კავკასიური ზერინთია (Allancastria caucasica, Lederer, 1864), პეპელა აფროსნების (Papilionidae) ოჯახიდან. მესამეული პერიოდის რელიქტი და იშვიათი სახეობა; კავკასიის ენდემი; გვარის ერთადერთი წარმომადგენელი კავკასიის ტერიტორიაზე. საქართველოში სახეობა პირველად მოპოვებული და აღწერილია მდ. რიონის ხეობიდან. კ. ზ-ის წინა ფრთების სიგრძე 28–30 მმ-ია, საერთო შეფერილობა – მკრთალი ყვითელი შავი ლაქებით. ფრთების კიდეებს გასდევს დაკბილული შავი არშია. უკანა ფრთის კიდე დაკბილულია. კიდესთან წითელი და ცისფერი ლაქებია განლაგებული. ფრთის ძირი და სხეული შემუქებულია. გავრცელების არეალი მოიცავს კავკასიას და იჭრება ჩრდ. და ჩრდ.-დას. თურქეთში. ნომინატური სახეობა ბინადრობს დას. საქართველოს კოლხურ ტყეში. კახეთის მშრალ, სუბტროპიკულ ტყეებში დაფრინავს სტაბილური ფორმა სსპ. ცაცჰეტიცა შცჰელ (აღმ. საქართველო), ხოლო დიდი კავკასიონის დას. ნაწილში (აფხაზეთი, კრასნოდარის მხარე) – ქვესახეობა სსპ. თკატსცჰუკოვი შცჰელ. თუმცა ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ისინი მხოლოდ ვარიაციებს წარმოადგენენ.
ზერინთიას ტიპური ადგილსამყოფელია ბარისა და მთის კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყეები ზ. დ. 200–2400 მ-ზე. ახასიათებს წყვეტილი არეალი, რაც წარსულში სახეობის ფართო გავრცელებაზე მიუთითებს. ამჟამად მისი რიცხოვნობა მცირდება, თუმცა ლოკალურ ადგილებში ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც გვხვდება.
კ. ზ. წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ბარში მარტ-მაისში ფრენს, მთებში კი – ივნის-ივლისში. იკვებება ყვავილებით, დენდროფილია. კვერცხდება და მატლის კვება მიმდინარეობს ძირმწარას გვარის სახეობებზე, მ. შ. ქართულ ძირმწარაზე (А. iberica). ჭუპრი იზამთრებს მსუბუქ პარკში.
ძირითადი მალიმიტებელი ფაქტორებია წყვეტილი არეალი და მონოფაგია. ამჟამად სახეობის ადგილსამყოფელი ანთროპოგენული ფაქტორების ძლიერ ზეგავლენას განიცდის ტიპური ბიოტების საკურორტო, სატურბაზო ზონებად ათვისების გამო.
1976 წლიდან შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ მწერთა სიაში.
ლიტ.: დ ი დ მ ა ნ ი ძ ე ე., საქართველოს პეპლები. ენდემური, რელიქტური და იშვიათი სახეობები (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2005; Б а т и а ш в и л и И. Д., Д и д м а н и д з е Э. А., Об охране насекомых, Ер., 1976; Заповедники Кавказа, წგ.: Заповедники СССР, М., 1990; Красная Книга СССР, т. 1, М., 1984; Н е к р у т е н к о Ю. П., Дневные бабочки Кавказа, К., 1990.
ე. დიდმანიძე