კავკასიური ტყის კატა (Felis silvestris caucasicus), ტყის კატის (მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა) ქვესახეობა. გავრცელებულია კავკასიასა და თურქეთში. აქვს მოყავისფრო ბეწვი, მომრგვალებული თავი, მოკლე თათები და შედარებით მოკლე კუდი. მასა დაახლ. 4–11 კგ (მამალი კატა დედალზე ოდნავ მძიმეა), მამალი კატის სხეულის სიგრძეა 63–75 სმ, დედლის – 52–63 სმ. ეს ქვესახეობა ტყის კატებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა. კ. ტ. კ. ბინადრობს უპირატესად კავკასიაში, ზ. დ. 2500 მ-იდან 3000 მ-მდე სიმაღლეზე; სახლდება ტყის უღრან მონაკვეთებში (უპირატესად ფართოფოთლოვან ტყეებში) და ცხოვრობს მარტოხელა. მაკეობს 63 დღე, შობს 3–4 კნუტს. ძირითადად იკვებება მღრღნელებით, პატარპატარა ფრინველებით, მაგრამ შეუძლია თავს დაესხას უფრო დიდ ცხოველებს: კურდღელს, ირემს, შვლის ნუკრს, აგრეთვე ხოხობს. კ. ტ. კ. ზოგჯერ სახლდება ადამიანის საცხოვრებლის ახლოს და თავს ესხმის შინაურ ფრინველს.