კავკასიური ციმორი

კავკასიური ციმორი (Gobio lepidolaemus caucasica, Kamensky, 1901), თევზი, მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს (Cyprinidae Fleming, 1822), ციმორების გვარს (Gobio Cuvier, 1816). მტკნარი წყლის ბინადარია. მისი მაქსიმალური სიგრ­ძეა 12,5 სმ, მასა – 10–14 გ. ირჩევს ნელი დინების თხელწყლიან ადგილებს, მდინარის მცირე ტოტებს. მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე. ქვირითს ყრის სამჯერ. ნაყოფიერება 1000–12000 ქვირითია. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. გვხვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ს მდინარეებში (ჭოროხი, ნატანები, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, ენგური, კოდორი, ბზიფი); პალიასტომის ტბასა და მასში ჩამავალ მდინარეებში; შაორისა და ტყიბულის წყალსაცავებში; კავ­კა­სიის დას. ნაწილში – მდ. ჭოროხიდან მდ. ტუაფსემდე. კავკასიის ენდემია. სამეურნ. მნიშვნელობა არ აქვს. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშ. მიერ (IUCN) შეფასებული არ არის (NE).

ლიტ.: ნ ი ნ უ ა  ნ., ჯ ა ფ ო ­შ ვ ი ­ლ ი  ბ., ბ ო ჭ ო რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., სა­ქარ­თვე­ლოს თევზები, თბ., 2013.

ნ. ნინუა