კავკასიური ღორჯო (Knipowitschia caucasica, Berg, 1916), თევზი, ღორჯოსებრთა ოჯახისა (Gobiidae Fleming, 1822), მიეკუთვნება ჯუჯა ღორჯოსებრთა გვარს (Knipowitschia Iljin, 1927). მაქს. სიგრძე 5 სმ. ევრიჰალური სახეობაა; ბინადრობს მომლაშო წყლებში. გვხვდება მტკნარშიც. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 1 წლის ასაკიდან; მდედრი ზომით მამრზე დიდია. მრავლდება მარტიდან აგვისტომდე. ნაყოფიერება 220–500 ქვირითს აღწევს. იკვებება უხერხემლოებით, ძირითადად – კიბოსნაირებით; მტკნარ წყლებში – მწერების მატლებით. გავრცელებულია შავ, აზოვის, კასპიისა და ეგეოსის ზღვებში (შავ ზღვაში გვხვდება კავკასიის, რუმინეთის, ბულგარეთის სანაპიროებთან), ბოსფორის სრუტესა და მარმარილოს ზღვაში. ინტროდუცირებულია არალის ზღვაში. სამეურნ. მნიშვნელობა არა აქვს. ბუნების კონსერვაციის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).
ლიტ.: ნ ი ნ უ ა ნ., ჯ ა ფ ო შ ვ ი ლ ი ბ., ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ლ ი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 4, თბ., 1973.
ნ. ნინუა