კავკასიური რასა, ევროპეოიდული, ანუ ევრაზიული რასის სახელწოდება. ტერმინი შემოიღო გერმ. ანთროპოლოგმა ი. ფ. ბლუმენბახმა (1775). იგი თვლიდა, რომ მის მიერ შესწავლილ ამ რასის თავის ქალათა შორის ყველაზე სრულყოფილი ქართველის თავის ქალა იყო. ი. ბლუმენბახი ცდილობდა რასობრივი სისტემატიკა დაემყარებინა სხვადასხვა რასების თავის ქალას, ცალკეული ორგანოების დეტალური ანატომიური შესწავლის საფუძველზე, რისთვისაც თვითონ აგროვებდა თავის ქალებს, თმების ნიმუშებს. თავის ნაშრომში „წიგნი ადამიანის გვარის თანდაყოლილი ცვალებადობის (ვარიაციების) შესახებ" (1776) გამოყო ხუთი რასა: კავკასიური, მონღოლური, ეთიოპური, ამერიკული და მალაიზიური. ამ კლიმატურ სქემაში კავკასიური შეესაბამებოდა ევროპულს, მონღოლური – აზიურს, ეთიოპური – აფრიკულს, ხოლო ამერიკული – ამერიკელ ადამიანს.
ი. ბლუმენბახი თვლიდა, რომ რასები წარმოიქმნენ კლიმატური განსხვავების გამო. ყველაზე ახლო საწყის, უძველეს ტიპთან ევროპული მიაჩნდა. მისი აზრით, ევროპულისგან წარმოიქმნა მონღოლოიდური და ნეგროიდული ტიპი. საწყის რასად მან შავთმიანი, შავთვალება კავკასიელი მიიჩნია. თავისი გეოგრ. მდებარეობით კავკასია უფრო მეტად მიესადაგებოდა ადამიანის წარმოშობის ადგილს, რადგან იგი აერთიანებს სამ მატერიკს – ევროპას, აზიას, აფრიკას. ტრადიციულად, ადამიანის წარმოშობის ადგილი მთიან მწვერვალებს უკავშირდება.
ლიტ.: B l u m e n b a c h J. F., De generis varietate nativa liber, Göttingen, Vandenhoech, 1775.
ლ. ბითაძე