კავკასიური სალამანდრა, (Mertensiella caucasica), წყალხმელეთა ცხოველი კუდიანი ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს, აქედან ნახევარზე მეტი კუდია. ზურგზე ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი კოპლები აქვს. გავრცელებულია ბორჯომის ხეობაში, მესხეთის ქედზე, აჭარაში. ბინადრობს ზ. დ. 2800 მ-მდე. არ გვხვდება რეგიონებში, სადაც ნალექები წელიწადში 1000 მმ-ზე ნაკლებია. ცხოვრობს ტყის ზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. დღისით იმალება ქვების ქვეშ, ნიადაგის ნაპრალებში, ბუჩქნარის ფესვებს შორის. იკვებება მწერებით, მატლებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. გადაადგილებისას მთელი ტანით იკლაკნება. ივნისში დებს 90-მდე კვერცხს. როგორც იშვიათი სახეობა, შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".
ა. ბუხნიკაშვილი