კავკასიური შავტუხა

კავკასიური შავტუხა

კავკასიური შავტუხა (Erebia graucasica, Jachontov, 1909), პეპელა ხავერდულების (Satyridae) ოჯახიდან. იშვიათი სახეობაა. კავ­კასიაში წარმოდგენილია ორი ენდემური ქვესახეობით: ssp. savalanica de Les. და ssp. transcaucasica Wrn. წინა ფრთების სიგრ­ძე 18–22 მმ. ზედა მხა­რე ხავერდოვანია, საერთო ფონი – მუქი ყავისფერი წითური ანარეკლით. ფრთების გასწვრივ მოყვითალო-მოჟანგისფრო ლაქაა გადაჭიმული. მის ზედა ნაწილში ერთმანეთში გარდამავალი ორი შავარშიიანი თეთრი თვალაკია. ქვედა ფრთებზე ასეთი ლაქა საერთოდ გამქრალია და მხო­ლოდ თვალაკების გარშემოა შემორჩენილი. სულ სამი-ოთხი ლაქაა. ქვედა მხა­რე იმეორებს ზედა მხრის მოხატულობას. სახეობის არეალია კავ­კა­სია, სამხრ. კავ­კა­სია. ორივე ქვესახეობა მაღალი მთის ენდემია: ნომინატიური სახეობა დიდი კავ­კა­სი­ო­ნის მკვიდრია, ხოლო ssp. transcaucasica – მცირე კავ­კა­სი­ონისა და პონტოს მთების. ერთნაირ ეკოლ. პირობებში არსებობა და ტერიტორიის ასეთი განაწილება მათ ავტოქტონურ წარმოშობაზე მიგვანიშნებს. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყლებში ზ. დ. 1700 მ-იდან თოვლის ხაზამდე (ზ. დ. 3000 მ). ფრენს მდელოზე, ალპურ ხალებსა და ნაშალებზედაც კი. ზოგიერთ ლოკალურ ადგილებში ხშირია. მაგ., კავკასიური ქვესახეობა საკმაოდ დიდი რაოდენობითაა დიდი კავ­კა­სი­ონის აღმ. ნაწილის სამხრ. ქედებზე (ქოჩალოს მთა, ლაგოდეხი), ხოლო ბორჯომის ხეობის მაღალმთიანეთში ფართოდაა გავრცელებული სამხრ. კავკასიური ქვესახეობა (ssp. transcaucasica). რაც შეეხება ssp. savalanica-ს, ის ბინადრობს ნახიჩევანის მთებში. დღის პეპელაა. წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ფრენს ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით. ზოგჯერ უფრო ადრიდანაც იწყებს ფრენას. კვერცხდება და მატლების გამოჩეკა მიმდინარეობს მარცვლოვნებზე (raminidae). იზამთრებს მატლი. ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორებია მდელოების ათვისება, გადაჭარბებული ძოვება, ტურიზმი. 1976-იდან შეტანილია სა­ქართვ. ტერიტორიაზე დასაცავი მწერების სიაში, ასევე „სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში".

ლიტ.: დ ი დ მ ა ნ ი ძ ე  ე., სა­ქარ­თველოს პეპლები. ენდემური, რელიქტური და იშვიათი სახეობები (ქარ­თულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2005; Д и д м а н и д з е  Э. А., წგ..: Некоторые группы животных аридных ландшафтов Закавказья.,Тб., 1979; Красная Книга СССР, т. 1, М., 1984; М и р з о я н  С. А., Б а т и а ш в и л и  И. Д. и др., Редкие насекомые, М., 1982; D i d m a n i d z e  E., Proceedings of the Institute of Zoology, v. 21, Тб., 2002.

ე. დიდმანიძე