კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica, Carpinus betulus), ხე არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 35 მ აღწევს. გლუვქერქიანია. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ყირიმში, ჩრდ. ირანსა და მცირე აზიის ჩრდ. ნაწილში. საქართველოში იზრდება დაბლობიდან მოკიდებული ზ. დ. 2000 მ-მდე ტყის სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე. ერთ-ერთი მთავარი ტყის ჯიშია; ქმნის როგორც წმინდა კორომებს (ძირითადად ზ. დ. 1000 მ-მდე), ისე შერეულ ტყეებს ფოთლოვან (წიფელი, მუხა, წაბლი) და წიწვოვან (ნაძვი, სოჭი) ჯიშებთან. ჩრდილის ამტანი, ყინვა- და ქარგამძლეა. მეზოფილურია, თუმცა მეტ-ნაკლებად ეგუება ჰაერის სიმშრალეს. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. ძალზე მაგარი და გამძლე თეთრი მერქანი აქვს, რ-საც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას. აშენებენ ცოცხალ ღობედ, ხეივნებად.
მ. სახოკია