კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus orientalis, Nordmann, 1840 – squalius cephalus, Linnaeus, 1758), თევზი კობრისებრთა ოჯახიდან (Squalius Bonaparte, 1837).
ვარიდან (Squalius Bonaparte, 1837). კ. ქ., როგორც დამოუკიდებელი სახეობა - Leuciscus orientalis ს (აფხაზეთის მდინარეებიდან) პირველად აღწერა ა. ნორდმანმა (1840), შემდეგ ფ. დე ფილიპიმ (1865) - Squalius turcicus (მდ. არაქისიდან). საქართვ. წყლებში გავრცელებული კ. ქ. როგორც Squalius turcicus Filipi, სხვა ავტორებსაც ჰყავთ აღწერილი, ლ. ბერგი კავკასიაში მოგზაურობის (1909–10) დროს დარწმუნდა, რომ ნორდმანისა და ფილიპის მიერ ერთი და იგივე სახეობა იქნა აღწერილი და მას ქვესახეობის სტატუსი – Leuciscus cephalus orientalis Nordmann – მიაკუთვნა.
კ. ქ-ის სიგრძე 50 სმ-მდეა, მასა – 1,5 კგ-მდე. სქესობრივად მწიფდება 2–3 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ნაყოფიერება აღწევს 15000–150000 ქვირითს. მტკნარი წყლის თევზია, ბინადრობს ქვაქვიშიან ადგილებში. იკვებება როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული საკვებით. საქართველოში გავრცელებულია მდინარეებში: მტკვარი, ხრამი, არაგვი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, კინტრიში, სუფსა, ნატანები, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი; ტბებში: ჯანდარი, ფარავანი, საღამო, ბაზალეთი, პალიასტომი, ბებესირი; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისისა და სიონის; გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთის, ბალტიის, შავი, თეთრი, ბარენცისა და კასპიის ზღვის აუზებში. მცირე სამეურნ. მნიშვნელობა აქვს. ბუნების კონსერვაციის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).
ლიტ.: ნ ი ნ უ ა ნ., ჯ ა ფ ო შ ვ ი ლ ი ბ., ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ლ ი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Э л а н и д з е Р., Ихтиофауна рек и озер Грузии, Тб., 1983.
ნ. ნინუა