კავკასიური ფარშავანგთვალა, (Saturnia cephalariae, Christoph, 1886), პეპელა ფარშავანგთვალათა (Saturniidae; Attacidae) ჯახიდან, სამხრ. კავკასიის მთის ტროპიკული წარმოშობის ენდემი. ფრენს ღამით; იშვიათი და ულამაზესი პეპელაა. საქართველო მისი გავრცელების ჩრდ. საზღვარია. სხეული მსხვილი და შებუსვილია. წინა ფრთის სიგრძე 38–40 მმ, ფრთების ძირითადი ფონი – მონაცრისფრო მოყავისფრო. ფრთას გარეთა კიდეზე გასდევს დატალღურკიდიანი ფართო კრემისფერი არშია. ოთხივე ფრთის შუა ნაწილში ცულის ფორმის მონაცრისფრო-მოცისფრო ლაქაა – თითოეული შავრგოლიანი დიდი „თვალით“. მკერდი და მუცელი ნაცრისფერია, მუცლის თითოეულ სეგმენტზე ნათელი რკალებით.
სახეობის ტიპური ადგილსამყოფელია სამხრ. კავკასიის მთიანი სისტემა: ზანგეზურისა და დარალგეზის ქედები. საქართველოში გვხვდება მესხეთ-ჯავახეთის ზეგანზე (სოფ. ხანდო, აწყური), მთის სტეპებისა და კლდის ქსეროფიტულ ლანდშაფტში ზ. დ. 1600–1800 მიდან 2500 მ-მდე. მატლი იკვებება რთულყვავილოვანთა ფოთლებით.
კ. ფ-ს მალიმიტირებელი ფაქტორებია: ტროპიკული წარმოშობა, იზოლირებული და მცირერიცხოვანი პოპულაციები, ექსტრემალური ჰაბიტატი, საძოვრებზე გადაჭარბებული ძოვება შესაძლოა იქცეს სახეობის სრული განადგურების მიზეზად.
კ. ფ. გასულ საუკუნეებშიც იშვიათობას წარმოადგენდა. 1976-იდან შეტანილია საქართვ. ტერიტორიაზე დასაცავ მწერთა სიაში.
ლიტ.: დ ი დ მ ა ნ ი ძ ე ე., საქართველოს პეპლები. ენდემური, რელიქტური და იშვიათი სახეობები (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2005; Д и д м а н и д з е Э. А., Чешуекрылые аридных ландшафтов Грузии (Lepidoptera, Heterocera), Тб., 1978; М и р з о я н С. А., Б а т и а ш в и л и И. Д. и др., Редкие насекомые, М., 1982; D i d m a n i d z e E., Georgian Biodiversity Country Study Report, INCN, Tb., 1996.
ე. დიდმანიძე