კავშირგაბმულობა

კავშირგაბმულობა, გზავნი­ლებისა და შეტყობინებების მიღებაგადაცემა სხვა­და­სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. კ. ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვ­ნე­ლო­ვანი სტრატეგიული დარგია. მისი ძირითადი ამოცანაა გადამცემი საშუალებებით დააკმაყოფილოს მოსახლეობის, კერძო და სახელმწ. სტრუქტურების მზარდი მოთხოვნები.

კ-ის განვითარების დასაწყისი ცივილიზაციის ადრინდელ პერიოდს მიეკუთვნება. ადამიანების შრომითი საქმიანობისა და ცხოვრების პირობების შეცვლა იწვევდა კ-ის საშუალებათა ცვლილებებს, მათ ტექ. სრულყოფას. ამასთან, კ-ის საშუალებათა გაუმჯობესება და მის საფუძველზე ადამიანთა ურ­თი­ერ­თო­ბის განვითარება თავისთავად წარმოადგენდა სოც. პროგრესის ძლიერ ფაქტორს.

ჩვენს დროში კ-ის როლი განუზომლად გაიზარდა. მისი მრავალრიცხოვანი ტექ. ­აღჭურვილობა, ხაზები და არხები მოიცავს ყოველი განვითარებული ქვეყნის ტერიტორიას, საჰაერო სივრცეს, რ-ებიც წარმოადგენს ­სახელმ­წიფოს თავისებურ „ნერვულ სისტემას". მათ გარეშე შეუძლებელია მრავალფეროვანი ინფორმაციის განუწყვეტელი გადაცემა, რაც ესოდენ საჭიროა სახელმწიფოსა და თანამედროვე რთული სოც.-ეკონ., პოლიტ. პროცესების წარმართვისათვის, ადამიანთა საქმიანი და პირადი ურთიერთობების, სახელმწიფოთა თანამშრომლობის, პოლიტ. და ეკონ. კონტაქტებისა და სამეცნ.-კულტ. ფასეულობათა გაცვლისათვის.

დიდია კ-ის საშუალებათა როლი სხვა­და­სხვა დარგის განვითარებაში, კერძოდ, სამრეწვ. წარმოების შეიარაღების საქმეში. თანამედროვე კ-ის საშუალებათა დახმარებით ხორციელდება წარმოების დისტანციური მეთვალყურეობა, ერთიანი ენერგოსისტემებისა და ავტომატიზებული საამქროების მართვა, ტექ­ნოლ. პროცესების კონტროლი და სხვ.

ინფორმაციით გაჯერებულ თანამედროვე ეპოქაში კ-ის საშუალებათა განვითარების დონესა და ტემპზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის საზ. ცხოვრების ყველა სფეროს და თითოეული ადამიანის საქმიანობის წარმატება, მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობა.

იხ. აგრეთვე სტ-ები: ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი, რადიომაუწყებლობა, სატელეგრაფო კავშირგაბმულობა, სატელეფონო კავ­შირგაბმულობა, საფოსტო კავშირ­გაბმულობა, სოციალური ქსელები, ტელევიზია, ციფრული კომუნიკაცია.

მ. სულაბერიძე