კავკასიური სურო (Hedera caucasigena, Pojark), მცოცავი ბუჩქი სუროს გვარისა. მოსაკიდი ფესვებით ხეებზე, კლკავკასიური სუროდეებზე, ხისა და ქვის კედლებზეა აყოლილი. აქვს დანაკვთული სამკუთხა, კვერცხისებრი ფოთლები, რ-ის ზედა მხარეზე თეთრი ძარღვებია. მარადმწვანე მცენარეა. ახალგაზრდა ტოტები შებუსვილია, ხანდაზმული კი – შიშველი. საკმაოდ გრძელყუნწიანი ტყავისებრი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა გაწყობილი, მომწვანო-მოყვითალო ყვავილები აღმამდგომი მტევნის ცალკეულ ტოტებზე ქოლგებადაა შეკრებილი. მთელი ყვავილედი თეთრი ვარსკვლავისებრი ბეწვითაა მოფენილი. ყვავის გვიან ზაფხულზე (ხშირად სექტემბერში). 2–4 თესლიანი შავი ფერის მრგვალი კენკრა ნაყოფი გვიან შემოდგომით მწიფდება. მრავლდება თესლითა და კალმებით. მიწაზე მხოხავი ყლორტები ცალკეულ კვანძებში ფესვებს ივითარებს. ხეებსა და სხვა საყრდენ საგნებზე მცენარე დამატებითი ფესვებით საიმედოდ ემაგრება. ჩრდილის ამტანია, ამიტომ კარგად იზრდება ტყეებში როგორც საბურველქვეშ, მიწაზე გართხმული, ასევე ადვილად აღწევს ხეთა ვარჯებში. უპირატესად ტყის მცენარეა, მაგრამ ზოგან შიშველ კლდეებზედაცაა შეფენილი. ტენით უზრუნველყოფილ მდიდარ ნიადაგზე იზრდება ზ. დ. 1200 მ-მდე სიმაღლეზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში – იმერეთში, რაჭა-ლუჩხუმში, აჭარაში, ქართლსა და თრიალეთში, აგრეთვე კავკასიის, შუა ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, მცირე აზიისა და ირანის ტყეებში. თაფლოვანი მცენარეა. გამოიყენება მედიცინაში.