კავკასიური მოცვი, მაღალი მოცვი (Vaccinium arctostaphylos), ბუჩქი ან ტანდაბალი (2–4 მ) ხე მანანისებრთა ოჯახისა. მოწითალო-თეთრი ზარისებრი ყვავილი აქვს. ნაყოფი შავი კენკრაა, საკვებად ვარგისია. ძირითადად გავრცელებულია კოლხეთში, ნაკლებად გვხვდება ჩრდ. კავკასიაში, ქართლში, შიგა კახეთში, თალიშსა და თურქეთში (მდ. ჭოროხის აუზი). იზრდება ქვეტყედ ზ. დ. 2200 მ-მდე, მეტწილად წიფლნარში, სოჭნარნაძვნარში, ფიჭვნარსა და სუბალპურ არყნარში, იშვიათად – დეკიანში. ფოთოლი შეიცავს 13%-მდე ტანიდებს. იყენებენ ტყავის მოსათრიმლად, ჩაის ნაცვლად; ნაყოფისაგან ამზადებენ მურაბას; ახმობენ კერკად. კულტივირებულია ბოტან. ბაღებში.
მ. სახოკია