კავსაძე კახი დავითის ძე

კ. კავსაძე

კავსაძე კახი დავითის ძე (5. VI. 1935, თბილისი, - 27. IV. 2021, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1981). სსრკ სა­ხელმწ. (1979), კ. მარჯანი­შვი­ლის (2009) და შოთა რუსთაველის სახ. (2010) პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტის დამთავრებიდან (1959) დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვაზუზი (დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი"), მარსელი (გ. მდივნის „ტერეზას დაბადების დღე"), ლევან დადიანი (მ. მრევლი­შვი­ლის „ნიკოლოზ ბარათა­შვი­ლი"), შუბოსანი ნიღაბი (გ. ნახუცრი­შვი­ლის „ჭინჭრაქა"), ნოე (რ. ნეშის „წვიმის გამყიდველი"), ჯიმი, სიმონ ჩაჩავა (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა", „კავკასიური ცარცის წრე"), გლეხი, ყმაწვილი, მოცინარი, მეფე (ს.-ს. ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა"), გურამი, დევდარიანი, ილიკო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე", „საბრალდებო დასკვნა", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), მარკიზი დორსინი (მ. ბულგაკო­ვის „ფარისეველთა შეთქმულება"), თავადი კოწია (შ. დადიანის „გუშინდელნი"), ლანცელოტი (ე. შვარცის „დრაკონი"), სოლეიმანი (ა. სუმბათა­შვი­ლის „ღალატი"), გენერალი ჰინდენბურგი, ჯექსონი (მ. კვესელავას „ას ერგასის დღე"), რასპუტინი (მ. ჯავახი­შვი­ლის „კვაჭი კვაჭანტირაძე"), ლომი, ფორტინბრასი, ლორდი ჰასტინგსი, აამორი (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი", „ჰამლეტი", „რიჩარდ III", „ტიტუს ანდრონიკუსი"), ქრისტეფორე (რ. ჰარვუდის „მოხუცი ჯამბაზები") და სხვ. 2001 ვაშინგტონში, სინეტიკ თეატრში, ინგლისურ ენაზე განასახიერა მუსა (ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი"). კ-ის კინოდებიუტი შედგა ფილმში „ეთერის სიმღერა" (რეჟ. ს. დოლიძე, 1956).

კ. კ ა ვ ს ა ძ ე. დონ კიხოტი, კადრი ფილმიდან "ცხოვრება დონ კი­ხოტისა და სანჩოსი". 1989.

წლების განმავლობაში ასრულებდა ეპიზოდურ როლებს. მის კინოკარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა აბდულას როლი ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე" (რეჟ. ვ. მოტილი, მოსფილმი, 1970). მონაწილეობს 80-მდე ფილმში, შექმნა განსხვავებული ხასიათის სახეები: ზაური („სამკაული სატრფოსათვის", რეჟ. თ. აბულაძე, 1971), ინოჩენცი („ვერის უბნის მელოდიები", რეჟ. გ. შენგელაია, 1973), სელიმი, („ერთი ნახვით შეყვარება", რეჟ. რ. ესაძე, 1975), ელიბო („ღვინის ქურდები", რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1975), საშიკო („აურზაური სალხინეთში", რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1975), იორამი („ნატვრის ხე", რეჟ. თ. აბულაძე, 1976), კოლა („სიყვარული ყველას უნდა", რეჟ-ები: გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), სულხანი („ცხელი ზაფხულის სამი დღე", რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1981), რიპაფრატა („მიიღეთ გამოწვევა, სენიორებო", რეჟ. კ. სურმავა, 1982), მიხეილ კორიშელი („მონანიება", რეჟ. თ. აბულაძე, 1984), დონ კიხოტი („ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი", რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989), მაესტრო („ბესამე", რეჟ. ნ. ახვლედიანი, 1989), ივანე მრისხანე („მეფე ივანე მრისხანე", რეჟ. გ. ვასილიევი, 1991, რუსეთი), შეილოკი („შეილოკი", რეჟ. ბ. ბლანკი, 1993, რუსეთი), ქეთოს ბაბუა ("იავნანა", რეჟ. ნ. ჯანელიძე, 1994), ელიზბარი ("ორფეოსის სიკვდილი", რეჟ. გ. შენგელაია, 1996), ბრიგადირი („სამოთხის გვრიტები", რეჟ. გ. ჩოხელი, 1997), დონ კიხოტი („მიჯაჭვული რაინდები", რეჟ. გ. ჩოხელი, 1999), მამა („შემთხვევითი პაემნები", რეჟ. ლ. კოღუაშვილი, 2012) და სხვ. 2011 კ-ზე შეიქმნა ფილმი „ნეტავი იქ თეატრი არის?!" (რეჟ. ნ. ჯანელიძე). კ-ის მიერ განსახიერებულ ყოველ გმირს ემოციურად ტევადსა და ორიგინალურს ხდის მსახი­ობის ფართო იმპროვიზაციული შე­საძლებლობა, მუსიკალობა, იუმო­რის გრძნობა, დახვეწილი პლასტიკა. თეატრსა და კინოში მაღალი პროფესიული კულტურით შესრულებული თითოეული როლი მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვა­რულს იმსახურებს.

ლიტ.: სახალხო არტისტი კახი კავსაძე (შემდგ.: დ. ღვთისია­შვი­ლი, ხ. კიკვიძე), თბ., 2011.

 

მ. კერესელიძე

თ. კახიანი