კავკასიური გოჭალა (Barbatula barbatula caucasicus, Berg, 1899), თევზი გოჭალების ოჯახიდან (Balitoridae Swainson, 1839), ულვაშა გოჭალების გვარიდან (Barbatula Linck, 1790). კავკასიის ენდემი. ლ. ბერგი და სხვა მეცნიერები მიაკუთვნებენ განსაკუთრებულ ქვესახეობას (1949). მაქსიმალური სიგრძე 9 სმ, მასა – 5 გ. მტკნარი წყლის თევზია. ბინადრობს ტბებსა და წყალსაცავებში, შლამიან და ქვა-ქვიშიან ადგილებში. მრავლდება ივნისიდან სექტემბრამდე, სქესობრივად მწიფდება 2–4 წლის ასაკში, მისი ნაყოფიერება აღწევს 2000–3000 ქვირითს. იკვებება წყალმცენარეებით, ბენთოსითა და პლანქტონით. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა წყალსაცავსა და მდინარეში.
ლიტ.: ნ ი ნ უ ა ნ., ჯ ა ფ ო შ ვ ი ლ ი ბ., ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ლ ი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Б е р г Л., Данные по ихтиофауне Кавказа, т. 1, Тфл., 1899; Б о г у ц к а я Н., Н а с е к а А., Каталог бесчелюстных и рыб, М., 2004.
ნ. ნინუა