კავკასიური ყვითელა (Colias caucasica, Staudinger, 1871), კავკასიური ყვითელა (Pieridae) ოჯახიდან. კავკასიური წარმოშობის. იშვიათი და ნაკლებშესწავლილი ენდემია. წინა ფრთების სიგრძე 25–30 მმ-ია. გამოირჩევა სქესობრივი დიმორფიზმით. მამრის ფრთები მოწითალო-ნარინჯისფერია, გარეთა ბრტყელი არშიით. წინა ფრთების ცენტრ. უჯრედის ბოლოში შავი წერტილია, ხოლო უკანა ფრთების ცენტრში – მრგვალი ნარინჯისფერი ლაქა, ასეთივე ტყუპი ლაქაა უკანა ფრთების ქვედა მხრის შუაში. მამრს აქვს მოწითალო-ნარინჯისფერი, ხოლო მდედრს – მოთეთრო-ყვითელი გვერდითი ზოლი. სახეობის გავრცელების არეალია კავკასია. გვხვდება როგორც დიდი კავკასიონის აღმ. ნაწილში, ისე მცირე კავკასიონსა და ჯავახეთში, ქვემო ქართლის სამხრ. ნაწილში, მთიანეთში. ბინადრობს მთებისა და მთაგორიანი ადგილების ქსეროფიტულ მცენარეულ დაჯგუფებებში. დღის პეპელაა. წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ფრენს ივნის-ივლისში. იკვებება ყვავილებით. კვერცხდება და მატლის კვება მიმდინარეობს გლერძაზე (Astragalus marshallianus, A. caucasicus და სხვ.). მატლი მწვანეა. იზამთრებს ჭუპრი, რ-იც თხელი ძაფით ემაგრება გლერძის ტოტს.
სახეობა წარსულში არცთუ იშვიათი იყო. ბოლო წლებში მისმა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, რაც გამოიწვია ანთროპოგენულმა ფაქტორმა (ძოვება, გატყიანება, გზებისა და სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა და სხვ.), 1976-იდან შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ მწერთა სიაში.
ე. დიდმანიძე