კავსაძეები, დიდი მუსიკალური ტრადიციების მქონე საგვარეულო, რომელმაც ქართულ მუსიკალურ კულტურას, თეატრს, ქორეოგრაფიას არაერთი სახელგანთქმული ხელოვანი აღუზარდა. საგვარეულოს სათავეში უდგას გრიგოლი.
გრიგოლი – XIX ს-ში კასპის რ-ნის სოფ. ხოვლეში მოღვაწე მღვდელი, მგალობელი და მომღერალი. იგი წერა-კითხვას, საღვთო წერილს, რუსულ ენას ასწავლიდა გლეხის შვილებს საკუთრ სახლში გახსნილ სკოლაში. გრიგოლის 7 შვილიდან ოჯახის მუს. ტრადიციები თავდაპირველად ძმებმა – ა. გ. კავსაძემ და ლონგინოზმა გააგრძელეს, შემდეგ კი მათმა შთამომავლებმა – გიგუშამ, დავითმა (დათაშკამ), ანდრომ, მიხეილმა, ნიკოლოზმა, ლადომ, ანზორმა, იმერმა და კახიმ ისახელეს თავი.
ლონგინოზ გრიგოლის ძე – სიონის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახური, მამასთან და ძმებთან ერთად ქართლ-კახური სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო. სწორედ ამ საოჯახო ანსამბლის მიერ ნამღერი ნიმუშები აქვს ნოტირებული „ქართული ხოროს" ხელმძღვანელს – იოზეფ რატილს. გიგუშა სანდროს ძე, მეუღლესთან – ალექსანდრა ლეჟავასთან ერთად მღეროდა საოჯახო ანსამბლსა და ჭიათურის გუნდში.
ანდრო ლონგინოზის ძე - კარგად ცეკვავდა და სახელმწ. ანსამბლების მოცეკვავეთა ჯგუფის წევრი იყო.
ნიკოლოზ (კოლა) ლონგინოზის ძე ძმის, მ. კავსაძის გუნდში ხშირად დამწყების პარტიებს ასრულებდა და ქართლსა და კახეთში გუნდებს დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა. იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო ბორჯომის კულტურის სახლის დირექტორი და მომღერალთა გუნდის ლოტბარი. 1948 ხელმძღვანელობდა ქარელის გუნდს, შემდეგ კი - თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. კულტურის სახლის ხანდაზმულთა ანსამბლს. დიდი ამაგი დასდო სახალხო თეატრებსაც.
ლიტ.: ა ს ი ე შ ვ ი ლ ი ბ., კავსაძეები, თბ., 2007; გ ე გ ე ჭ კ ო რ ი ვლ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, თბ., 1966; დისკოგრ.: კავსაძეები. 1909– 1937 წწ. ჩანაწერები, თბ., 2007.
ბ. ასიეშვილი