტ-ნაკლებად ჩრდილიან და ტენიან ადგილებში, ტყისპირებზე, ველობებზე, ნაკაფებზე, ნახანძრალებზე და სხვ. სამკურნალო თვისებებით ბელადონას მსგავსია და სავსებით ცვლის მას (ალკალოიდები კ. ბ-ში კიდევ უფრო მეტია). ფოთოლს აგროვებენ მაისის ბოლოდან ივლისამდე (ჩვეულებრივ, ყვავილობის დაწყებისას). ფესურების შეგროვება სასურველია მაისში ან შემოდგომაზე. მოჰყავთ ღრმა, ფხვიერ, ტენიან და ნოყიერ ნიადაგზე (სასურველია კირიანი). ამრავლებენ თესლით, ფესურის ნაწილებით და კალმით. ნაყოფი შხამიანია.
მ. სახოკია